ეკლესიის განვითარებულ მოვლენებს პოეტი დათო მაღრაძე აფასებს:
"ეკლესიაში რეფორმებია საჭირო. იქ ადამიანებს კონკრეტული პარტიების მხარდაჭერის საშუალება უნდა მოესპოთ. იქ ბევრი ღირსეული ადამიანია. ეს დღესაც გამოჩნდა: მეუფე გიორგი, მეუფე შიო, სხვა მეუფეები, ასევე მამა ალექსანდრე გალდავა, მამა გიორგი ზვიადაძე და ა.შ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იქ არის პატრიარქი, რაც ჩემთვის, როგორც პირჯვრის გადამწერი ერთი კაცისთვის, იმედისმომცემია.
ვერცხლისმოყვარეობას რაც შეეხება, არ შეიძლება, სასულიერო პირთა მიმართ ჩვენი სურვილები იყოს მაქსიმალისტური, რადგან ანგელოზთა დასი ცაშია და არა მიწაზე, ეკლესიის სამსახურში; მაგრამ უკეთესობის სურვილი, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს მრევლსაც და ბერსაც...
სამწუხაროდ, ბარათაშვილის ნათქვამი: "ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება", ჩვენში ასე გაიგეს: "ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის ფულის კეთება..."
რატომ აცვეს უფალი ჯვარს? ამის დოსტოევსკისეულ ვერსიას გავიხსენებ. საყოველთაოდ მიჩნეულია, თითქოს ამის საბაბი გახდა ის, რომ ის იყო იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე, მაგრამ როგორც დოსტოევსკის მიაჩნდა, ამის ნამდვილი მიზეზი იყოს ის, რომ ქრისტემ ეკლესიიდან ვაჭრები გამოყარა. მე ვიზიარებ ამ აზრს. ეკლესიიდან სწორედ ვაჭრები არიან გასაყრელი.
ინდულგენცია არ არის ჩვენი ტრადიცია. გავიხსენოთ, იესო ქრისტე ჯორით შევიდა იერუსალიმში და არა ეტლით, არც ოქროს მიტრა ედგა თავზე და არც ბრილიანტისთვლიანი ჯვარი ეკიდა. ერთი პერანგით ავიდა ჯვარზე - ეს უნდა გვახსოვდეს!" - განუცხადა "კვირის პალიტრას" დავით მაღრაძემ.
ელისო კილაძის სკანდალური განცხადება პატრიარქობისთვის ბრძოლაზე - მეუფე იაკობი პატრიარქობის სახელისუფლებო რჩეულია
ბმული