მღვდელმთავრობიდან გადაყენებული პეტრე ცაავა აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს უწმინდესი პორნოგრაფიული შინაარსის ფილმების ჩართვას სთხოვდა, რისი მტკიცებულებებიც, ცაავას განცხადებით, პროკურატურაში დევს. ყოფილი მიტროპოლიტი ამბობს, რომ მამა გიორგი არ იყო ერთადერთი, ვისაც უწმინდესი მსგავსი თხოვნით მიმართავდა. ცაავა აცხადებს, რომ პატრიარქს სექსუალური კავშირი ეკლესიის წიაღში მყოფი ადამიანების მიმართ ჰქონდა, მათი ნების საწინააღმდეგოდ, ახორციელებდა და სიჩუმის სანაცვლოდ ის ამაში ფულსაც იხდიდა.
პეტრე ცაავას განცხადებას ცილისწამებას უწოდებს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე, რომლის განცხადებით, საქმე გვაქვს გამძაფრებულ სულიერ მძიმე მდგომარეობასთან, რაზეც შეფასება ფსიქიატრმა უნდა გააკეთოს.
„ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში შეფასება უნდა გააკეთოს ფსიქიატრმა და არა მღვდელმა. არანაირი შეფასების გაკეთება არ შემიძლია. სერიოზულად ფიქრობენ რიგი სასულიერო პირები, რომ საქმე გვაქვს გამძაფრებულ სულიერ მძიმე მდგომარეობაზე“, – ამბობს მამა ანდირა ჯაღმაიძე.
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე აცხადებს, ის ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს გაჟღერებულ ბრალდებებს. რაც შეეხება დეკანოზის საქმეზე სასამართლო პროცესების დახურვის საკითხს, მამალაძე აღნიშნავს, რომ არსებობდა რამდენიმე მიზეზი, ერთ–ერთი კი მისი ინფორმაციით, პროცესში მაღალი იერარქიის სასულიერო პირმა მიიღო მონაწილეობა.
„მეუფე პეტრეს განცხადებებს ვერ დავადასტურებ, მაგრამ მე როგორც მას ვიცნობ, არასდროს იტყუება. პროკურატურას არ ჰქონდა მტკიცებულებები და სასამართლო სხდომები ამიტომ დაიხურა. ასევე, ჩემი ძმა მესამე პირზეც საუბრობს და სავარაუდოდ, ეს მესამე პირი სასულიერო პირია, რომელიც სასამართლო სხდომების დახურვასთან კავშირშია. დღეის გადმოსახედიდან ეს, სავარაუდოდ, სოდომურ ცოდვასთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს სავარაუდო მტკიცებულებებსა და პორნოგრაფიული ფილმის ლინკებზე, რაზეც პეტრე ცაავამ ისაუბრა.
„ე.წ. მტკიცებულებები და მასალა ძალიან ბევრია. ლინკები მრავალია, თუმცა დეტალურად არ მახსოვს ამდაგვარი მტკიცებულება. შესაძლებელია, დახურული იყო სასამართლო პროცესი პროკურატურის მოთხოვნით, დახურვის ერთ–ერთი საფუძველი იყო მესამე პირების ინტერესებიდან გამომდინარე. მე დეტალურად არაფერზე არ ვსაუბრობ. არის გარკვეული მტკიცებულებები, რომელიც პროკურატურამ უკეთესად იცის“, – აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.
პეტრე ცაავას ბრალდებას „ნაციონალურ მოძრაობის“ ინტერესებს უკავშირებს უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი, რომლის განცხადებით, პეტრე ცაავა „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილია, რაც თავად არასდროს დაუმალავს. მისი თქმით, პროცესების ობიექტური შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთმა აქტივობამ, მათ შორის ეკლესიის მიმართულებით შეტევამ, საზოგადოებაში რყევა არ გამოიწვიოს.
„საკმაოდ უღირსად მოიქცნენ ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ, რაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის კუთვნილებაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს. ცაავა არის „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი. ეს თავად არასდროს არ დაუმალავს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი თვლის, რომ პეტრე ცაავას პოლიტიკური ხედვები რუსეთთან დაკავშირებით, ძალიან ემთხვევა ბიძინა ივანიშვილის ხედვებს.
„ღიმილის მომგვრელია და ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება რთულია. ის, რაც მე გუშინ მოვისმინე მეუფე პეტრესგან, მისი პოლიტიკური ხედვები რუსეთთან დაკავშირებით, ძალიან ემთხვევა ბიძინა ივანიშვილის ხედვებს. მაგალითად, ორივეს მიაჩნია, რომ უშუალოდ პუტინი არ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა 2008 წელს. ბიძინა ივანიშვილის როლთან დაკავშირებით საკმაოდ პოზიტიური შეფასებები ჰქონდა. ასევე იყო გახარიასთან მიმართებაშიც. ასე რომ, თუ რაიმე სიმპათიები და პოლიტიკური ხედვები გამოიკვეთა, ეს იყო სწორედ ბიძინა ივანიშვილს და მეუფე პეტრეს შორის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს რუსეთის ინტერესების გატარებასა და მუქარაში ადანაშაულებს. როგორც ქარჩავა აცხადებს, მას დაუკავშირდა პეტრე ცაავა და გააფრთხილა, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებისთვის რუსეთი საქართველოს ეკლესიას „დასჯიდა“, რასაც დიდი პროცესები მოჰყვებოდა.
„ყოფილმა მეუფე პეტრემ, გუშინ ნიკა გვარამიასთან გადაცემაში განაცხადა, რომ იგი მიესალმებოდა ნინო ბურჯანაძის გაპრეზიდენტებას მარგველაშვილის ნაცვლად, რომ ომი საქართველოსთან დაიწყო მედვედევმა და არა პუტინმა. ვინაიდან პეტრე შეეხო რუსეთის თემას, თავს უფლებას ვაძლევ ვთქვა, 2016 წელს ტელევიზია „ერთსულოვნებაში“ ჩვენს შორის შემდგარი საუბრის შინაარსი:
ის ცდილობდა ჩემი აზრის გაგებას და გადაბირებას, მითხრა რომ რუსეთმა გარკვეული როლი ითამაშა ჩვენი ეკლესიისა და პატრიარქის ავტორიტეტის მხარდაჭერაში და, რომ მალე რუსეთი გაანადგურებს პატრიარქის ავტორიტეტს და ჩვენი ეკლესიის მხარდაჭერას უკან წაიღებსო, თან შემომთავაზა კონკრეტული გეგმა, რაზეც ვუპასუხე, რომ მე მხარს დავუჭერდი კათოლიკოს–პატრიარქს, რის შემდეგ მას ჩემთან ამ თემაზე საუბარი არ გაუგრძელებია. საინტერესოა, ვის და რა გეგმას ანხორციელებს პეტრე? მაგრამ დადასტურებულია, რომ ის არის მთავარი შემსრულებელი და ცილისმწამებელი!“, – აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ და აქვე დასძინა, რომ პეტრე ცაავა ნინო ბურჯანაძეს რუსეთთან ურთიერთობების დასალაგებლად პოლიტიკურ თანამშრომლობას სთავაზობდა.
„უკვე ცალსახად დაადასტურა, რომ არის ნამდვილად ამ პოლიტიკის გამტარებელი და ამ ბინძური ცილისწამების შემსრულებელი. ეს სხვათა შორის, რამდენჯერმე დაადასტურა მეუფე იაკობმა, რომელმაც თქვა, რომ მეუფე პეტრეს აქვს კავშირები რუსეთის ეკლესიის მაღალ იერარქებთან. მე მითხრა და მანაც დაადასტურა, რომ ჩართული იყო და ნინო ბურჯანაძეს შესთავაზა, რომ პრეზიდენტი უნდა გამხდარიყო და არა მარგველაშვილი და პუტინსა და საქართველოს შორის ურთიერთობა დაელაგებინა“, – აცხადებს ედიშერ ქარჩავა.
პეტრე ცაავას სკანდალური ბრალდებების პარალელურად, მეუფე იაკობის განცხადებაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი ბიუროს სხდომაზე წარადგინა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ მეუფე იაკობის ხსენებულ საჯარო განცხადებაში მოყვანილი ფაქტები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რაც წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას, ხოლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი–პროკურორი ვალდებულია, გამოძიება დაიწყოს.
„პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა გამოიძიოს და დაადგინოს შემდეგი საკითხები: შეისწავლოს, საქართველოს არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო მონაწილეობა პატრიარქის გადაყენების განზრახვაში; ასევე, გიორგი გახარიას, ვახტანგ გომელაურისა და სხვა თანამდებობის პირების შესაძლო მონაწილეობა ხსენებული პროცესის მომზადებაში“, – აღნიშნულია დადგენილების პროექტში.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველ ძალას არ აქვს პოლიტიკური ნება გამოიძიოს საქმე, რომელიც მეუფე იაკობის მიერ გაჟღერებულ სკანდალურ ბრალდებებს უკავშირდება. სწორედ ამიტომ, ისინი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.
„თუ მათ სურთ, გამოიძიებენ ობიექტურად. თუ არ შეიქმნება კომისია, პირდაპირ, ეს იქნება იმის დასტური, რომ არნახული გადატრიალება მზადდებოდა პატრიარქის შეცვლის სახით, რომელსაც ახდენდა „ქართული ოცნება“, მისი ორი პრემიერ მინისტრისა და ძალოვანის მონაწილეობით, რომელსაც, რა თქმა უნდა, ხელმძღვანელობდა ივანიშვილი, იმიტომ, რომ არც ერთი სახელმწიფო მოხელე არ მოქმედებს ავტონომიურად, ივანიშვილის დავალების გარეშე. არ იქნება გამოძიებული ეს საკითხი, მაშინ გამოიძიებს სხვა ხელისუფლება“, – აცხადებს რომან გოცირიძე.
ინიციატივას საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მხარს უჭერს „ევროპული საქართველო“ და მიაჩნიათ, რომ აუცილებელია სპეციალურმა ჯგუფმა დაადგინოს სურდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს ილია მეორის მისთვის სასურველი პატრიარქით ჩანაცვლება. გიგა ბოკერიას განცხადებით, გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილება, რომ მეუფე იაკობის განცხადებაზე გამოძიებას არ იწყებს, ეჭვებს ბადებს.
„გასაგებია, რომ მხოლოდ ერთი ადამიანის სიტყვებს არ უნდა დაეყრდნონ. ასე იქცევიან ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნება“, „ასავალ–დასავალი“ და მისი პროპაგანდისტული ორგანოები, როცა ტალახს ისვრიან, მაგრამ ამ შემთხვევაში, საუბარია მაღალი რანგის სასულიერო პირზე, რომელიც ხელისუფლებასთან ახლო ურთიერთობაში იყო. პროკურატურამ მის დაკითხვაზე უარი თქვა. ეს არის ეჭვების გამაღრმავებელი ამბავი. ასეთი ბრალდებები ტყუილია თუ მართალი, თავს ამაზე არ ვდებთ, თუმცა საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რაც ეხება გამოძალვას, ზეწოლას. როცა პროკურატურა აბსურდულ განცხადებას აკეთებს, მეუფე იაკობმა მოინანიაო და ამიტომ არ ვკითხავთო, ეს ეჭვებს აღრმავებს და პარლამენტის ვალდებულებაა, ეს საკითხი განიხილოს. ეს ყველაფერი რწმენას შობს, რომ როგორც მინიმუმ, ბრალდებების ნაწილი სამართლიანია და შემაშფოთებელი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ მეუფე იაკობის განცხადებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანი სკანდალურობა და დესტაბილიზაციაა. ჟურნალისტებთან საუბარში ვოლსკი აღნიშნავს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს.
„ნაციონალური მოძრაობა“ ნებისმიერ ინიციატივას თავის პოლიტიკურ მიზანს უკავშირებს. რასაკვირველია, საეკლესიო პირების დაბარება და პატრიარქის მოწვევა არის მთავარი მიზანი, რისთვისაც კომისია სჭირდებათ. სკანდალურობა და დესტაბილიზაცია, ეს არის მთავარი ლოზუნგი, რასაც ე.წ. ოპონენტთა ჯგუფი ემსახურება. ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, დღეში ათი სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას, იმდენად ინტენსიურია განცხადებები, რომლებიც სკანდალზეა ორიენტირებული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.