იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია და პრემია ქართველოლოგიის დარგში

იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია და პრემია ქართველოლოგიის დარგში

ქართველოლოგიის დარგში შესრულებული მნიშვნელოვანი ნაშრომისთვის „ქართული ენა, დამწერლობა, ხელნაწერები“ იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიით დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე.  ,,ძალიან კმაყოფილი ვარ და დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ყველას, რომ ასე დაფასდა ჩემი შრომა. განსაკუთრებით ის, რომ გოგებაშვილის პრემია მომენიჭა. წიგნი გამოვიდა ახლახან და ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია-“ განაცხადა  ზურაბ ჭუმბურიძემ. პრემია ზურაბ ჭუმბურიძეს თსუ-ში იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე გადაეცა, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუდენტები, პროფესორები, ქართული სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,გოგებაშვილის პრემია ენიჭებათ მეცნიერებს განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც საკუთარი სამეცნიერო ნაშრომით შეიტანეს ქართული ენის პოპულარიზაციაში.  წელს ეს პრემია მრავალწლიანი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის ენიჭება გამოჩენილ პროფესორს, მეცნიერს ზურაბ ჭუმბურიძეს მისი წიგნისთვის, რომელიც შეეხება იმ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია ქართულ ენასთან,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის თქმით, „2015 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწესდა გოგებაშვილის სახელობის მეტად საპატიო პრემია. ამის გარდა, უნივერსიტეტი მართავს ძალიან მნიშვნელოვან სამეცნიერო ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობას იღებს მრავალი მეცნიერი ჩვენი ქვეყნისა. წელს ეს კონფერენციაც გაიმართება და პირველად ჩვენ ვმართავთ ძალიან მნიშვნელოვან სტუდენტთა კონფერენციასაც.’’

ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიას უნივერსიტეტი 2 წელიწადში ერთხელ გადასცემს საპრემიო წლის ოქტომბრის ბოლოს (27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა). პრემია ენიჭება საქართველოს მოქალაქეს ქართველოლოგიურ სამეცნიერო დარგში შესრულებული მნიშვნელოვანი ნაშრომისათვის. სამეცნიერო პრემიის მიზანს წარმოადგენს ქართველოლოგიური სამეცნიერო დარგების (ქართული ენა, საქართველოს ისტორია და წყაროთმცოდნეობა, ქართულ სიძველეთა კვლევა და არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ქართული ლიტერატურათმცოდნეობა, საქართველოს ეთნოგრაფია და ფოლკლორი, ქართული ქრისტიანული კულტურის ისტორია და მსოფლმხედველობის საფუძვლები, ქართველოლოგიური ბაზების ტექნოლოგიური უზრუნველყოფა, ქართული პედაგოგიური აზროვნება) შემდგომი განვითარება. გოგებაშვილის პრემია უკვე მესამედ გაიცა.

წელს იაკობ გოგებეშვილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაემატა  კიდევ ერთი,  სტუდენტთა პირველი სამეცნიერო კონფერენცია. მასში მონაწილეობას იღებს თსუს სხვადასხვა ფაკულტეტის – ჰუმანიტარული, ფსიქოლოგიისა და განათლების, სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტები, რომლებმაც უმთავრესად წარმოადგინეს თემატური მოხსენებები იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება-მოღვაწეობის, მრავალმხრივი  საქმიანობის შესახებ. ღონისძიებაში მონაწილეობენ სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის XI  კლასის მოსწავლეებიც. ასევე კონფერენციის ფარგლებში  გაიმართება ღონისძიება „ვკითხულობთ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას“. კონფერენციის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილია  მოხსენებები, რომელიც ხელს უწყობს ქართველოლოგიური დარგების განვითარებას.