ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ჯგუფს მიეკუთვნება. ისინი საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყულნი რჩებიან და სტიგმისა და დისკრიმინაციის ობიექტები ხდებიან. ასეთ პირთა 88%–ს კონფლიქტი აქვს ოჯახში.
ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს დაფინანსების გაზრდის მიუხედავად, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველო ჩამორჩება სომხეთს თითქმის 5-ჯერ, ყაზახეთს – 8-ჯერ და დაბალი საშუალო შემოსავლების ქვეყნებს საშუალო მაჩვენებელს (3.2-6.3 დოლარი) სულ მცირე სამჯერ.
ჩვენს გვერდით არიან ადამიანები, რომელთაც განსაკუთრებით უმძიმთ სულიერად. არასწორი წარმოდგენის გამო, საზოგადოებას მათი ეშინია და თავიდან იცილებს. ნათესავებისა და მეგობრებისგან მიტოვებულნი, ხანგრძლივი დროის განმავლობაში არიან საავადმყოფოებში.
მეცნიერთა დასკვნებით, ფსიქიკური აშლილობათა 90% განკურნებადია, თუმცა საზოგადოებაში არსებული სტიგმის (დამღა, ლაქა, იარლიყი, სირცხვილი, უპატივცემულობა, შიში. სტიგმა ძველბერძნული სიტყვაა. თავდაპირველად იმ „დაღს“ აღნიშნავდა, რომელსაც პატრონი მონას სხეულზე ადებდა) გამო, დაავადებულთა უმრავლესობა ექიმს დროულად, ან საერთოდ არ მიმართავს.
რუსუდანი ოზურგეთის რაიონის ერთ–ერთი სოფლიდანაა. თბილისში, სანზონაში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. არაერთხელ მოხვედრილა ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში. ერთ-ერთია იმ 100.000 ადამიანიდან, ვისაც დღეს საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
რუსუდანს გავესაუბრე ასათიანის ფსიქო–ნევროლოგიური კლინიკის ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად მწოლიარე შვილის (31 წლის ქეთის) მოსანახულებლად იყო მისული.
როდის და რა მიზეზით მოხვდით ფსიქიატრიულ საავადმყოფოში?
- 1996 წელს, ოჯახური პრობლემების გამო ქმარმა მოტყუებით გლდანის ფსიქიატრიულში მიმიყვანა. ალბათ, ჩემი რჩენა არ უნდოდა. იმ დროს მაზლისცოლი მემტერებოდა და შეიძლება მან ურჩია - მოგვშორდეს, ნუ გვაწუხებსო. ვერ გავიგე, მე ვიყავი ზედმეტი თუ ჩემი სამი შვილი. ოჯახში არაფრად მთვლიდნენ. ქმარი შეურაცხყოფას მაყენებდა და ძალიან ცუდ დღეში მაგდებდა. თავიდანვე არ უნდა მომეთმინა. რასაც მოითმენ, მოიგებო, მაგრამ მე არაფერი მომიგია. წვალების მეტი არაფერი მინახია და კი ვარ ამ დღეში. ამის გამო ოზურგეთის დატოვება მომიწია.
გლდანში რა მდგომარეობაში იყავით?
- იქ დიდხანს არ ვყოფილვარ და ორი კვირის შემდეგ გამომიყვანეს. ტილი იყო გავრცელებული და კვებაც არ ვარგოდა. დღესდღეობით ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში შედარებით კარგი პირობებია. თუმცა მაშინ სერიოზული მკურნალობა არც კი მჭირდებოდა, კარგად ვიყავი. მაგრამ ქმარმა რომ უთხრა, არ სძინავს და ლაპარაკობსო, ექიმმა მაინც მიმიღო. მეც არ გავაპროტესტე, იქნებ რაიმე დახმარება დამენიშნოს-მეთქი და დავრჩი.
მედიკამენტები მაშინ არ მიგიღიათ?
- დიახ, ნემსს მიკეთებდნენ და საძილე წამლებს მასმევდნენ. ძლიერი წამლები კი არ მჭირდებოდა. ძალიან ცუდი პირობები იყო, ორ კვირაში იქიდან წამოვედი.
