საპარლამენტო ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სინოდმა მიიღო ზუსტად ის გადაწყვეტილება, რომელიც მოემსახურება ეკლესიაში პროცესების უკეთ წარმართვას.
„ჩვენ ამ საკითხში სიღრმეში, ბუნებრივია, ვერ შევალთ. მათ შორის კომენტარების გაკეთების დროსაც. ვიცით, რომ შეიკრიბა სინოდი, გადაწყვეტილებები მისაღები იყო სინოდის მიერ. პატრიარქი არის ბრძენი და ის ყოველთვის იღებდა ხოლმე ბრძნულ გადაწყვეტილებებს. სინოდს ჰქონდა იმის საშუალება, რომ ემსჯელა სიღრმისეულად იმ საკითხებზე, პრობლემებზე, რომლებიც იდგა ეკლესიის წინაშე. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ სინოდმა მიიღო ზუსტად ის გადაწყვეტილება, რომელიც მოემსახურება ეკლესიაში პროცესების უკეთ წარმართვას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იგი მეუფე პეტრეს სკანდალურ განცხადებასაც გამოეხმაურა:
„ეს არის განცხადება, რომელიც თავის თავზე თავისთავად მეტყველებს. ეს იყო მთლიანად სინოდის მიერ მისაღები გადაწყვეტილება. ჩვენ არ გვაქვს არც უფლება და არც შესაძლებლობა, სიღრმეში შევიდეთ, ამ მსჯელობისას უკეთ იცოდა რა თქმა უნდა სინოდმა, უკეთ იცოდნენ სინოდის წევრებმა, უკეთ იცოდა პატრიარქმა, თუ რა მდგომარეობა იყო შექმნილი, რა იყო გადაწყვეტილების კონტექსტი და აქედან გამომდინარე, სწორედ მათ ჰქონდათ საუკეთესო შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად სწორი, რაციონალური გადაწყვეტილება მიეღოთ. ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება ეკლესიის ინტერესებს. ჩვენთვის მთავარია, ეკლესიის სიძლიერე და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ ეს გადაწყვეტილება სწორედაც ეკლესიის სიძლიერის შენარჩუნებას მოემსახურება“.
შეგახსენებთ, წმინდა სინოდის სხდომის განჩინება არ გამოქვეყნებულა. თუმცა, ცნობილია, რომ სინოდმა ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან განაყენა.