არ მინდა, გამოყენებული ვიქნე ბინძურ თამაშებში - სასულიერო აკადემიის ყოფილი სტუდენტი

არ მინდა, გამოყენებული ვიქნე ბინძურ თამაშებში - სასულიერო აკადემიის ყოფილი სტუდენტი

"არ მინდა, გამოყენებული ვიქნე ბინძურ თამაშებში“, -  სასულიერო აკადემიის ყოფილი სტუდენტი კახა კალაძე, რომელიც მამა გიორგი სხილაძემ წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტის, მეუფე ზოსიმეს მსხვერპლად დაასახელა, ქართულ მედიას წერილს უგზავნის.

კალაძე აღნიშნავს, რომ ეკელსიაში მაშინ მიმდინარე პროცესებში გარკვევასა და „სამართლიანობის დადგომას“  მიუკერძოებელი გარემო სჭირდება.

“2020NEWS“  სრულად გთავაზობთ კახა კალაძის წერილს. იგი ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს.

“31 წლის წინანდელი მოვლენების საჯარო სივრცეში ხელახალმა გაჟღერებამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ცალსახად ვაცხადებ, რომ დღეს ეს ჩემთან შეთანხმების გარეშე მოხდა. ასევე მიმაჩნია, რომ კონკრეტული ფაქტის შეფასება, მაშინდელი საზოგადოებრივ-პოლიტიური ცხოვრების კონტექსტიდან ამოგლეჯილია, შეუძლებელია, შექმნილი მაღალი ემოციური ფონის გათვალისწინებით, სარწმუნოების, ეკლესიისა და ეროვნული ღირებულებების დისკრედიტაციის გლობალური პროექტის პირობებში ჩემგან ნებისმიერი ფორმის პასუხი და მაშინდელ მოვლენებში მონაწილე პირთა როლის გამომზეურება, სამწუხაროდ, ზოგი მათგანი გარდაცვლილია, მეც ამ პროექტის მონაწილედ მაქცევს.

არ მინდა, გამოყენებულ ვიქნე სხვების ბინძურ თამაშებში. მით უმეტეს, რომ დიდი ხანია ვადევნებ თვალს საქართველოში მიმდინარე არაჯანსაღ პროცესებს და ზედმიწევნით ვიცი, რაც ხდება საერო თუ სასულიერო ცხოვრებაში.

მაშინდელ პროცესებში გარკვევა და საბოლოო სამართლიანი შედეგის დადგომა კი ობიექტურ, მიუკერძოებელ გარემოს საჭიროებს. ვიმედოვნებ, მალე ვეღირსებით ასეთ გარემოს”, - აცხადებს სასულიერო აკადემიის ყოფილი სტუდენტი.

შეგახსენებთ, მამა გიორგი სხილაძემ წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი, მეუფე ზოსიმე შიოშვილი სოდომურ ცოდვაში დაადანაშაულა. მამა გიორგიმ მეუფის მსხვერპლიც დაასახელა, სასულიერო აკადემიის ყოფილი სტუდენი კახა კალაძე. ამ ინციდენტის შემდეგ მეუფე ზოსიმემ აკადემიის რექტორის თანამდებობა დატოვა.  მამა გიორგი სხილაძემ მისი თანამდებობიდან გადადგომის დოკუმენტიც გაასაჯაროა.