მეუფე ზოსიმესთან დაკავშირებული სკანდალის სავარაუდო მსხვერპლი დუმილს არღვევს

მეუფე ზოსიმესთან დაკავშირებული სკანდალის სავარაუდო მსხვერპლი დუმილს არღვევს

სასულიერო პირის სკანდალთან დაკავშირებით, 31 წლის წინანდელ მოვლენებზე ე.წ. მსხვერპლი, კახა კალაძე განმარტებებს აკეთებს და „კურიერს" წერილს უგზავნის.

„31 წლის წინანდელი მოვლენების საჯარო სივრცეში ხელახალმა გაჟღერებამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ცალსახად ვაცხადებ, რომ დღეს ეს ჩემთან შეთანხმების გარეშე მოხდა. ასევე მიმაჩნია, რომ კონკრეტული ფაქტის შეფასება მაშინდელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების კონტექსტიდან ამოგლეჯილად შეუძლებელია.

შექმნილი მაღალი ემოციური ფონის გათვალისწინებით, სარწმუნოების, ეკლესიისა და ეროვნული ღირებულებების დისკრედიტაციის გლობალური პროექტის პირობებში ჩემგან ნებისმიერი ფორმის პასუხი და მაშინდელ მოვლენებში მონაწილე პირთა როლის გამომზეურება, (სამწუხაროდ, ზოგი მათგანი გარდაცვლილია) მეც ამ პროექტის მონაწილედ მაქცევს.

არ მინდა გამოყენებული ვიქნე სხვების ბინძურ თამაშებში, მით უმეტეს, რომ დიდი ხანია ვადევნებ თვალს საქართველოში მიმდინარე არაჯანსაღ პროცესებს და ზედმიწევნით ვიცი, რაც ხდებოდა საერო თუ სასულიერო ცხოვრებაში.

მაშინდელ პროცესებში გარკვევა და საბოლოო სამართლიანი შედეგის დადგომა კი ობიექტურ, მიუკერძოებელ გარემოს საჭიროებს. ვიმედოვნებ, მალე ვეღირსებით ასეთ გარემოს", - ნათქვამია კალაძის წერილში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სემინარიისა და აკადემიის ყოფილი სტუდენტი, მღვდელი გიორგი სხილაძე, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და არ იმყოფება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმეს სტუდენტი მამაკაცის შევიწროებაში სდებს ბრალს.

მღვდელმა გიორგიმ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც მისი თქმით, მეუფე ზოსიმემ მხილების შემდეგ დაწერა და გადადგა.

მეუფე ზოსიმემ, მის მიმართ გაჟღერებული ბრალდების საპასუხოდ, 25 წუთიანი ინტერვიუს დროს რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მამა გიორგი სხილაძეს, კახა კალაძესა და თემურ ნიქაბაძეს სემინარიაში არეულობის შემოტანა სურდათ.

მისი მტკიცებით, წლების წინ რექტორობიდან გადადგომის გადაწყვეტილება სტუდენტების პროტესტის დასამშვიდებლად მიიღო, რომელიც მის სიმკაცრეს მოყვა, როცა სტუდენტებს საპროტესტო მიტინგებზე სიარულის ნაცვლად ლექციებზე დასწრებას აიძულებდა. ეპისკოპოსი ამტკიცებს, რომ სტუდენტების პროტესტი მასთან დაპირისპირებული პირების მიერ იყო მართული.