მეუფე, რომელმაც ნაჩუქარი პრადო გაყიდა და ბავშვებს მიკროავტობუსი უყიდა

მეუფე, რომელმაც ნაჩუქარი პრადო გაყიდა და ბავშვებს მიკროავტობუსი უყიდა

ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი მეუფე ისაია (ჭანტურია), რომელიც 2 წელია ეპარქიიდან იმ მიზეზით არ გასულა, რომ მას რუსი ოკუპანტები უკან დაბრუნებას უკრძალავდნენ, 25 ნოემბერს სპეციალური საშვი მისცეს და ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაუშვეს.

2018 წელს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მეუფე ისაია ჰუმანური იდეების გავრცელებისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისთვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

ვინ არის მეუფე ისაია და რა ღვაწლი მიუძღვის მას, მის შესახებ სოციალურ ქსელში გიორგი ფანჯავიძე წერს:

„მეუფე ისაიას ზუსტად ერთ კვირაში ჯიპი გაუყიდია და აღებული ფულით მიკროავტობუსი შეუძენია ბავშვებისთვის...“

სინოდის წევრებზე ფორსირებული შეტევის გამო, მინდა საზოგადოებას მოვუყვე ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ მეუფე ისაიაზე, რათა საზოგადოებამ სინოდში შემავალი უკლებლივ ყველა წევრი ერთ ქვაბში არ „ჩახარშოს”.

მეუფე ესაია გამორჩეულად ღირსეული ადამიანია.

„სოხუმი რომ დაეცა, სხვა დევნილებთან ერთად, ჭუბერის უღელტეხილი გამოიარა, სადაც ,,წითელ ჯვარს” ეხმარებოდა დევნილებისთვის საკვების დარიგებაში. თბილისში დაბრუნებული მარტყოფის მონასტერში ბერად აღიკვეცა. წლების შემდეგ ეპისკოპოსადაც აკურთხეს და ნიქოზის ეპარქიაში გაგზავნეს, სადაც მარტოოდენ წითელი ვაგონი დახვდა. ეპარქიის აღდგენას სრული ცამეტი წელი მოანდომა.

„ფრონეს ხეობიდან, ავნევიდან, პატარა ლიახვის ხეობიდან მოდიოდნენ აქ ბიჭები და ასე ვაშენებდით 1995 წლიდან 2008 წლამდე”- იხსენებს მეუფე ისაია მონასტრის აღმშენებლობის პირველ წლებს.

2008 წელს აგვისტოს ომის ეპიცენტრში მოჰყვა. მეუფე ისაია იხსენებს: „აქ დარჩენილმა ქართულმა მოსახლეობამ სხვადასხვა სახის განსაცდელი გამოიარა. გიშენდნენ ქვემეხებიდან, მერე გამოჩდნენ ბომბდამშენები, რომელთა ჭურვები აზანზარებდა აქაურობას, ეს შემზარავი სანახაობა იყო. ჩვენ სასწაულებრივად გადავრჩით, მარტო ამ ადგილას 12 ჭურვია ჩამოგდებული, სამონასტრო ნაგებობა მთლიანად დაიწვა.”

2014 წელს ოკუპანტებმა მეუფეს გამოუცხადეს, თუ ახალგორიდან გავიდოდა, იქ აღარასოდეს შეუშვებდნენ, მეუფე ისაიამ მიიღო გადაწყეტილება, დარჩენილიყო მონასტერში და ერთი დღითაც არ დაუტოვებია ეპარქია. ორი წლის შემდეგ, პატრიარქის შუამდგომლობით, მას დართეს ნება და მისცეს საბუთი, რომლის თანახმადაც, როგორც მღვდელმთავარს, ნებისმიერ დროს შეუძლია ახალგორში შესვლა.

არ შემიძლია, არ დავწერო ჩემი მეგობრის, ზურა ღერნეკაშვილის მონათხრობი მეუფე ისაიაზე;

„2008 წლის ომის დროს ნიქოზის ეპარქიის წინამძღვარ მეუფე ესაიას, გამოჩენილი სიმამაცისთვის, ადგილობრივი მოსახლეობის შეფარების და პატრონობისთვის, მაშინდელმა მთავრობამ ტოიოტას ცენტრიდან ახალთახალი პრადო გამოუყვანა და საჩუქრად გადასცა. პირადად ვარ შემსწრე. შემდეგ გავიგეთ, მეუფეს ზუსტად ერთ კვირაში ჯიპი გაუყიდია და აღებული ფულით მიკროავტობუსი შეუძენია ბავშვებისთვის, ნაწილი თანხა ყველაზე გაჭირვებულ მრევლს მოახმარა, ნაწილი კი დაბომბილი მონასტრის აღდგენას, იმ ავტობუსით კი დღემდე კონფლიქტის ზონის მაცხოვრებელი ბავშვები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ექსკურსიებზე დაჰყავთ. მეუფე ისაიაც ივლიდა კომფორტულად ახალი პრადოთი, მაგრამ ხალხს და მონასტერს მოახმარა ის თანხა“, - წერს გიორგი ფანჯავიძე.