ლევან გაბისონია: „სკოლიდან გაშვებული ასაკოვანი პედაგოგების დაბრუნება გარდაუვალია“

ლევან გაბისონია: „სკოლიდან გაშვებული ასაკოვანი პედაგოგების დაბრუნება გარდაუვალია“

ე.წ. პენსიონერი პედაგოგების სისტემიდან გაშვება იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც განათლების სფეროს ექსპერტს, მკვლევარ ლევან გაბისონიას პრემიერ გიორგი გახარიას მიმართ წერილის დაწერა გადააწყვეტინა.

საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლები სკოლებიდან „დიდი პატივით“ გაისტუმრეს და 11 ათასამდე მასწავლებელს ნებაყოფლობით გასვლის სანაცვლოდ ერთჯერადად ჯილდოს სახით 2 წლის ოდენობის ხელფასი შესთავაზეს. თუმცა ამ რეფორმამ შედეგად გამოიღო ის, რომ შესაძლოა, ისევ ძველ პედაგოგთა სკოლებში დაბრუნება გახდეს საჭირო.

განათლების სფეროში შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით For.ge ლევან გაბისონიას ესაუბრა.

განათლების სამინისტროს არგუმენტით, ახალბედა მასწავლებლები პრაქტიკულად დაუსაქმებლები იყვნენ. ამდენად, საჭირო იყო ძველი, პრაქტიკოსი მასწავლებლების ჩანაცვლება ახალგაზრდებით. რა ხარვეზს ხედავთ ამ რეფორმაში და რამ გადაგაწყვეტინათ პრემიერისთვის წერილის მიწერა?

- პრემიერ გიორგი გახარიას წერილი მივწერე, რომელშიც ვსაუბრობდი მასწავლებელთა აღზრდისა და მომზადების სამთავრობო პროგრამის შექმნის აუცილებლობაზე. ეს იყო ჩემი ინიციატივა. გამოხმაურება ჯერ არ ყოფილა, რადგან პრემიერი არ იმყოფებოდა საქართველოში, მაგრამ ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა დაიძრას.

ფაქტია, წლების განმავლობაში სკოლებში ვაკანსიები ვერ იქმნებოდა, სწორედ ეს გახდა პენსიონერი პედაგოგების ახალგაზრდებით ჩანაცვლების მიზანი. ასეთ მიდგომას დაუშვებლად მიიჩნევთ?

- პრობლემა უფრო ღრმაა, ვიდრე ის, რომ პენსიონერი პედაგოგები აბრკოლებდნენ სკოლებში ახალი ვაკანსიების შექმნას და თავისუფალი ადგილების გაჩენას. რა მნიშვნელობა აქვს, პედაგოგი ახალგაზრდა იქნება, თუ ასაკოვანი, თუ მან კარგად არ იცის კომპიუტერი, არ იცის ინგლისური... საგანმანათლებლო მასალები უცხო ენებზეა და პრობლემაც ზუსტად ეს არის, რომ პედაგოგი, რომელიც შესაძლოა, კონკრეტულ საგანში ძლიერი იყოს, მოძველებული სწავლების მიდგომით ასწავლიდეს და თანამედროვე მოსწავლესთან შედეგს ვერ აღწევდეს. ახლანდელი რეფორმა გულისხმობს, რომ გარკვეულმა პედაგოგებმა წინასწარ მიიღონ ორი წლის ანაზღაურება, წავიდნენ სახლში და მათ შემდგომ მოვიდნენ ახალბედა პედაგოგები, მაგრამ ისმის შეკითხვა, ვისი მომზადებულია ეს ახალგაზრდა პედაგოგები?! შესაძლოა, ახალგაზრდა პედაგოგებს აქვთ კვალიფიკაცია სხვადასხვა საგნის მიმართულებით განსხვავებულ უნივერსიტეტებში, მაგრამ ისინი არასისტემური და ქაოტური საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ნაყოფნი არიან. მასწავლებლის კვალიფიკაცია, საკლასო ოთახში გაკვეთილის ჩატარება სულაც არ ნიშნავს, რომ ის კარგი პედაგოგია. მასწავლებელი შეიძლება ბრდღვნიდეს მათემატიკის ამოცანებს, მაგრამ არ იცოდეს ბავშვთან მიდგომა, არ იცოდეს თანამედროვე ინოვაციური მიდგომები, ტექნოლოგიები. ამ დროს მსოფლიოში არსებობს ინოვაციები, რომლითაც მოსწავლეს უფრო მარტივად აგებინებ საგანს. ვიმეორებ, აქ არ არის საუბარი საგნობრივ კვალიფიკაციაზე, საგნობრივად შეიძლება მათემატიკა ან ქიმია კარგად იცოდე, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, ახალგაზრდა პედაგოგიც კი ვერ ფლობდეს თანამედროვე სწავლების მეთოდებს. მაინტერესებს, ჩვენმა ქიმიის ან ფიზიკის პედაგოგებმა იციან თუ არა უახლესი ტიპის ლაბორატორიების გამოყენება, რომლებიც დღეს სკოლებში არსებობს და, რომლებიც დონორთა დაფინანსებით შეიძინეს სკოლებმა?! ამ შეკითხვაზე პასუხი არის „არა“, რადგან ჩვენმა პედაგოგებმა უახლესი ტიპის ლაბორატორიების გამოყენება არ იციან.

