ჭყონდიდის ყოფილი მღვდელთმთავარის გადაყენების შესახებ ახალი ინფორმაციას ახალქალაქისა და ჯუმურდოს ეპარქიის ეპისკოპოსი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ავრცელებს. მისი თქმით, ყოფილი მღვდელთმთავარი პეტრე ძალიან უხამსად მოიქცა სხდომაზე. მისი გაღიზიანება ქუთაისისა და გაინათელი ეპისკოპოსად მამა იოანეს არჩევამ გამოიწვია.
„სპეციალურად მოვედი კომენტარის გასაკეთებლად. მეუფე პეტრე გადააყენა სინოდმა. სხვა არანაირი საშუალება არ დაგვიტოვა. ისე უხამსად მოიქცა, იძულებული გავხდით, ხელით გაგვეყვანა სინოდიდან. შეურაცხყოფის მიყენება საეკლესიო პირისთვის, პატრიარქისთვის არაა სწორი. შეურაცხყოფა არაა მხილება. ქუთაის-გაინათის ახალ მეუფედ იოანეს დავუჭირეთ მხარი და მეუფე პეტრე გაბრაზდა. ის სრულად არ განკვეთილა ეკლესიიდან, შეუჩერდა მღვდელთმთავრის წოდება, მღვდელმსახურად რჩება. ჭყონდიდის ეპისკოპოსად წალკის ეპისკოპოსი მეუფე გრიგოლი დაინიშნა“ - განუცხადა ჟურნალისტებს მეუფე ნიკოლოზმა.
შეგახსენებთ, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ჭყონდიდის ეპისკოპოსს, მეუფე პეტრეს მღვდელთმთავრის წოდება ჩამოართვეს. ყოფილმა ეპისკოპოსმა კი პატრიარქს „პიდარასტიისა და მამათმავლობის“ ცოდვით შეპყრობილი უწოდა.