როგორ გააგრძელეთ ცხოვრება?
- ისევ მომატყუეს და გლდანში დამაწვინეს. მეორეჯერაც ქმარმა მიმიყვანა. დიდხანს არც მაშინ გავჩერებულვარ და ორ-სამ კვირაში წამოვედი. იგივე ექიმი და მკურნალობა მქონდა. მერე ხან ოზურგეთში ვიყავი, ხანაც თბილისში. იყო პერიოდი, როცა ვმუშაობდი, მაგრამ ქმარმა ესეც დამიშალა.
სად მუშაობდით?
- ნაჭრებისგან სარაფანებს ვკერავდი. სხვა ქალებსაც ვამუშავებდი და ანაზღაურებაც მქონდა. დღეში ოც ლარამდე ვშოულობდი. დამხმარეებიც მოვიყვანე, მანქანა-დანადგარები ჩემი იყო. მაგრამ ქმარმა მითხრა თავი დაანაბეო - ალბათ იფიქრა არ მაჯობოსო, ან ბინა არ იყიდოსო, ან რა ვიცი. ყველაფერი დამიშალა და ოზურგეთში დაბრუნება მომთხოვა.
ოზურგეთში რა უნდა გაგეკეთებინათ?
- იქ ნოტარიუსთან დავიწყე მუშაობა, მაგრამ მალე სამსახურიდან გამანთავისუფლა. ერთხელაც ოზურგეთში ყოფნისას მინდორში მობალახე ძროხა რომ დავინახე, ვიფიქრე, წავიყვან სახლში და ვერავინ დამინახავს-მეთქი. ვიცოდი, რომ სხვისი იყო, მაგრამ მაინც ხელი მოვკიდე. ძროხაც დამემორჩილა; ამ დროს უცხო ბიჭები მორბოდნენ და გაჩერდიო, დაიძახეს. გაქცევა არ მიცდია. ხუთი წუთი არ გასულა, მილიცია მოვიდა და წამიყვანეს. ძროხასაც მანქანაში ხომ არ ჩასვამდნენ და ისიც წაიყვანეს. შენ დანაშაული ჩაიდინე და ვინმეს დავალებით ხომ არ გააკეთეო, მკითხეს. არა, მეთქი.
მილიციამ სამი დღე ოზურგეთში მამყოფა და ამის შემდეგ ბათუმში გადამიყვანეს. იქიდან პირდაპირ ბათუმის ციხეში მიმიყვანეს. მეგონა, რომ სასჯელი არ მომიწევდა. ისინიც მაიმედებდნენ, გამომძიებელს ველოდებითო. ამასობაში იქაურ პირობებს შევეგუე. საბოლოოდ, ხონის ფსიქიატრიულში მიმიყვანეს. აგვისტო იყო მაშინ და ზუსტად ერთი წლის შემდეგ აგვისტოშივე გამანთავისუფლეს.
ხონში რა პირობებში იყავით?
- მარტო დედაჩემი და ჩემი გოგო მაკითხავდნენ ხონში. მეტი ჩემთან არავინ მოსულა. იქ საშუალო პირობები გვქონდა. კვება არ იყო; მაკარონიც არ გვქონდა და ქაშსაც ვერ შეჭამდი. რაღაცას კი მოითმენს ადამიანი, მაგრამ მთელი წელიწადი მჭადის ფქვილის ფაფა გვქონდა. არც შაქარი და არც მარილი. იშვიათად თუ ვიღაცასთან მნახველი მოვიდოდა და რაღაცას მოგვაწოდებდნენ.
ადმინისტრაცია ხონში როგორ გეპყრობოდათ?
- არა, ცუდად არ მეპყრობოდნენ. ერთხელ ვიკითხე, მაღაზია თუ ახლოსაა-მეთქი. მერე ეს კიდევ ორჯერ ვიკითხე და ამიტომ ლოგინზე გადამაკრეს. ასე რატომ გააკეთეს, არ ვიცი.
როგორ გადაგაკრეს საწოლზე?