ძველ პედაგოგებს ხომ უფრო უჭირდათ უახლესი ლაბორატორიების გამოყენება?

- ამ ლაბორატორიების გამოყენება არც ძველებმა იცოდნენ. ამიტომაც შევთავაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს იდეა, რომ, პირველი, შეიქმნას მასწავლებელთა გადამზადების ეფექტური პროგრამა და, მეორე, აუცილებელია ახალგაზრდა პედაგოგთა აღზრდის პროგრამის შექმნა. ნაცვლად ამისა, პედაგოგებს უაზრო გამოცდებს უტარებენ.

ეს პროცესი დროში კიდევ მეტად ხომ არ გაიწელება?

- გარკვეულ უნივერსიტეტებში უკვე არსებობს მასწავლებელთა გადამზადების ერთწლიანი პროგრამა. შენ თუ გაივლი 60-კრედიტიან პროგრამას, გენიჭება მასწავლებლის სტატუსი და შეგიძლია სკოლაში ასწავლო, მაგრამ ეს პროგრამა არაეფექტურია, ვინაიდან ერთიანი სახელმწიფო სამთავრობო გეგმა არ არსებობს, რომლითაც მომავალი ოთხი წლის თავზე მივიღებთ თანამედროვე ცოდნითა და სწავლების ტექნიკით სრულად აღჭურვილ პედაგოგს. ეს, ასევე, კომფორტი იქნებოდა განათლებლისა და მეცნიერების სამინისტროსთვისაც და მიმდინარე რეფორმისთვისაც, რადგან ასეთი პედაგოგი სიახლეებს მარტივად აყვებოდა და ფულადი სახსრებიც, რაც იხარჯება პედაგოგებზე, ეფექტური იქნებოდა. ეს არ იქნებოდა ტრენინგი ტრენინგისთვის. სიმართლე გითხრათ, ბევრი პედაგოგი, რომელთა კვალიფიკაციაც მაღალი იყო, დაიღალა სისტემური ქაოსით, დაიღალა რეფორმებით და წავიდა სახლში, რადგან რამდენი მინისტრიც მოვიდა, იმდენი ახალი ხედვა მოიტანა.

რა უპირატესობა ჰქონდათ სისტემიდან გაშვებულ ასაკოვან პედაგოგებს, გარდა იმისა, რომ ხანგრძლივად სწავლებას მოაქვს გარკვეული გამოცდილება?

- ასაკი პირობითია. იქ არის ხალხი, რომელიც 60 წელსაა გადაცილებული, მაგრამ იმხელა ენერგია აქვს, ენაც კარგად იცის, მაგრამ არასისტემური მიდგომის გამო სკოლიდან გარბის. ამ რეფორმით მეორე უკუეფექტიც მივიღეთ, თუ ასე გაგრძელდება, სკოლაში მასწავლებელი აღარ გვეყოლება. ერთი მხრივ, ახალი კადრი, რომელმაც უნდა შეავსოს ძველი კადრი, ფიზიკურად ქვეყანაში არ არის, ან საიდან იქნება, როცა ქვეყანაში არ არსებობს მასწავლებელთა მომზადების სამთავრობო პროგრამა.

სხვათა შორის, ძველი მასწავლებლების გაშვებამ უკვე პრობლემები შექმნა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ხომ არ ფიქრობთ, რომ პენსიაზე გაშვებულ პედაგოგთა დაბრუნება მოუწევთ სკოლებს?

