მიმინოშვილი მინისტრად მის შესაძლო დანიშვნას გამორიცხავს: „არანაირი საფუძველი არ არსებობს,“

მიმინოშვილი მინისტრად მის შესაძლო დანიშვნას გამორიცხავს: „არანაირი საფუძველი არ არსებობს,“

არაოფიციალური ინფორმაციით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის კანდიდატურა განიხილება. ამას თავად მიმინოშვილი „რეზონანსთან" საუბრისას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ „ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს."

„იგივე კითხვას თუ დამისვამთ, რაც ამ დღეების განმავლობაში არაერთმა ჟურნალისტმა დამისვა... არანაირი საფუძველი არ არსებობს. ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით," - უთხრა „რეზონანსს".

კითხვაზე, ყოფილა თუ არა ამ საკითხზე კონსულტაციები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, აღნიშნა, რომ არ ყოფილა.

ცნობისათვის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა ორი დღის წინ საკუთარი ნებით დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველის სოზარ სუბარისა და ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის კანდიდატურებიც განიხილება. თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია, რომელი მათგანი დაიკავებს მინისტრის თანამდებობას.