- აი, როგორც იციან ხოლმე, დამაბეს საწოლზე. მეორე საღამოს კი ამიშვეს ლოგინიდან, მაგრამ ეს მაინც არ უნდა გაეკეთებინათ. იმიტომ, რომ მე ვინმე არ გამილახავს, აგრესიული არ ვყოფილვარ და არაფერი.
ხონის შემდეგ სად წახვედით?
- ჩემს სახლში მივედი. ხონის მერე ქმარმა უკვე აქ, ასათიანის კლინიკაში დამაწვინა. ძალიან მინდოდა მუშაობა და ნორმალური ცხოვრება.
სად გინდოდათ მუშაობა?
- გინდაც სამკერვალო საქმეში. მაშინ ცოტა ახალგაზრდა ვიყავი და მდივნად, ან სხვა მსგავს საქმეზეც შემეძლო მუშაობა. ქმარი ამის უფლებასაც არ მაძლევდა. უნდოდა, რომ სულ საავადმყოფოში ვყოფილიყავი. თვითონ არის დასაწვენი და სამკურნალო. მაგრამ თვითონ მერევა და მე ვერ მოვერიე.
რატომ უნდოდა საავადმყოფოში თქვენი დაწვენა?
- არ ვიცი, სახლში არაფერს ვაფუჭებ. საჭმელს ვაკეთებ, ტანსაცმელს ვრეცხავ, ყველა ოჯახურ საქმეს მე ვაგვარებ, მაგრამ პატივისცემა ვერ დავიმსახურე. ამიტომ ხონის მერე ისევ ასათიანზე მოვხვდი. ასათიანიდან რომ გამოვედი, ქმრის მიერ დაქირავებულ ახალ ბინაში მივედი, მაგრამ მეორე დღესვე უკვე სურამის ფსიქიატრიულში გამიშვა. შვილს ფული მისცა, ტაქსი გამოიძახეს და პირდაპირ სურამში წამიყვანეს.
სურამში რამდენ ხანს იყავით?
- ორ, თუ სამ თვეს. იქ გია ჯობაძე იყო ჩემი ექიმი. მახსოვს 28 აგვისტოს მარიამობის დღესასწაულზე გიამ მითხრა, სახლში წახვალო? გამიხარდა, წავალ-მეთქი. საგარეო ტანსაცმელი გადანახული მქონდა და იმ წუთში ჩავიცვი; ექიმმა მკითხა, სახლში თბილისში წახვალ, თუ რას იზამო; თბილისი ვუთხარი, მაგრამ ოზურგეთში წავედი. მაშინ თხილის მოკრეფის პერიოდი იყო, ცოტა თხილი შევაგროვე, დედაჩემი ვნახე და ისევ სურამში დავბრუნდი. ექიმებს ცოტა პატივი ვეცი; მაინც პატივი მცეს და გამანთავისუფლეს, დიდად მადლობელი ვიყავი.
ბოლოს ასათიანიდან როდის გამოხვედით?
- ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ ეს შარშან იყო. ბოლოს იქიდან გამოვიპარე და ჩემს ნათესავთან უბისაში გავიქეცი. ჩემებზე გაბრაზებული ვიყავი, რადგან არ მაკითხავდნენ. იმის მერე გარეთ ვარ უკვე. ახლა სხვის სახლებს და ეზოებს ვალაგებ და ერთ-ორ ლარს მაძლევენ. ახლა სანზონაში ქირით ვცხოვრობთ. შვილებიდან ერთადერთი გოგოს მუსიკალური აქვს დამთავრებული, მაგრამ ამ წუთში ისიც ასათიანზე წევს.
თქვენი შვილი რატომ მოხვდა ასათიანზე?
- ოჯახური პირობებიდან გამომდინარე, თუ რა ვიცი, ნერვები დაკარგული აქვს. ბოლოს ამ კვირა დღეს მოვიყვანეთ, მაგრამ მანამდეც უკვე რამდენიმეჯერ იყო. ზოგჯერ ორი თვე რჩება, ზოგჯერ სამი, გააჩნია მდგომარეობას.
როგორ ეპყრობიან აქ?
