ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში წასვლას, სადაც პატრიარქის ბრძანებით განმწესდა, არ აპირებს. მღვდელმთავრობიდან გადაყენებული ცაავა ინჩხირის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტრის დათმობა ითხოვა. ახალ საპატრიარქოდან პასუხის მოლოდინშია და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ სად იქნება.
„მარტივად დავთმე ეს მდგომარეობა. შეფასებაზე, იგივე აზრზე ვრჩები, მაგრამ გადაბარებასთან მიმართებაში პრობლემა რომ მქონოდა, მაშინ წავიდოდი კომპრომისზე. გონივრული მოქმედების გეგმა მექნება“, – აცხადებს პეტრე ცაავა.
ჭყონდიდის ეპარქიაში უკვე ჩავიდა ახალი მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, რომელიც აცხადებს, რომ ეპარქიის სასულიერო პირებს, ვისაც სურვილი აქვთ, ეპარქიაში დარჩებიან. როგორც მეუფე გრიგოლმა ჭყონდიდის ეპარქიაში პეტრე ცავასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ყოფილი მღვდელმთავარი მას ეპარქიის გადაბარებაში დაეხმარება.
„ჩვენი ძმა, ჩვენი მეგობარი რჩება. გვეხმარება გადაბარებაში. ამ ეპარქიაში ძალიან ბევრია გაკეთებული, კიდევ უნდა გაკეთდეს და ჯერ რჩება. დაასრულოს მშენებლობა. მამებსა და დებს თუ სურვილი აქვთ, დარჩებიან. დასჯილი არავინ იქნება. აქ, ყველა დროებით ვართ და სოხუმში, ოჩამჩირეში დაბრუნებისთვის ვემზადებით. რაც შეეხება ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირების განცხადებას, ნერვიულობენ, ზოგი არის მეუფის გაზრდილი და ძალიან განიცდიან, მაგრამ ბერის საქმე მორჩილება და სულიერი აღზრდაა“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
მისი თქმით, ამ ზაფხულს ჭყონდიდის ეპარქიაში იმყოფებოდა, რათა ეთქვა მეუფე პეტრესთვის, რომ მისულიყო პატრიარქთან, შერიგებოდა და შენდობა ეთხოვა. კითხვაზე, ზაფხულში ჰქონდა თუ არა საუბარი პეტრე ცაავასთან იმავე საკითხებზე, რასთან დაკავშირებითაც საჯარო განცხადება გააკეთა, მეუფე გრიგოლი პასუხობს, რომ ჰქონდა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ განცხადების არ სჯერა.
„ჩემი პასუხი, როგორც ექიმის, ფსიქოლოგის და მღვდელმსახურის იყო ის, რომ არ მჯერა. ყველაფერი არის უფრო თხრობითი და ვიღაცამ რაღაცა თქვა, ვიღაცამ რაღაც უთხრა. კონკრეტული არაფერი იყო და ამიტომ, მე არ მჯერა“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
მღვდელმთავრობიდან გადაყენებული პეტრე ცაავას სკანდალურ განცხადებას, მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პრემიერ–მინისტრი. გიორგი გახარია განვითარებულ მოვლენებს სახელმწიფოსა და ეკლესიაზე შეტევას უწოდებს და აცხადებს, რომ გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც არ სურთ ქვეყნის წყნარი, მშვიდობიანი განვითარება, ცდილობენ, ქვეყანას ზიანი მიაყენონ სხვადასხვა სახის პროვოკაციით.
„რევოლუციურ სცენარს გეგმავდნენ სახელმწიფოსთან მიმართებაში, როგორც ჩანს, დღეს გადაწყვიტეს, დესტრუქციული ქმედებებით ეკლესიაში შეიტანონ გაურკვევლობა. ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, გახლავთ მიზანმიმართული შეტევა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე. რა თქმა უნდა, გარკვეული ჯგუფები, რომელთაც არ სურთ ქვეყნის წყნარი, მშვიდობიანი განვითარება, ცდილობენ სხვადასხვა სახის პროვოკაციებით ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს. ასეთი მცდელობა ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვნახეთ, როდესაც რევოლუციურ სცენარს გვიგეგმავდნენ სახელმწიფოსა და მთავრობასთან მიმართებაში.
დღეს, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს დესტრუქციული ქმედებებით შეიტანონ გაურკვევლობა ეკლესიაში. რა თქმა უნდა, ეს დაუშვებელია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველოს პატრიარქი არის სიმბოლო ეკლესიის და სიმბოლო სახელმწიფოებრიობის და არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ვერც სახელმწიფოში და ვერც ეკლესიაში მსგავსი დესტრუქციული ქმედებებით რისკის ქვეშ დააყენონ ჩვენი ხვალინდელი დღე და ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე,“ –აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პრემიერის განცხადება მიუღებელია პეტრე ცაავასთვის, რომლის განცხადებით, ისურვებდა, პრემიერი უფრო წინდახედული ყოფილიყო, რომ თავის ნათქვამის არ შერცხვეს. ცაავა მიიჩნევს, რომ პრემიერს უფრო ღირსეული შეფასება უნდა გაეკეთებინა ამ მოვლენისათვის. მისი თქმით, პრემიერ–მინისტრის განცხადება იყო 2020 წლის არჩევნებისთვის გათვლილი.
