გია აბაშიძე: “მიაქცია ამას ვინმემ ჯეროვანი ყურადღება?” (ფოტო)

გია აბაშიძე: “მიაქცია ამას ვინმემ ჯეროვანი ყურადღება?” (ფოტო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის შეფასებისას, ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილა ყურადღება:

“გახსოვთ ამ დროშობანაზე წიოკი? მისი პროტოკოლით, მხოლოდ პრეზიდენტებს უშლის. არც პენსს გაუშალა. გახარიას კი. თუმცა, მიაქცია ამას ვინმემ ჯეროვანი ყურადღება? პაატა (პეტრე) ცაავათია გაშლეგილი მედია”, – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით თურქეთში 31 ოქტომბერს გაემგზავრა.

საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს სხდომა უახლოეს პერიოდში ანკარაში გაიმართება, – ასეთი შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირისპირ შეხვედრისას შედგა.

მოლაპარაკებების შედეგად, ასევე გადაწყდა, რომ ნოემბერში, მინისტრების დონეზე, ორი ქვეყნის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება. აღინიშნა, რომ ეს ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას.

საუბრისას განხილული იყო ენერგეტიკისა და ლოგისტიკურ სფეროებში თანამშრომლობა, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის მიმდინარეობა, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსი, ასევე – ტურიზმისა და კულტურის სექტორში არსებული ერთობლივი პროექტები.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, რაშიც მნიშვნელოვანი როლი აკისრია როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკას.

პრეზიდენტმა ერდოღანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი თურქეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოწვევით, თბილისს გაზაფხულზე თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვევა, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ერდოღანმა საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

თურქეთის რესპუბლიკის მეთაურმა გიორგი გახარიას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა.