“ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებისთვის უკვე ემზადება. ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობს. ჩვენ დაწყებული გვაქვს შეხვედრები როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქის პარტიულ ორგანიზაციებთან. როგორც ყველა პოლიტიკური პარტია, ისე მმართველი პარტია ემზადება 2020 წლის არჩევნებისთვის. სიის ფორმირებას რაც შეეხება, დაწყებულია მუშაობა, განხილვები, ჯერ გადაწყვეტილებები არ არის მიღებული. როცა იქნება სიახლეები, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი მნიშვნელოვანია და ამ საკითხზე გუნდში არის თანხვედრა.
„კანონპროექტი მნიშვნელოვანია, ამაზე გუნდში არის თანხვედრა, თუმცა, დეპუტატები, რომლების განცხადებებსაც ვისმენთ და რაც სიახლე არავისთვის არ არის, ყოველთვის იყვნენ წინააღმდეგნი. მათ აქვთ თავიანთი დასაბუთება და არგუმენტები, რატომ არ უნდა შეიცვალოს არსებული სისტემა, თუმცა არსებული სისტემა შეიცვლება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პლენარულ სესიაზე განხილვა დღეს დაიწყო.