უგულავა: გახარიამ “იჩალიჩა“ პატრიარქის გადაყენება, ტრაგედია დაატრიალა რუსთაველზე და ისევ მოადგა ოპოზიციას

უგულავა: გახარიამ “იჩალიჩა“ პატრიარქის გადაყენება, ტრაგედია დაატრიალა რუსთაველზე და ისევ მოადგა ოპოზიციას

გიორგი გახარია ცდილობს, ნაცადი ხერხით, ტრადიციული ნაც-ქოცური დაპირისპირებით გავიდეს ფონს. თუ ამდენი წლები ეს ყურით მოთრეული დისკურსი მუშაობდა, ამ შემთხვევაში პოლიტიკურ ნაღმზე აფეთქდება გახარია, ივანიშვილი და მთელი მათი „ქართული ოცნება” ,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი უგულავამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

გიგი უგულავამ გიორგი გახარიას ბრიყვი და უტიფარი უწოდა.

„ვინაიდან გახარიას რუსული უკეთესად ესმნის, ვიდრე ქართული, მაშინ მეც მის მშობლიურ ენაზე ვეტყვი „Кто про что, а курица про просо”, ანუ იარა, ქექა, ვციტირებ „იჩალიჩა” პატრიარქის გადაყენება, ტრაგედია დაატრიალა რუსთაველზე და ისევ მოადგა ოპოზიციას, ისევ იგივე ოპერას, რასაც შვიდი წელია ვისმენთ „ქართული ოცნებისგან“, დაწყებული საბურავებს როგორ ვყრიდით და უკრაინიდან ჩამოგვყავდა ვიღაც ექსპერტები, როგორც სადარბაზოებში ვყრიდით შპრიცებს სპეციალურად, მარსზე მივფრინავდით ივანიშვილის ჩამოსაგდებად და აშ. სირცხვილია, როდესაც უტიფართან ერთად ბრიყვი პრემიერ-მინისტრი გვყავს. ის არის უტიფარი, რადგან 20 ივნისის ტრაგედიის შემდეგ არათუ გადადაგა, არამედ დათანხმდა ივანიშვილს, გამხდარიყო პრემიერ-მინისტრი და ეს იყო საქართველოს ისტორიაში ყველაზე უტიფარი ქცევა. მაგრამ ის არის ბრიყვი, ვინაიდან ჰგონია, რომ გამოღმა შედავებით [და შეგახსენებთ, რომ მეუფე იაკობმა სწორედ მას დასდო ბრალი, სწორედ ის აქტიურობდა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შედარებით პატრიარქის გადაყენების ისტორიაში] ახლა ცდილობს, რომ აქეთ ისევ ნაცადი ხერხით, ტრადიციული ნაც-ქოცური დაპირისპირებით გავიდეს ფონს. თუ ამდენი წლები ეს ყურით მოთრეული დისკურსი მუშაობდა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საკუთარ ნაღმზევე, პოლიტიკურ ნაღმზე აფეთქდება გახარია, ივანიშვილი და მთელი მათი ქართული ოცნება”,- განაცხადა გიგი უგულავამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ განვითარებული მოვლენები სახელმწიფოსა და ეკლესიაზე შეტევად შეაფასა. როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებისას აღნიშნა, გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც არ სურთ ქვეყნის წყნარი, მშვიდობიანი განვითარება, ცდილობენ, ქვეყანას სხვადასხვა სახის პროვოკაციით ზიანი მიაყენონ.