დავით ბაჩილავა: კრებას არც წყევლით “შეუკრავს” და არც შეუჩვენებია, არამედ მისცა ერისკაცებთან ერთად ზიარების ნება

დავით ბაჩილავა: კრებას არც წყევლით “შეუკრავს” და არც შეუჩვენებია, არამედ მისცა ერისკაცებთან ერთად ზიარების ნება

ფეისბუქ-მომხმარებელი დავით ბაჩილავა სოციალურ ქსელში წერს:

აბა გადავხედოთ რუის-ურბნისის კრებას

კრებამ თავის მიერ გამოცემული კანონების 1-ლი მუხლით განკვეთა უღირსი ეპისკოპოსები, რომლებიც “ღირსეულად ვერ ატარებდნენ მღვდელმთავრის პატივს”. ისინი კრებას არც წყევლით “შეუკრავს” და არც შეუჩვენებია, არამედ მისცა ერისკაცებთან ერთად ზიარების ნება. ისინი უნდა ყოფილიყვნენ მეფის მოწინააღმდეგე ეპისკოპოსები. მათ ნაცვლად შეირჩნენ სხვები “ასაკითაც და საქმითაც სარწმუნონი”.

კრების კანონების მე-2 მუხლიც ეპისკოპოსთა ასაკს შეეხება, რომ არაა საჭირო მათი კურთხევის დროს სულმოკლეობა და აჩქარება. დადგინდა: ეპისკოპოსი ხელდასხმულ იქნეს 35 წლისა, მღვდელი 30 წლისა, დიაკვანი 25 წლისა, წიგნისმკითხველი 8 წლისა (ე. გაბიძაშვილის მიხედვით არა 8, არამედ 18 წლისა).

მე-3 მუხლით აიკრძალა უწესობა, როცა ვინმე ერთსა და იმავე დღეს იღებდა ხელდასხმას წიგნისმკითხველად, იპოდიაკვნად, დიაკვნად და ეპისკოპოსადაც. თუ რაიმე საჭირო მიზეზი არ არის ასაჩქარებლად, კანდიდატებმა “წელი და წლები უნდა დაყონ თითოეულ ხარისხში, უფრო მეტად დიაკვნობაში”.*

მე-4 მუხლით ეკლესიებში გამოსაყენებლად დაკანონდა გიორგი მთაწმიდელის მიერ თარგმნილი “დიდი კურთხევანი”.

მე-5 მუხლით აიკრძალა მექრთამეობა ხელდასხმისას (სიმონია). დამნაშავე განიკვეთებოდა.

მე-6 მუხლით აიკრძალა ნივთების, სიწმიდეთა ჭურჭლის, ეკლესიის ქონებისა და ოქრო-ვერცხლის მოხმარება რაიმე საქმისათვის, “ტყვეთა გამოსახსნელადაც კი”.

მე-7 მუხლით აიკრძალა ეკლესიის გარეთ ნათლისცემა, ქორწინება, მონაზვნად აღკვეცა და სხვ.

მე-8 მუხლით გვირგვინის პირველად და მეორედ კურთხევის ჟამს ნეფე-დედოფლის ზიარების ნება გაიცა.

მე-9 მუხლით განისაზღვრა, რომ მეორედ გვირგვინის კურთხევის შემდეგ მღვდელი არ უნდა მისულიყო ქორწილის სუფრაზე. მეორედ ჯვრისწერა ნებადართული იყო, მაგრამ ეკლესიისათვის არ იყო სათნო.

მე-10 მუხლით დადგინდა აკრძალვა ჩვილი ბავშვების ჯვრისწერისა, მაგრამ მათ მშობლებს ნება მიეცათ ჩვილი ქალ-ვაჟის დანიშვნისა. სრულწლოვანების მიღების შემდეგ კი ნება ეძლეოდათ ჯვრისწერისა, ამ დროს ქალი არ უნდა ყოფილიყო 12 წელზე უმცროსი.

მე-11 მუხლი ეხებოდა ქორეპისკოპოსებს. ისინი სჯულის და წიგნის მცოდნენი და უანგარონი უნდა ყოფილიყვნენ.

მე-12 მუხლით შემცირდა მონასტრებში ე.წ. “მოძღვრების” რიცხვი (ესენი იყვნენ “რჯულის მცოდნენი”, “მერჩულენი”), მათი სიმრავლე იყო “მრავალი შფოთისა და განხეთქილების მიზეზი” მონასტერში მხოლოდ ერთი მოძღვარი (დიდში კი შეიძლება ორიც) უნდა ყოფილიყო (იქამდე ერთ მონასტერში 5-დან 30-მდე იყვნენ).

მე-13 მუხლით აიკრძალა მონასტრებში ვაჭრობა, ე.ი. ერის სავაჭრო შეკრება.

მე-14 მუხლით დადგინდა: “ერთ საკურთხეველთან ერთი და იმავე შესაწირავის შეწირვით მრავალი სულისათვის მრავალი მღვდლის მიერ ჟამისწირვა წესი არ არის და უკუგდებულია”. დადგინდა, რომ წირვა დაყენებულიყო არა ერთი რომელიმე პირისათვის, არამედ ყველა ქრისტიანისათვის. ერთი კაცისათვის (ცოცხლის ან მიცვალებულისათვის) წირვის დაყენება შეიძლებოდა მხოლოდ პატარა სამკვეთლოში ან ეგვტერში (ეკლესიის შტოში).

მე-15 მუხლით დადგინდა მართლმადიდებლობაში შესული ყოფილი მონოფიზიტის (ძველქართულით “ხაჩეცარის”) მონათვლა.

მე-16 მუხლით აიკრძალა მართლმადიდებლების ქორწინება არამართლმადიდებლებთან.

მე-17 მუხლში აღნიშნულია, რომ დიდკაცობაში შესულა ჩვევა “კიდის-კიდე” ჯვრისწერისა, როცა ჯვრისწერის დროს სიძე სხვა ადგილას იყო, დედოფალი კი სხვა სოფელსა თუ ქალაქში. მათ ჯვარს წერდნენ ასეთი სახით: სიძესთან დგებოდა დედოფლის წარმომადგენელი მამაკაცი, ქალთან კი სიძის წარმომადგენელი მამაკაცი, რომელთაც ჯვარს წერდნენ. ჯვრისწერის ასეთი სახე, ივანე ჯავახიშვილის თანახმად, იმ დროისათვის მიღებული ყოფილა დასავლეთ ევროპაში. ქართულმა ეკლესიამ იგი აკრძალა განკანონებით.

მე-18 მუხლში ნათქვამია, რომ სოდომელთა ცოდვამ დაამხო სპარსთა, მიდიელთა, სომეხთა და სხვა სამეფოები. “არ ვიცით როგორ შემოაღწია ამ უკეთურებამ ქრისტეს მოღვაწედ სახელდებულ ერში”, ე.ი. საქართველოში. მუხლში აღინიშნა, რომ ამ ცოდვის მქნელნი “არ დაიმკვიდრებენ კურთხევას”.

მე-19 მუხლი მიმართულია ხატების თაყვანისცემის უარმყოფელთა წინააღმდეგ: “ცხადია, ღვთის ხატის თაყვანისმცემელი ღმერთს სცემს თაყვანს მისი საშუალებით და ღვთის ხატის მაგინებელი ღმერთს აგინებს უეჭველად, როგორც წერს ამას წმიდათა შორის დიდი ბასილი”. ხატმებრძოლი განკვეთით დაისჯებოდა.