თეოლოგების შეფასება: შესაძლებელია თუ არა სინოდის სხდომის გადაწყვეტილების გასაჩივრება 

თეოლოგების შეფასება: შესაძლებელია თუ არა სინოდის სხდომის გადაწყვეტილების გასაჩივრება 

31 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ, რომელსაც სინოდის გადაწყვეტილებით შეუწყდა უფლებამოსილება.

სად და როგორ შეიძლება სინოდის სხდომის გადაწყვეტილების გასაჩივრება, ამის შესახებ თეოლოგი ლადო ნარსიამ ისაუბრა.

„მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ მას შეუძლია დაადასტუროს ის, რაც განაცხადა სინოდის სხდომაზე და ამას დრო სჭირდება. უნდა დაველოდოთ მეუფე პეტრეს, რათა წარმოადგინოს მტკიცებულებები. იმ შემთხვევაში თუ პეტრე ცაავა ვერ დაამტკიცებს ბრალდებას, რა თქმა უნდა, ის დაისჯება კანონიკური წესების შესაბამისად“,- ამბობს თეოლოგი ლადო ნარსია.

როგორც თეოლოგი აღნიშნავს, სინოდის სხდომის გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს საპატრიარქოში და ასევე კონსტანტინეპოლის არბიტრაჟში.

ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს თეოლოგ ლევან აბაშიძეს. ის ამბობს რომ სინოდის სხდომის გადაწყვეტილება პეტრე ცაავას შესახებ არ არის მაღალი დონის კონფლიქტი, იმისათვის რომ მსოფლიო პატრიარქთან გასაჩივრდეს.

„თუ რომელიმე მრევლის წევრი უკმაყოფილოა პატრიარქის გადაწყვეტილებით, არ შეიძლება ეს გასაჩივრდეს ასეთ მაღალ იერარქიაში. როდესაც საპატრიარქოში 47 მაღალი იერარქიის წარმომადგენელი პირია, 47-ში რომ ერთმა დაარღვიოს წესები, არ არის ეს გაუგონარი ამბავი“,- ამბობს ლევან აბაშიძე.