- ეს გარდაუვალია, ცალსახად მოგვიწევს ძველი პედაგოგების დაბრუნება. მასწავლებელთა რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, ეს ბუნებრივად იყო განსაჭვრეტი. ამის წინასწარი პროგნოზი ნებისმიერ ადამიანს შეეძლო, მაგრამ პრობლემაა, რომ ძალიან დაბალი კვალიფიკაცია გვაქვს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, გამეფებულია ნეპოტიზმი, პრაქტიკულად, დარგის სპეციალისტები ვართ გარეთ. განსაკუთრებით, ბოლო მინისტრის დროს არანაირი კომუნიკაცია არ ხდებოდა.

მეორე მხრივაც შევხედოთ პრობლემას. იმ მოტივით, რომ ახალგაზრდა პედაგოგები არ გაქცეულიყვნენ ქვეყნიდან, იქნებ, ღირდა სარისკო ნაბიჯის გადადგმა და ასაკოვან პედაგოგთა ჩანაცვლება ახალგაზრდებით?

- დამერწმუნეთ, ახალგაზრდა, რომელიც მოწოდებით პედაგოგია, სამსახურის გარეშე არ რჩება. სახელმწიფო სკოლების გარდა ჩვენ გვაქვს, ასევე, კერძო სკოლებიც, რომლებიც, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ნადირობენ კვალიფიციურ პედაგოგებზე. ჩემს გარშემო უამრავ სტუდენტს ვიცნობ, უამრავი მათგანისთვის გამიწევია კონსულტაცია და მსგავსი რამ არ მსმენია, რომ ნიჭიერ ახალგაზრდას სკოლაში ადგილი ვერ ეპოვა. ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ გავაკრიტიკო ეს რეფორმა, არამედ ყველა რეფორმა, რომელიც დაიწყო, ყოველთვის ერთი ერთეულით სცდებოდა მიზანს, რადგან ამ რეფორმებში მცირე დეტალი იყო გამორჩენილი. ეს დეტალი ზუსტად ის იყო, რომ, სანამ ამ რეფორმას დავიწყებდით, უნდა შეგვექმნა მასწავლებელთა გადამზადების პროგრამა. მაგალითად, მე ვარ გეოგრაფიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი და აბიტურიენტობიდან მოყოლებული, განვიხილავ ჩემს თავს პედაგოგად. ასეთ შემთხვევაში, ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში მაქვს ვალდებულება, დავაგროვო 240 კრედიტი, საიდანაც 180 კრედიტი არის ძირითადი საგნის, ანუ გეოგრაფის კვალიფიკაცია რომ მომენიჭოს, ხოლო 60 კრედიტი არის თავისუფალი. ეს 60 კრედიტი მთლიანად უნდა მოიცავდეს ისეთ მოსამზადებელ საგნებს, რომელიც საგნობრივ ცოდნასთან ერთად მომცემს მეთოდოლოგიურ კომპეტენციას, თუ როგორ ვიმუშავო მოსწავლესთან. ჩვენ ვიცით, რომ ხელფასები მოუმატეს პედაგოგებს და ეს უდავოდ უნდა დავუფასოთ მთავრობას, მაგრამ პრობლემაა, რომ რეგიონებში უამრავ სკოლაში არის ვაკანსიები, თავისუფალი ადგილები და ეს ადგილები არ ივსება. სახელმწიფოს ხომ შეუძლია უთხრას ბაკალავრიატს, შენ თუ წახვალ რეგიონში, აირჩევ სკოლას, თვეში გექნება პირობითად 1000 ლარი ხელფასი. ამ თანხის გადახდა მარტივად შეუძლია სახელმწიფოს, მე ეს ეკონომიკურადაც მაქვს დაანგარიშებული. ეს თემა აქტუალურია, რადგან რეგიონებიდან ახალგაზრდების მიგრაციის პრობლემაა, ძალიან ბევრ ახალგაზრდას აქვს თავის რეგიონში დაბრუნების სულისკვეთება და დღესვე მზად არის, დაუბრუნდეს თავის რაიონს, სოფელს, ქალაქს და ასწავლოს იქაურ რომელიმე სკოლაში, მაგრამ სისტემური პროცესი არ არის, ეს ქაოტური პროცესია. ახალგაზრდამ თვითონვე უნდა გაარკვიოს, რა უნდა, სად უნდა მივიდეს, საბოლოო ჯამში, იგი იქნევს ხელს, უარს ამბობს პედაგოგობის სურვილზე და სხვა პროფესიას ეუფლება.

