"კაპიკების გამო მუშაობდა დაცვაში, მარკეტში, ბოლოს მშენებლობაზე" - რას წერენ ბათუმელ 23 წლის ბიჭზე

სამოქალაქო აქტივისტი ლაშა მესხი 7 ნოემბერს ტრაგიკულად დაღუპული მუშის, 23 წლის ანრი მახარობლიძის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„გული მომიკვდა, ამ დავიდარაბაში, როგორ მიიჩქმალა 23 წლის სიცოცხლით სავსე ბიჭის დაღუპვის ამბავი. ფეისბუქზე რა ფოტოებიც უდევს სულ შრომობდა, სულ იღწვოდა... „ყველაფერჩიკს“ ეძახდნენ. კაპიკების გამო მუშაობდა დაცვაში, მარკეტში. და ბოლოს მშენებლობაზე... ყველაზე დაუცველია მუშათა კლასი ამ ქვეყანაში... მათი დაცვა არ გადის ნეტა სადმე „მორალურ“ თუ „ღირსების“ საზღვარზე? არ ვიცი, არ ვიცი... გული მიკვდება... 23 წლის ბიჭი... 10 დღის წინ შერთული მეუღლით, უამრავი გეგმით და რაც მთავარია სიცოცხლის და შრომის სიყვარულით... ეჰ!“

23 წლის ანრი მახარობლიძე 7 ნოემბერს, ბათუმში, მშენებლობაზე დაიღუპა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა საავადმყოფოში შეყვანამდე ის უკვე გარდაცვლილი იყო. დაღუპული კომპანია „გიგეროში“ მუშაობდა.