ილია მეორე: „ყველაზე ძვირფასი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი“

ილია მეორე: „ყველაზე ძვირფასი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი“

უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანს, ყოველი ადამიანი ერთი იბადება დედამიწაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე ძვირფასი საუნჯე არის ადამიანი, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

ილია მეორემ ქადაგებისას ადამიანის მნიშვნელობაზე და ნიჭზე გაამახვილა ყურადღება და მრევლს მიმართა.

"გიფიქრიათ იმის შესახებ, ყველაზე ძვირფასი საუნჯე რა არის ქვეყანაზე? ზოგს მიაჩნია სიმდიდრე, ზოგს მიაჩნია ფული, ძვირფასეულობა, მაგრამ სინამდვილეში ეს სიმდიდრე აცილებს ადამიანს სამარის კარამდე. ყველზე ძვირფასი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი. დაიმახსოვრეთ ეს - ყველაზე ძვირფასი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი. ილია ჭავჭავაძემ გამოთქვა შესანიშნავი სიტყვები: „მამული, ენა სარწმუნოება". მე ცოტა სხვანაირად გამოვთქვი-ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. ადამიანს უნდა გავუფრთხილდეთ, ადამიანი ყველაზე ძვირფასი საუნჯეა დედამიწაზე. ღმერთი გვაძლევს ჩვენ სიბრძნეს, სიმშვიდეს, ღმერთი გვაძლევს ჩვენ ყოველივე სიკეთეს. დავით წინასწარმეტყველი ამბობს: წყალობა შენი უფალო, თანამავალ ვიყავნ მე, ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა.

უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანს, ყოველი ადამიანი ერთი იბადება დედამიწაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე ძვირფასი საუნჯე არის ადამიანი. ჩვენ უნდა ვეძებოთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოსთვის თავდადებულები არიან. ჩვენ გვახასიათებს ერთი რამ, ჩვენ არ ვაფასებთ ადამიანს, ჩვენ არ გვესმის, როგორი დიდი საუნჯე არის თითოეული თქვენთაგანი", - ბრძანა პატრიარქმა.

სამების საკათედრო ტაძარში დღევანდელ წირვას ყაზბეგიდან და და ხევიდან ჩამოსული მრევლი ესწრებოდა. მოხევეები პატრიარქის მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ.