ბუბა კიკაბიძე პრეზიდენტ სააკაშვილის ფავორიტი მომღერალი რომ არის, ინტერნეტში გავრცელებული ის დოკუმენტიც ადასტურებს, რომელსაც ხელს პრეზიდენტი სააკაშვილი აწერს. 2011 წლის 19 ოქტომბრის განკარგულებაში წერია, რომ ბუბა კიკაბიძის კონცერტებისთვის რომში, სალონიკსა და მადრიდში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 180 000 ლარი გამოიყო. განკარგულებას ხელს აწერს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. გვესაუბრება ბუბა კიკაბიძის პროდიუსერი სოსო აბზიანიძე:
- დიასპორის სამინისტროში ხშირად მოდიოდა წერილები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქართული სათვისტომოდან: ემიგრანტები ითხოვდნენ ბუბა კიკაბიძესთან შეხვედრას და მის კონცერტს. შეგიძლიათ ეს სამინისტროშიც გადაამოწმოთ. სწორედ ამის შემდეგ გამოიყო კონცერტებისთვის თანხა, რომლითაც იტალიაში, ესპანეთში, საბერძნეთსა და ინგლისში ჩავატარეთ კონცერტები. ჩვენ არ გვქონდა ფინანსური დაინტერესება, ეს საქველმოქმედო კონცერტები იყო. 180.000 ლარი ამ ქვეყნებში გამგზავრებას, სასტუმროს, კვებას, აპარატურას და საკონცერტო დარბაზის იჯარას მოხმარდა. ბუბას კონცერტებზე ქართველების გარდა მოდიოდნენ სომხები და სხვა ეროვნების ადამიანები. რომლებიც სიყვარულით გვხვდებოდნენ.