მეუფე გრიგოლი: “მთის მწვერვალიდან დაგორდა ლოდი“ და საფრთხე დაემუქრა ყველას - როგორც 2018 წელს მისი უწმიდესობა ბრძანებდა

 მეუფე გრიგოლი: “მთის მწვერვალიდან დაგორდა ლოდი“ და საფრთხე დაემუქრა ყველას - როგორც 2018 წელს მისი უწმიდესობა ბრძანებდა

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა გუშინ ღამით ფოთის საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურება აღასრულა. როგორც მეუფემ ქადაგებისას აღნიშნა, საქართველოს უძველესი სამოციქულო საყდარი და ქვეყანაში განვითარებული მოვლენები მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა.

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჩვენს თვალწინ განვითარდა პროცესი, რაც თავისი არსით არის უმძიმესი და ურთულესი. მღელვარებამ მოიცვა მთელი საზოგადოება, მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა საქართველოს უძველესი სამოციქულო საყდარი და აქ განვითარებული მოვლენები, რამაც არავინ დატოვა გულგრილი. ჩვენ აღმოვჩნდით იმ მდგომარეობაში, როგორც 2018 წლის ერთ-ერთ შეხვედრაზე მისი უწმინდესობა ბრძანებდა, – „მთის მწვერვალიდან დაგორდა ლოდი“ და საფრთხე დაემუქრა ყველას და ყველაფერს!

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემი მხრიდან არ იქნებოდა სწორი საერთო სახალხო სასამართლო პროცესში ჩართვა, მით უფრო, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ემოციური დუღილის პროცესი, და ნებისმიერი მხრიდან ყოველგვარი განცხადება, თუნდაც კეთილი განზრახვით ნაკარნახევი აზრი, ისედაც მძიმე მდგომარეობის კიდევ უფრო დამამძიმებელი შეიძლება აღმოჩნდეს“,- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის თქმით, „ჩვენს სახარებისეულ რწმენას წინ დიდი გამოცდა ელოდება“.

„დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება საღი აზრი, რაც შექმნილ ვითარებას გარკვეულწილად დაამშვიდებს და თანდათანობით დააბრუნებს განვითარების პერსპექტივაზე ორიენტირებულ კალაპოტში, იმ მძლავრ საყრდენზე, რაც საუკუნეთა განმავლობაში ქარიშხალთა პირობებში ეკლესიის მდგრადობას განაპირობებდა. არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ წინ გველოდება არანაკლებ რთული გზა. ჩვენს სახარებისეულ რწმენას წინ ელოდება დიდი გამოცდა. დიდი გამოცდა ელის ჩვენს სამოქალაქო ცნობიერებასაც. რასაკვირველია, ეს არის ქრისტიანული ცხოვრების, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე ორიენტირებული ერის არსებობის თანმდევი პროცესი.

საბჭოთა წარსული, რომელიც ტოტალიტარიზმისა და კოლექტივიზმის სახით ჯერ კიდევ ჩვენს ქვეცნობიერშია ჩამალული, კვლავინდებურად გვიტევს და ცდილობს წარსულში ჩვენს დაბრუნებას, როგორც ფარაონი, რომელიც ვერ ელევა ეგვიპტიდან აღთქმული ქვეყნისკენ მიმავალ ისრაელს, და ყველა მის ხელთ არსებული საშუალებით ცდილობს მის უკან დაბრუნებას. თუმცა, ჩვენ ვიცით, თუ რა ბედი ეწია მას (ფარაონს), როცა ორად გაპობილ მეწამულ ზღვაში ჰპოვა თავისი აღსასრული. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მიუხედავად ტკივილებისა, ვიმოძრაოთ წინ და არ შევუშინდეთ ქარიშხალს. დღეს ჩვენი ყველაზე დიდი მტერი არის შიში, სასოწარკვეთა და იმედგაცრუება! შიშმა არ უნდა მოიცვას ჩვენი გონება!

ნუთუ ეჭვი გვეპარება იმაში, რომ სადაც ქრისტეა, იქ გამარჯვებაცაა?!…და სადაც ქრისტიანულ ღირებულებთან ადამიანის ნების თანხვედრაა, იქ არის ქრისტე, ვითარცა მხსნელი. ცოდვის, უკეთურებისა და ბოროტების წინააღმდეგ დაპირისპირების უალტერნატივო საშუალებაა სარწმუნოება, სასოება და სიყვარული! შეშინებული და დამფრთხალი საზოგადოება, შეშინებული ქრისტიანი, ბევრად უფრო საშიში და სახიფათოა, ვიდრე ის, რისიც მას ეშინია“,- აცხადებს მეუფე.

როგორც მეუფე გრიგოლი აცხადებს, ეკლესიის ცხოვრებაში პრობლემები იყო მისი დაფუძნების პირველივე დღეებიდან, არის დღესაც და იქნება მომავალშიც.

 

 

ქართველი ლამაზ სიტყვებს ღმერთზე და მორალზე ძველ იუდეაში ფარისევლები ყველაზე კარგად ამბობდნენ.პატრიარქს ყველა თქვენგანმა(ყველამ არა თითქმის ყველამ)ჩაეცით ლახვარი.და კიდევ პოლიტიკოსობთ,დისტანციას იჭერთ ,მოვლენათა განვითარებას ელოდებით.ამდენი მეუფე,ამდენი წმინდა ადამიანი.ღმერთმა ყველას შეგაძლებიოთ დიდი ტვირთის ზიდვა.მე მოყვარის და გულშემატკივრის პოზიციიდან გეუბნებით.მაგრამ ვინ ხართ,რატომ უნდა გვჯეროდეს თქვენი,რა ვიცით თქვენ შესახებ.როგორ გიცხოვრიათ,როგორ და ვისთან მოინანიეთ.პავლე მოციქული ქრისტესთან მიახლებამდე თავის ცხოვრებას საჯაროდ ინანიებდა და არა მხოლოდ მასთან განდობილ საეკლესიო პირთან.და რატომ მაინც და მაინც ჩვენს ეკლესიაში შეიყარნენ ამდენი პავლედ ვითომ ქცეული სავლეები,ამდენი ყოფილი უკეთურობის მკეთებლები.ამდენი სიკეთის მკეთებელ ღვთის კაცს პატრიარქს ჯეროვნად კი არა საერთოდ გვერდში არ უდგახართ,მეტიც ინტრიგების თანამონაწილენი ხართ.მამონა,ფული და ძალაუფლება აი რასაც ემსახურებით.საბედნიეროდ ღირსეული სამღვდელოებაც მრავლად არის და მათზე დგას ჩვენი ეკლესია,მაგრამ ჩემს თავმდაბალ მოსაზრებასაც მოგახსენებთ-ფული მაქსიმალურად უნდა მოშორდეს ეკლესიას და ეს იქნება მისი და მთელი ერის გადარჩენა.
5 წლის უკან