ავსტრალიური ტელარხის Network 10-ის წამყვანმა ანტუანეტ ლატუფმა განაცხადა, რომ დაკვირვებული ტელემაყურებელი მას ფარისებრი ჯირკვლის დაავადების დადგენაში დაეხმარა. ამის შესახებ გამოცემა 10Daily-ში წერს.
ტელეწამყვანის თქმით, მაყურებელმა უენდი მაკკოიმ არხის Facebook-ზე შეტყობინება დატოვა, რომელშიც იკითხა, როდის შეამოწმა ტელეწამყვანმა ბოლოს ფარისებრი ჯირკვალი. მაკკოის თქმით, ტელეწამყვანის ყელზე ამობურცული სიმრგვალე შენიშნა, როგორიც მანამდე მის მეგობარს ჰქონდა.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ლატუფის რამდენიმე ნათესავსაც ჰქონდა, ამიტომ ტელეწამყვანმა ექიმთან მისვლა გადაწყვიტა. როგორც აღმოჩნდა, ანტუანეტ ლატუფს აუტოიმუნური დაავადება და ფარისებრი ჯირკვლის კისტა ჰქონდა. სიმსივნე კეთილთვისებიანი აღმოჩნდა და ტელეწამყვანს მისი მოცილება ურჩიეს.