- კი ვარ კმაყოფილი, მაგრამ ძალიან ბევრი შეზღუდვებია. აქ ყველანი ძალიან კარგები არიან. ზოგი სულ პატარაა; იცით, აქ რამდენი ნაცნობი და მეგობარი მყავს? დღეს ერთ პატარა გოგოს ვკითხე, საიდან მოხვედი-მეთქი და ბებიამ მომიყვანაო; რამეს აშავებდი სახლში-მეთქი და - არაო. ზოგს ბებია იმეტებს, ზოგს მამა, ზოგს დედა და ა.შ.
როგორი პირობები აქვთ დღეს ასათიანზე?
- ცუდი პირობები არ აქვთ; კვება, მედიკამენტები შედარებით ნორმალურია; ექიმები, მედპერსონალიც კარგია. ზოგს სახლში არ აქვს დღეს ისეთი პირობები, როგორიც მანდ არის.
გავიგე, ზამთარში გათბობა არ აქვთო.
- არა, არის ზამთარში გათბობა. მე რომ ვიყავი, შეშა გვქონდა; ზოგს თუ შეშა არ აქვს, მაშინ ელექტრო–გამათბობელია და სხვ. კვებას რაც შეეხება, ერთ დღეს ქათამია, მეორე დღეს სოუზია. ჩემს დროს თევზიც იყო, ახლა არის თუ რა, არ ვიცი.
შვილის გამოჯანმრთელების იმედი თუ გაქვთ?
- სრულად შეიძლება ვერ გამოჯანმრთელდეს, მაგრამ სხვაგან სად მივიყვანო? მე უფლის მწამს და მისი იმედი მაქვს. ის მაძლევს ბევრ რამეს. დღეს სახლის დასალაგებლად რომ ვიყავი და ურნაში ნაგავი რომ ჩავაგდე, ვიღაცას იქ ახალი ფეხსაცმელი დაუტოვებია. იქვე ერთი ფუთა სათამაშოები ეწყო, ასევე საწერი კალამი და ახალი რვეული იყო. ისიც პარკში სუფთად იყო ჩადებული. ცხოვრებაში ავარიაში არ მოვხვედრილვარ, ოპერაცია არ მქონია და ყველაფრისთვის ღმერთის მადლობელი ვარ. მხოლოდ ეს მიღვივებს გულში სიყვარულს.
რა არის თქვენთვის სიყვარული?
- სიყვარულია ყველაფერი. მე თუ ვინმე ნერვებს არ მომიშლის, მის მიმართ ცუდსაც კი არ გავიფიქრებ. რამეს თუ დამავალებენ, გავაკეთებ. რაღაცას მომცემენ, მადლობელი ვიქნები, არ მომცემენ, გაკეთებული სიკეთე მაინც ხომ დაამახსოვრდებათ? თუ არ დაამახსოვრდებათ, რაღა ვქნა? ასეა ეს ცხოვრება; რამე რომ იყოს, ქმარსაც კი ვაპატიებ. ისედაც ნაპატიები არ მაქვს? ახალი ოჯახი მე არ შემიქმნია და არსად წავსულვარ...
ცნობისთვის, შრომისუნარიანი ასაკის და განათლების მიუხედავად, ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანთა უმრავლესობა (90%) უმუშევარია, შემოსავლის ერთადერთი წყარო შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსით გათვალისწინებული პენსიაა (I ჯგუფს – 70 ლარი, ხოლო მეორე ჯგუფს 65 ლარი).
აშლილობის მქონე პირთა 18 % განქორწინებულია, 40% არასდროს ყოფილა დაოჯახებული; მათი სოციალური ურთიერთობები ღარიბია, 74% წლების განმავლობაში არ ყოფილა სტუმრად, იშვიათი ურთიერთობები აქვს ნათესავებთან. 88%-ზე მეტი ძირითადად სახლშია გამოკეტილი.
ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა მზურველთა 68 % უმუშევარია, რადგან დღის უმეტეს ნაწილს მათ მოვლაში ატარებს, 70%-ს არ დაუსვენია მრავალი წლის განმავლობაში, ხშირია კონფლიქტი ოჯახში, შემოსავალების მესამედი ფსიქიკური აშლილობის მქონე პირზე ზრუნვას სჭირდება.