დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე ბუკინგემის სასახლის 775 ოთახიდან მხოლოდ 6-ს იყენებს. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი დედოფლის პირადი მკერავის ანჟელა კელის მემუარებზე დაყრდნობით წერს.
წიგნში The Other Side of the Coin: The Queen, the Dresser and the Wardrobe („მედლის მეორე მხარე: დედოფალი, მკერავი და გარდერობი“), რომელიც სამეფო სახლის ნებართვით არის დაწერილი, კელი წერს, რომ სასახლის მცხოვრებლების შესახებ უამრავი ჭორი ვრცელდება, თუმცა რეალობა სულ სხვაა.
„ელისაბედ მეორე ძალიან მოკრძალებული ქალია და მხოლოდ რამდენიმე ოთახს - საძინებელს, ცალკე საძინებელს, სააბაზანოს და საგარდერობო ოთახს იყენებს. მიღებების ოთახში ის პრემიერს და სხვა მაღალჩინოსნებს ხვდება. დედოფალი ასევე იყენებს მოსაცდელ ოთახს, თუმცა ვერც ერთ ოთახს დიდს ვერ ვუწოდებ და იქ ძალიან ცოტა ავეჯია“, - წერს დედოფლის პირადი მკერავი.
ბუკინგემის სასახლეში, რომელიც 1703 წელს აშენდა, 19 ოფიციალური და 90-ზე მეტი საოფისე ოთახი, 52 საძინებელი სამეფო ოჯახის წევრთა და მათი სტუმრებისთვის, 68 სააბაზანო და მოსამსახურეებისთვის განკუთვნილი 188 ოთახია.