იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძეს სოციალურ ქსელში პასუხობს.
დოლიძის თქმით, მაშინ როცა საოკუპაციო საზღვარს ყოველ თვე წევენ და მეუფე იაკობის განცხადებაზე გამოძიება არ იწყება, კილაძეს რჩება დრო მისი საქმიანობის შესაფასებლად.
“ქვეყანა მიაქვს სიღარიბეს, ადამიანები ყოველ თვე კვდებიან მშენებლობებზე, მეუფე იაკობი განცხადებას აკეთებს შესაძლო დანაშაულზე, რასაც არ იძიებენ, ყოველ თვე წევენ საოკუპაციო საზღვარს და ოკუპაციაში ხალხი კვდება იმიტომ რომ ბლოკადაა და სასწრაფო არ ჩადის, ათასობით სასამართლო გადაწყვეტილება იგვიანებს და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძეს დრო აქვს ჩემი საქმიანობა შეაფასოს. მადლობა იუსტიციის უმაღლესი საბჭო ლუსტრაციისთვის, ისედაც ვიცი რომ ეს დევნა ხელისუფლებიდან მოდის, მაგრამ საქმეს მიხედეთ, საქმეს ჯობია”, წერს სოციალურ ქსელში ანა დოლიძე.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 11 წევრი ანა დოლიძისთვის საბჭოში უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად ისინი ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობას ასახელებენ. მათი განმარტებით, პოლიტიკური საქმიანობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელია. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოთხოვნა, საბჭოში ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით, ოფიციალური წერილის სახით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესულია.