ევროპის 11 ქვეყნის 46 უნივერსიტეტის და საქართველოს 44 უნივერსიტეტის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ERASMUS+ საკონტაქტო სემინარში. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ერასმუს + საქართველოს ოფისის კოორდინატორი ლიკა ღლონტი ესწრებოდნენ.
Erasmus+ ევროკავშირის პროგრამაა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოსა და ევროპის ქვეყნების თანამშრომლობას უმაღლესი განათლების სფეროში. თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, სემინარის დანიშნულებაა საპარტნიორო პროექტების განვითარების მიზნით ქართულ და ევროპულ უნივერსიტეტებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის ხელშეწყობა: „ასეთი მასშტაბური საკონტაქტო სემინარი პირველად ტარდება. ახალი კონტაქტების დამყარების დიდი ინტერესია და მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდეცია იზრდება. თსუ ჩემპიონია ამ მიმართულებით: 244 პროექტი გვაქვს უკვე მოპოვებული, რაც იმას ნიშნავს, რომ თსუ-ს უფრო მეტ სტუდენტს, პროფესორსა და ადმინისტრაციის წარმომადგენელს აქვს მობილობის საშუალება ევროპელ პარტნიორებთან.“
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ აღნიშნა, რომ სემინარი საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას შეუწყობს ხელს: „ერასმუს + პროგრამა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმი, იმისთვის, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა დაუახლოვდეს და გახდეს ევროპის უმაღლესი განათლების სისტემის სრულფასოვანი ნაწილი. ამ პროგრამის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობა, სადაც ისინი ერასმუს +-ის მეშვეობით მოიპოვებენ გრანტებს ერთობლივი პროგრამებისა და კვლევების განსახორციელებლად.“
Erasmus+ ევროკავშირის პროგრამაში 2015 – 2019 წწ-ის განმავლობაში 41 ქართული უნივერსიტეტი იღებს მონაწილეობას. როგორც საქართველოს ოფისის კოორდინატორმა ლიკა ღლონტმა განაცხადა, „საქართველომ რეგიონული ბიუჯეტის გარდა, დამატებით მიიღო 3.5 მილიონი ევრო იმისთვის, რომ გვქონდეს მეტი გაცვლითი სასტიპენდიო პროგრამა სტუდენტებისთვის, პროფესორებისთვის და ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის, ეს დამატებით 800-მდე სტიპენდიანტს გულისხმობს. სემინარი ხელს შეუწყობს ქართულ და ევროპულ უნივერსიტეტებს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარებას.“
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი მხარს უჭერს მსგავსი ფორმატის შეხვედრებს საქართველოში და იმედს გამოთქვამს, რომ „შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე მომავალში არაერთი გაცვლითი პროგრამა განხორციელდება ქართველ და ევროპელ პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის წარმატება, რაც საქართველოს აქვს ერასმუს + პროგრამებში.“
Erasmus+ ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა 30 ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტი, გაიცა 110 სამაგისტრო სტიპენდია, 4775 სტიპენდია საქართველოს სტუდენტებისა და პროფესორებისათვის, 2725 სტიპენდია საქართველოში ევროპიდან ჩამოსული სტუდენტების და პროფესორებისათვის.