რეფორმები,  ინფრასტრუქტურული პროექტები და გახარიას ფაქტორი ქმნის წინაპირობას , რომ მომავალ წელს მშპ 6-6,5 %-ის  ფარგლებში იქნება

რეფორმები, ინფრასტრუქტურული პროექტები და გახარიას ფაქტორი ქმნის წინაპირობას , რომ მომავალ წელს მშპ 6-6,5 %-ის  ფარგლებში იქნება

ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს:

წინასწარი შეფასებით, 2019 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის მე -III კვარტლის რეალური ზრდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.7 პროცენტით განისაზღვრა. ამასთან, 2019 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდა 5.0 პროცენტს შეადგენს.

2019 წლის სექტემბერში, ეკონომიკურ ზრდაზე კვლავ პოზიტიურად ზემოქმედებდა საგარეო სავაჭრო ბრუნვაში წმინდა ექსპორტის დინამიკაც, რაც ექსპორტის 11.1% იან ზრდაში აისახა, ხოლო დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა ასევე მნიშვნელოვნად 15.7% ით არის გაზრდილი.

აღსანიშნავია მშპ-ის ზრდის კუმულატიური ანუ სამი კვარტლის მაჩვენებელიც, რამაც 5% შეადგინა, აღემატება არა მხოლოდ გასული ორი წლის ზრდის ტემპს, არამედ ბოლო ხუთ წელიწადში ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში მაღალი ეკონომიკური ზრდა მიუთითებს წლის დასაწყისიდან აკრეფილ პოზიტიურ ტრენდზე, რომელიც სსფ-ის წლიურ საპროგნოზო მაჩვენებელზე ისედაც მაღალია და აქედანაც ჩანს, რომ არა 20-21 ივნისიდან განითარებული რევოლუციური სცენარის პირდაპირი ზეგავლენა, რაც ტურისტულ ინდუსტრიაზე ნეგატიურად, ხოლო ივლის -აგვისტისთან შედარებით სექტემბერში ზრდის ტემპის შენელებაში აისახა, ეკონომიკური ზრდა მეტიც იქნებოდა.

პირველი სამი კვარტლის ზრდის ტენდენცია, იმითაც არის ნიშანდობლივი, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სექტემბერში ეკონომიკის ზრდის წლიური პროგნოზი უცვლელად 4.6% ზე დატოვა, რაც უპირველესად იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ეკონომიკის პერსპექტივაზე მოქმედი უარყოფითი რისკების ზრდის ფონზე გაკეთდა, მათ შორის საერთაშორისო სავაჭრო ომებით და გლობალურ პოლიტიკაში გამოწვეული დაძაბულობის გამო.

მისიის ბოლო შეფასებით ფისკალური რეფორმა სულაც რეგიონალურ დონეზე ერთ-ერთ წარმატებულ მოდელად არის აღიარებული, როგორც გადასახადის გადამხდელებისათვის კომფორტული გარემოს შექმნით, ასევე ბიუჯეტის პროგნოზირების და გადასახადების მობილიზირების თვალსაზრისით, რაც ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების სწორ მიმართულებაზე მიუთითებს.

სწორედ მიმდინარე რეფორმების შედეგია, რომ ოქტომბერში წამყვანმა სარეიტინგო კოპმპანია S&P global reiting-მა ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ბიჯით BB მდე გააუმჯობესა, სტაბილური პერსპექტივით, რაც პირველ რიგში ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას ასახავს.

მიმაჩნია, რომ მიუხედავად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისა, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ეკონომიკის მზარდი დივერსიფიკაცია, მსხვილ ინფტასტურულ პროექტებთან ერთად, რასაც ემატება პრემიერ გახარიას ფაქტორი, ქმნის იმის კარგ წინაპირობებს, რომ ზრდის ტემპი არა თუ შენარჩუნდება, არამედ გაიზრდება და უკვე მომავალ წელს სავარაუდოდ საპროგნოზოზე მაღალ 6-6.5 % ფარგლებში იქნება.