„ამ პოზიციით წინასაარჩევნო განცხადება გააკეთა პრემიერმა. ვისურვებდი, რომ რაღაც უფრო წინდახედული ყოფილიყო, გავიდეს დრო და აღარ შერცხვეს თავის ნათქვამის, ისევე, როგორც შერცხვათ მის წინამორბედ პრემიერებს, როდესაც ამბობდნენ, რომ სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა ციანიდის საქმით და დღემდე შერცხვენილები არიან“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.
გახარიას ლექსიკას უწუნებს რომან გოცირიძე და აცხადებს, რომ გახარიას განცხადება არის თავხედური, ჭიკაიძისეული. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, სახელმწიფო, გახარიას მონაწილეობით, საეკლესიო გადატრიალებას აწყობდა.
„მან რევოლუცია ახსენა, ჭიკაიძე ამბობდა, ვიღაც საბურავებით რევოლუციას აწყობსო. ფაქტობრივად, დღეს მიმდინარე პროცესები პროვოცირებულია ხელისუფლების მიერ, რომელიც გახარიას მონაწილეობით თავად აწყობდა საეკლესიო გადატრიალებას, შეთქმულებას და მასში უნდოდა, უმაღლესი სასულიერო თანამდებობის პირები ჩაეთრია.
ამის მიზანი იყო პატრიარქის ჩამოცილება და ეკლესიის პოლიტიკური მიზნით მართვა წინასაარჩევნოდ, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით. ფაქტობრივად, მან ოპოზიციის ქმედებებს დაუკავშირა, რომ თურმე, ვიღაცები აწყობდნენ რევოლუციას. მან ამ განცხადებით მეუფე იაკობთან საუბარი აღიარა, რომლის გამოძიება არ უნდა არც სხვა საგამოძიებო ორგანოს, არც პროკურატურას“, – აცხადებს რომან გოცირიძე და დასძენს: „იაკობმა განაცხადა, რომ გახარია, კვირიკაშვილი, შს მინისტრი საეკლესიო გადატრიალებას აწყობდნენ. როდის იყო კვირიკაშვილი ან გახარია დამოუკიდებლად იღებდნენ გადაწყვეტილებას? ბუნებრივია, მათ ზემოთ ივანიშვილია. ივანიშვილისა და მისი გუნდის საეკლესიო გადატრიალების სხვებზე გადაბრალების თუ თავის გამართლების მცდელობაა, მაგრამ ამას არავინ დაიჯერებს.
რაც ეკლესიაში სინოდზე მოხდა, ეს იყო იმ შეთქმულების მხილების შედეგი, რის გამოც სინოდი შეიკრიბა და რომელმაც ამ საკითხზე იმსჯელა. გიორგი გახარია, რომელიც საეკლესიო გადატრიალებაში მონაწილეობდა და უნდოდა, სასულიერო პირები ჩაეთრია, ფაქტობრივად დამნაშავეა და არის ამ პროცესების პროვოკატორი, რომელიც შემდეგ მოხდა სინოდზე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
გიგი უგულავას განცხადებით, პრემიერ–მინისტრმა იარა, ქექა, პატრიარქის გადაყენება „იჩალიჩა“, რუსთაველზე ტრაგედია დაატრიალა და ისევ ოპოზიციას მოადგა. „ევროპული საქართველოს“ ლიდერი ამბობს, რომ „ნაც–ქოცური“ დაპირისპირების დისკურსი აღარ მუშაობს და გახარია, ივანიშვილი და მთელი „ქართული ოცნება“ საკუთარ პოლიტიკურ ნაღმზე აფეთქდება.
„გახარია ისევ იგივეს ამბობს, რასაც უკვე 7 წელია ვისმენთ „ქართული ოცნებიდან“. დაწყებული საბურავებს როგორ ვყრიდით და უკრაინიდან ჩამოგვყავდა ვიღაც ექსპერტები, სადარბაზოებში ვყრიდით „შპრიცებს“ სპეციალურად და მარსზე მივფრინავდით ივანიშვილის ჩამოსაგდებად და ა.შ. სირცხვილია, როცა უტიფართან ერთად ბრიყვი პრემიერ-მინისტრი გვყავს. უტიფარია, იმიტომ, რომ 20 ივნისის შემდეგ არათუ გადადგა, არამედ დასთანხმდა ბიძინა ივანიშვილს პრემიერობაზე. ეს იყო საქართველოს ისტორიაში ყველაზე უტიფარი საქციელი“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.