თსუ ისრაელის ცენტრის პრეზენტაცია

თსუ ისრაელის ცენტრის პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის   სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის გაღრმავებასა და ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებაზე იყო საუბარი თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული ისრაელის ცენტრის პრეზენტაციაზე. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შაბთაი ცური, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„19 წლის განმავლობაში თსუ „ისრაელის ცენტრი“ იყო ადგილი, სადაც იმართებოდა შეკრებებები და იხილებოდა ქართულ-ებრაულ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, ტარდებოდა  სხვადასხვა საკითხის სამეცნიერო კვლევები. ვაპირებთ, რომ ახალი სუნთქვა შევძინოთ ამ ყველაფერს. ისრაელის სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ  ჩვენი ურთიერთობა უფრო მაღალ დონეზე გადავიდეს; საუბარია ერთობლივ კვლევაზე, საერთო სამეცნიერო პროექტების მომზადებასა და განხორციელებაზე,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარაშიძემ.

„ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამ ცენტრმა  წარმატებით იმუშაოს. იქნება გაცვლითი პროგრამები და მოვიწვევთ ისრაელიდან ჩვენს მკვლევრებსა და პროფესორებს, რომლებიც  ლექციებს ჩაატარებენ თსუ სტუდენტებისთვის,“ - განაცხადა ისრაელის ელჩმა შაბთაი ცურმა.

ცენტრის მკვლევრისა და წარმომადგენელის თამარ მახარაშვილის თქმით, ცენტრში ჯერ კიდევ 1944 წლიდან ისწავლებოდა ებრაული ენა. „მნიშვნელობა ამ ცენტრისა არის განუზომლად დიდი, რადგანაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ უნივერსიტეტზე, იმ უნივერსიტეტის წიაღში არსებულ ცენტრზე, სადაც ჯერ კიდევ 1944 წლიდან ისწავლება ებრაული ენა. ყველა ჩვენი ელჩის, ყველა ჩვენი ოფიციალური წარმომადგენლის ისრაელში პირველი ფრაზა, როდესაც ქვეყანაში ჩადის არის ეს. მე ვარ იმ ქვეყნიდან, სადაც 1944 წელს, როდესაც მსოფლიოში ებრაელებს დევნიდნენ, ებრაულ ენას ასწავლიდნენ და ეს შესაძლებლობა მისცა სწორედ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩვენს ქვეყანას,“- აღნიშნა თამარ მახარაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის თქმით, სახალხო დიპლომატიის კვალდაკვალ უაღრესად მნიშვნელოვანია სამეცნიერო-აკადემიური თანამშრომლობების ხელშეწყობა: „უკვე 10 წელია ისრაელის ცენტრი მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, არაერთი სამეცნიერო პროექტი განხორციელებულა, მაგრამ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის თვალსაზრისით, როგორც უმაღლესი განათლების, ასევე ახალგაზრდა მეცნიერთა თანამშრომლობის ხელშეწყობა კიდევ უფრო გააღრმავებს და შეუწყობს ხელს ქართველ და ებრაელ ხალხთა თანამშრომლობას.“

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე „ისრაელის ცენტრი“ 19 წლის წინ დაარსდა. მისი ბოლო ხელმძღვანელი იყო პროფესორი გურამ ლორთქიფანიძე.  ცენტრი აქტიურადაა დაკავებული ქართულ-ებრაული სამეცნიერო კვლევითი სამუშაოებით, სხვადასხვა მიმართულების საქმიანობითა და ღონისძიებებით.