“არის ადამიანი, რომელიც ჩივის პატრიარქთან დაკავშირებით სოდომურ ცოდვაზე“, - განაცხადა თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა გადაცემაში „მთავარი აქცენტები“.
ტიგინაშვილმა ყოფილი მღვდელმთავრის, პეტრე ცაავას სკანდალურ განცხადებას კიდევ ერთი დაუმატა. გვარამიას შენიშვნამ, რომ ის შეიძლება სიმართლეს არ ამბობდა, ტიგინაშვილის გაცხარება გამოიწვია და განაცხადა, რომ ასეთი ადამიანი ნამდვილად არსებობს.
ამავე გადაცემაში ტიგინაშვილმა ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მეუფე საბა ფარისევლობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ პატრიარქის შესახებ ინფორმაცია მასაც ჰქონდა.
მეუფე საბამ თავად დასდო ბრალი ტიგინაშვილს ფარისევლობაში და აღნიშნა, რომ თეოლოგი ტყუილს ამბობს.
მეუფის თქმით, აღნიშნული საუბრის დროს მან ტიგინაშვილს განუცხადა, რომ ასეთი ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ მტკიცებულების გარეშე და სწორედ ცილისწამების ფაქტზე გამოთქვამდა წუხილს.
ამავე გადაცემაში მარტვილის ეკლესიიდან პირდაპირი ჩართვის დროს ერთ-ერთმა მღვდელმსახურმა განაცხადა, რომ მასაც მიმართა ახალგაზრდა ბიჭმა, რომელიც მამათმავლობის პრობლემით არის შევიწროებული.
„მარტვილში მე იმიტომ დამირეკა თბილისიდან, თან ტირილით, გამწარებულმა, რომ იცის ჩვენი ცხოვრების წესი. შველას ითხოვს. სახელსა და გვარს ახლა ვერ დავასახელებ. როცა საჭირო იქნება, დავახვედრებ ყველას და იტყვის ყველაფერს“, - განაცხადა მღვდელმსახურმა პირდაპირ ეთერში.
შეგახსეებთ, 31 ოქტომბერს, წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ ჭყონდიდის ყოფილმა ეპისკოპოსმა, პეტრე ცაავამ პატრიარქს „პიდარასტიისა და მამათმავლობის“ ცოდვაში დასდო ბრალი. საპასუხოდ სინოდმა ცაავას მღვდელმსახურებისა და მღვდელმთავრობის უფლება ჩამოართვა და მონასტერში გაამწესა.