რა არის ბრაქითერაპია და რატომ უნდა მიმართოს ონკოლოგიურმა პაციენტმა ქირურგიის ეროვნულ ცენტრს? 

რა არის ბრაქითერაპია და რატომ უნდა მიმართოს ონკოლოგიურმა პაციენტმა ქირურგიის ეროვნულ ცენტრს? 

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტში ონკოლოგიური პაციენტების სასარგებლოდ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სერვისი დაინერგა.

კლინიკაში უკვე შესაძლებელია კიბოს მკურნალობა დარტყმითი (მაღალი) დოზით, უმოკლეს დროში.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ

იგი სხივური თერაპიის ერთ–ერთი მიმართულებაა.

პროცედურის დროს რადიაციული წყარო თავსდება უშუალოდ სიმსივნით დაზიანებულ ორგანოში, ანუ შიგნით სიმსივნეში ან სიმსივნის ზედაპირზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სხივდება მხოლოდ სამიზნე ორგანო და მაქსიმალურად დაცული რჩება სხვა ჯანმრთელი სტრუქტურები თუ ორგანოები.

რომელი ტიპის სიმსივნეებს მკურნალობენ?

ეს მეთოდი გამოიყენება შემდეგი ლოკალიზების სიმსივნეების სამკურნალოდ:

  • პროსტატის კიბო;
  • საყლაპავის კიბო (სისხლდენის შესაჩერებლად ან სიმსივნური სტენოზების დროს);
  • რბილი ქსოვილები (სარკომა);
  • თავ-კისრის სიმსივნეები;
  • ძუძუს კიბო;
  • კანის სიმსივნეები;
  • საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნოს ტანის, საშოს, ვულვის IA-IB,IC-IIA,IIB,IIC_IIIA,B,C- IVA სტადიის კიბო;
  • ბრონქის კიბო;
  • ანალური ნაწილისა და სწორი ნაწლავის ამპულარული ნაწილის კიბო.

მკურნალობის სხვა მეთოდებთან შედარებით რა უპირატესობით გამოირჩევა?

რადიაციულ ონკოლოგთა აზრით, მის ეფექტურობას განსაზღვრავს შემდეგი მაჩვენებლები:

  1. მაღალი დოზის რადიაციის მიმართ კიბოს უჯრედის მგრძნობელობა;
  2. სიმსივნის სრულყოფილი კონტროლის ჩინებული საშუალებაა;
  3. წარმოადგენს ზუსტ და დახვეწილ სისტემას;
  4. მინიმუმამდე ამცირებს კიბოს რეციდივის რისკს;
  5. პაციენტის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი არ ირღვევა;
  6. მინიმალური გვერდითი ეფექტები;
  7. პროცედურების სიმცირე და სხვა.

განყოფილების ტექნიკური აღჭურვილობა

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი აღჭურვილია კომპანია Elekta-ს წარმოების უახლესი, 2019 წლის Flexitron-HDR მაღალი დოზის აპარატით, რომლის რადიაციულ წყაროს წარმოადგენს Iri-192.

ამ მიმართულებით ყველაზე თანამედროვე აპარატია, რომელიც მოიცავს დაგეგმარების სწრაფ, დახვეწილ და ზუსტ 3D სისტემებს.

აღსანიშნავია აპარატის ახალი და კლინიკურად დახვეწილი  აპლიკატორები (თითოეული აპლიკატორი გამოირჩევა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის სპეციფიკაციით), რომელთა საშუალებით ბრაქითერაპევტი მაქსიმალურად მოიცავს სიმსივნით დაზიანებულ არეს.

როგორ ტარდება ბრაქითერაპია?

პროცედურა ტარდება ამბულატორიულ პაციენტებში და სწორედ ამიტომ პაციენტი კლინიკაში რჩება მხოლოდ რამდენიმე საათით, შემდეგ კი ეწერება ბინაზე ექიმის შესაბამისი რეკომენდაციით. სიმსივნის ლოკალიზების, სტადიისა და მკურნალობის მიხედვით, პროცედურა ინიშნება დღეში ერთხელ ან ორჯერ – საერთო ჯამში კი სრული კურსი 1–დან 5 პროცედურამდე შედგება.

წყაროს პოზიციის მიხედვით ერთმანეთისგან განარჩევენ კონტაქტურ, ინტერსტიციულ, ენდოვასკულურ, ღრუსშიგნითა და ინტრალუმინალურ ბრაქითერაპიას.

ცნობისათვის, რადიაციული ონკოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც იყენებს მაიონიზირებელ გამოსხივებას სიმსივნური უჯრედების გასანადგურებლად. ქართველი, ესპანელი და ამერიკელი ონკოლოგების მიერ ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტში პაციენტებისთვის ინდივიდუალიზირებული, სამედიცინო მტკიცებულებებზე დაფუძნებული, მაღალი სტანდარტის მკურნალობა ტარდება.

პაციენტის მკურნალობის ტაქტიკისა და დასხივების გეგმის შედგენაში მონაწილეობენ ემორის უნივერსიტეტის (ატლანტა, აშშ), ესპანეთის Genesis Care-ს ონკოლოგიის მულტიდისციპლინური ინსტიტუტის, ESTRO-ს საერთაშორისო რადიაციულ ონკოლოგთა საზოგადოებებთან ურთიერთობის კომიტეტისა და მურსიის უნივერსიტეტის ექსპერტები.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტატიას ბრაქითერაპიის შესახებ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!