დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავაზე : სინოდის გადაწყვეტილებისთვის დამორჩილება არის აუცილებელი ყველასთვის, ვინც ეკლესიის წევრია

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავაზე : სინოდის გადაწყვეტილებისთვის დამორჩილება არის აუცილებელი ყველასთვის, ვინც ეკლესიის წევრია

ეკლესია ძალიან ხშირად ასე მკაცრად კანონიკას არ მისდევს, შეღავათების საშუალებით ადამიანს აძლევს ძალიან ბევრ საშუალებას ხოლმე, რომ დაბრუნდეს ეკლესიის კანონიკური ცხოვრების ჩარჩოებში,-ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა-ლოცვის დაწყებამდე განუცხადა, რითაც ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას განცხადებები შეაფასა.

მისი განცხადებით დღეს მრევლი იკრიბება, რომ "გამოხატოს მხარდაჭერა ამ გაუგონარი, შემაძრწუნებელი უტიფრობისა და ბრალდებების გამო".

"ძალიან ბევრი სასულიერო პირი მოვა ალბათ, და დადგება პატრიარქთან წირვაზე მხარდასაჭერის გამოსახატად. წირვის ბოლოს ალბათ, იქნება კომენტარები",-განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის შეფასებით, სინოდის გადაწყვეტილების დამორჩილება არის აუცილებელი ყველა ადამიანისთვის, ვინც ეკლესიის წევრია.

"არსებობს კანონიკა, არსებობს ძალიან ბევრი შეღავათები. ეკლესია ძალიან ხშირად ასე მკაცრად კანონიკას არ მისდევს, შეღავათების საშუალებით ადამიანს აძლევს ძალიან ბევრ საშუალებას ხოლმე, რომ დაბრუნდეს ეკლესიის კანონიკური ცხოვრების ჩარჩოებში. სინოდის გადაწყვეტილებისთვის დამორჩილება არის აუცილებელი ყველა ადამიანისთვის, ვინც ეკლესიის წევრია. მე ნუ მათქმევინებთ იმას, რაც სინოდმა უნდა თქვას",-განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში წასვლის ნებართვას ითხოვდა. ამასთან, პატრიარქის შესაბამისი ბრძანებით, ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში განმწესდა.