თუკი მასწავლებლის კვალიფიკაციის მისანიჭებლად 60-კრედიტიანი პროგრამა უკვე არსებობს, ახლა საჭიროა, ამ პროგრამას მოჰკიდონ ხელი და ყოველი ფაკულტეტის ქვეშ შექმნან ინტეგრირებული ფაკულტეტი, რომლის დასრულების შემდეგაც ახალგაზრდას ეცოდინება, რომ პედაგოგად დაბრუნდება ხონში, სამტრედიაში, მარტვილში, თავის სოფელში. მას ექნება სისტემური გარემო და ეცოდინება, ინტეგრირებულ ფაკულტეტს რომ დაამთავრებს, დაბრუნდება თავის მშობლებთან და ექნება 1000 ლარი ხელფასი. ეს იქნება უდიდესი გარღვევა და არ გვექნება კატასტროფული მიგრაცია რეგიონებიდან. ფსიქოლოგიურადაც რომ განვიხილოთ, ეს არის პატრიოტული სულისკვეთება, რომ მე ვბრუნდები ჩემს რეგიონში და ვასწავლი კონკრეტულ საგანს ჩემი სოფლის, ჩემი ქალაქის ბავშვებს თანამედროვე მიდგომით. ეს ახალგაზრდული ენთუზიასტური სულისკვეთებაა, რაზეც ჩვენი ახალგაზრდობის უმეტესობა დათანხმდება. ხარისხი პედაგოგებისა, რომლებსაც ჩვენ გამოვუშვებთ, უნდა იყოს მკვეთრად მაღალი, რომ წლების შემდეგ არ მივიღოთ დაბალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგები. საქართველოში ყბადაღებული თემაა ფინური მოდელი. სინამდვილეში, არც კი იციან, რა არის ფინური მოდელი. ფინური მოდელის მთავარი პრინციპია ის, რომ როგორი რეფორმებიც არ უნდა ჩავატაროთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ხარისხიანი განათლების მიმტანი მოსწავლესთან მაინც არის პედაგოგი. არანაირ რეფორმას, სასწავლო გეგმას და პროგრამას არ შეუძლია ხარისხობრივად საგნის სწავლება აამაღლოს, თუკი არ გეყოლება მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგი. ფინელებმა თავი დაანებეს ყოველგვარ უაზრო პროგრამებს და საუნივესიტეტო ბაზებზე მასწავლებელთა მომზადების პროგრამები შექმნეს, სადაც პირველ-ორ-სამ წლებში დიდი კონკურენცია იყო, ერთ ადგილზე 10 მსურველი მოდიოდა. მასწავლებლები, რომლებიც ფინელებმა გამოუშვეს, იყვნენ უმაღლესი კვალიფიკაციის და თანამედროვე სწავლების ტექნიკით აღჭურვილნი. ეს პედაგოგები წავიდნენ სკოლებში და დაიწყო რევოლუციური ნაბიჯების გადადგმა მათი განათლების სისტემის მიმართულებით. ამიტომაც არიან ფინელები სწავლების კუთხით უმაღლეს დონეზე. ჩვენ კი ვყიდულობთ ლაბორატორიებს, უაზრო თანხებს ვხარჯავთ ერთ სკოლაში რემონტის ხუთჯერ გაკეთებით. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ფული არ გვაქვს და ისმის კითხვა, საიდან დავიწყოთ რეფორმა, სწორედ იქიდან უნდა დავიწყოთ, რომ სრულყოფილად მოვამზადოთ პედაგოგი.

 

DDDzia საინტერესო სტატიაა.
ისე, ამ გაბისონიას კი აქვს ნეტარი სახე. რა უნდა ამას განათლებაში? საბავშვო ბაღში უნდა მუშაობდეს და ბავშვებს შუადღის ძილის წინ ზღაპრებს უკითხავდეს.
სრული აბდაუბდაა მისი მონაყოლი და მისი ე.წ. პლატფორმა.
ფინური სკოლაო - ფინური სკოლები საბჭოთა სისტემით მუშაობდნენ და თუ ახლა შეცვალეს, ვთხოვ გაბისონიას ერთი ცნობილი არ მინდა, ერთი ფინელი მეცნიერი, გამომგონებელი, ნობელის პრემიის ან რომელიმე სხვა პრემიის ლაურიატობის კანდიდატი დამისახელოს. სკოლა, რომელიც მეცნიერებს ვერ ზრდის, არ ვარგა.
მათემატიკას რად უნდა კომპიუტერის კარგად ცოდნა?
მათემატიკას უნდა ჯდომა და ყველა ამოცანისა თუ მაგალითის თანმიმდევრობით, გამოუტოვებლად ამოხსნა.
რა განსაკუთრებული თვისებები სჭირდება მასწავლებელს?
საკუთარი საგნის ზედმიწევნით ცოდნა და მეტი არაფერი. თუ მასწავლებელმა საკუთარი საგანი იცის, ის კარგადაც გადასცემს და არც მოსწავლეები არ დასცინიან მას.
განავითარეს რაღაც სისულელე, აბდა-უბდა.
ჩაიხედეთ თქვენს მიერ დამტკიცებულ სახელმძღვანელოებსა და სასწავლო პროგრამებში.
შეიძლება ასეთი პროგრამებით საგნს მცოდნე ახალგაზრდის გაზრდა?
5 წლის უკან
Serapina რა საჭიროა ახალი ველოსიპედის გამოგონება?!
ინგლისურის და კომპიუტერის ცოდნა, არ არის არც ინდივიდის და არც, სახელმწიფოს განვითარების წინაპირობა...მითუფრო გარანტია.
პედაგოგი უნდა ფლობდეს მეთოდიკას და დიდაქტიკას! დალაგებულ ქვეყნებში, ეს ისწავლება პედაგოგიგიკის ფაკულტეტზე.( საბჭოთა კავშირშიც ასე იყო. არც მეხსიერებას ვუჯერებთ და არც, დღევანდელი ევროპის მაგალითს?)
პედაგოგთა კიდევ ახალი, გადასამზადებელი და სარეკვალიფიკაციო "გამოგონებები", ფულის შოვნისა და გათეთრების მახეა თორემ...
რაც საქართველოს ხელისუფლებას, ამ საკითხზე ბოლო 20 წელი ფული შემოეხარჯა( პარდონ, შემოეჭამა…) ერთი ოქსფორდი, ჩვენც კი უნდა გვქონოდა ამასობაში...

p.s. ჩვენში, ახლა ბატონ-ყმობაა და გლეხის შვილებმა წერა-კითხვაც არ უნდა იცოდნენ!
რად უნდა ახლა ამას, ამდენი ფილოსოფია?!
5 წლის უკან
trampi პედაგოგებზე რაღაცეებს მართალს აბობს, მაგრამ 20-22 წლის ექსპერტი რომ დაგვარიგებს აი მაშინ წახდა საქმე....
კი მაგრამ ეს ყოველწლიური რეფორმები რა მიზნით ტარდება??...
.შედეგი...... შედეგი??------ცოდნის დონის ამაღლება სადაა, სად??
5 წლის უკან
Serapina ვინც რაც არ უნდა თქვას, გნებავთ 22 წლის იყოს, გნებავთ უფროსი... და რაოდენ მცოდნეც არ უნდა იყოს... ჩვენ არაფერი გვშველის მანამ, სანამ ხელისუფლებას ბატონ-ყმობა დისკომპორტს არ შეუქმნის. ..ან შინაგანმა სისნდისმა უნდა შეაწუხოთ... ან გარედან, "გლეხთა აჯანყება" უნდა მოხდეს. არც ერთი იქნება და არც მეორე. ასე რომ, თითო ოროლა, მძიმე შრომის ფასად, თუ მიაღწევს რამეს.
დანარჩენი, ისევ გვეყოლება ცხრადიპლომიანი განათლების მინისტრები და ისევ, ვიქნებით გამოსავლის ძებნაში.
p.s ჩემს ამ შეხედულებას (რომელიც 20 წლის ასაკში ჩამომიყალიბდა), ამასობაში 20 წელი შეუსრულდა. რაც დავასკვენი, კიდევ კარგი არ დაველოდე, რომ ვინმე რამეს შეცვლიდა... ოღონდ, ეს კარგია თუ ცუდი, დღემდე არ ვიცი.
5 წლის უკან
Serapina დისკომფორტი,უნდა იყოს.
5 წლის უკან
Serapina ბმული />
აგერ, ნათელი დასტური რომ არაფერი გვეშველება!!!აგერ, ევროპაში განათლებამი ღ ებული იურისტი, ასე უსუსურად "ხმალაობს"!
5 წლის უკან