„სიახლე მხოლოდ კოფის „ინიციატივის“ პროვოკაციულობაშია, რაც რუსეთის ჰიბრიდული ომის ინტერესებს უფრო ემსახურება“

„სიახლე მხოლოდ კოფის „ინიციატივის“ პროვოკაციულობაშია, რაც რუსეთის ჰიბრიდული ომის ინტერესებს უფრო ემსახურება“

ამერიკელი პოლიტიკური მრჩეველი, ლუკ კოფი სირიიდან გამოყვანილი აშშ–ის ჯარების საქართველოში, კერძოდ ახალქალაქში განთავსების ინიციატივით გამოდის. ეს რეკომენდაცია კოფიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა, რომლის მიხედვით, აშშ–ის ჯარი საქართველოში გაიგზავნოს და გახდეს „ჰორიზონტს მიღმა“ ძალა, რომელიც სწრაფად უპასუხებს „ისლამურ სახელმწიფოს“, იმ შემთხვევაში თუ ის კვლავ გაძლიერდება. კოფის „ტვიტერ“ რეკომენდაციას შესაბამისი არგუმენტებით უპასუხეს ანალიტიკოსებმა, რომელთა შეფასებით, მისმა ინიციატივამ საქართველოსა და თურქეთს შორის შესაძლოა, ურთიერთობა დაძაბოს.

ამ მოსაზრებას არ იზიარებს ლუკ კოფი და მიიჩნევს, რომ ამ მოსაზრების ავტორები საქართველო–თურქეთის ურთიერთობებს არ იცნობენ. თუმცა, წერს, რომ მისი ინფორმაციით, სირიიდან გამოყვანილი აშშ–ის ჯარების საქართველოში, კერძოდ ახალქალაქში განთავსების საკითხი არ არის განხილული აშშ–ის მთავრობის მიერ.

„ბევრი ამბობს, „როგორ მოგვარდება ლოჯისტიკის ამბავი“? ეს მხოლოდ 750 კილომეტრია. ვფიქრობ, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს ამის დაძლევა შეუძლიათ. მათ, ვინც ამბობს, „როგორ იქნება საქმე თურქეთთან“? არ ესმით თურქეთ– საქართველოს ურთიერთობა. დიახ, ეს რუსეთის შეკავებასაც ეხება“, – წერს ლუკ კოფი.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ეს არაოფიციალური პირის განცხადებაა და ოფიციალური შეთავაზება ამ თემაზე არ არის.

„ის წარმოადგენს ექსპერტს, ამიტომ უხერხული იქნება ჩემი მხრიდან მის ერთგვარ მოსაზრებაზე კომენტარის გაკეთება. თავისთავად ცხადია, ჩვენ ვართ ჩვენი ამერიკელი და ნატო–ს ქვეყნების ძირითადი პარტნიორები, ვმუშაობთ ერთად, თუ რაიმე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების კომპონენტია, აქაც ერთობლივად ვმუშაობთ შესაბამის პროექტებზე, ამიტომ, არ მგონია, მის ამ ექსპერტულ მოსაზრებას ჩემი მხრიდან რამე კომენტარი სჭირდებოდეს“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოსთვის სტრატეგიული საკითხების განხილვა აშშ–ის მთავრობასთან და კონგრესთან ხდება. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, აშშ–სთან სამუშაო ფორმატებში ამერიკული კონტინგენტის ახალქალაქში განთავსების წინადადება განხილული არ ყოფილა.

„ეს არის ექსპერტის მოსაზრება და ალბათ, ქართველმა ექსპერტებმა უნდა უპასუხონ. საქართველოს ხელისუფლებას მუდმივი კავშირი, სამუშაო კომუნიკაცია აქვს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან, კონგრესთან. ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული საკითხების განხილვა იმ ფორმატებში ხდება. სამუშაო ფორმატებში ასეთი წინადადება დასმული არ ყოფილა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ხელისუფლებისგან განსხვავებით, ლუკ კოფის ინიციატივას მხარს უჭერს ოპოზიცია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ეს იდეა გამოავლენს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას რუსეთისადმი. როგორც გოცირიძე აცხადებს, თეორიაში არსებულ საკითხზეც კი ვერ გაბედავენ ხმამაღლა პასუხს, ვინაიდან, ცალი თვალით და ყურით რუსეთისკენ იქნებიან მიპრყობილი.

„ხშირად იყო საუბარი, რომ შესაძლებელია, ნატო–ში გაწევრიანებამდე გარკვეული სხვა სახის ნაბიჯებიც გადადგმულიყო, რომელზეც სალომე ზურაბიშვილმა ერთ–ერთ ინტერვიუში ძალიან ცუდი პასუხი გასცა. ფაქტობრივად, მან უარი განაცხადა ამ სცენარით მოვლენების განვითარებაზე, რაც ძალიან ცუდია. ამიტომ, საინტერესო იქნება ხელისუფლების წარმომადგენლები რას უპასუხებენ ამას. ალბათ, პასუხი იქნება, რომ ეს არ არის ოფიციალური პირის ნათქვამი, მაგრამ საუბარია სერიოზულ მოსაზრებაზე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ოთარ კახიძეს კი, ხელისუფლებისგან არ მაქვს მოლოდინი, რომ გაბედულ ნაბიჯებს გადადგამენ ამ მიმართულებით. „ევროპული საქართველოს“ წევრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ თუ კოფის ინიციატივა ორმხრივ შეხვედრებზე ოფიციალურად დადგება ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, აუცილებლად იზრუნონ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების გაძლიერებისთვის.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გააქტიურება, სამხედრო თვალსაზრისით და ამ პარტნიორობის გაღრმავება ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოსი, არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ჩვენთვის მთავარი საფრთხე არის რუსეთი, მათგან მომდინარეობს ეგზისტენციალური საფრთხე, რომელიც ჩვენ სახელმწიფოებრიობას ემუქრება და ამის შემაკავებელი ფაქტორი არის სწორედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ფაქტორი.

ამიტომ არის მისასალმებელი სამხედრო წვრთნები, რომელიც აქ ტარდება. ამიტომ არის მისასალმებელი ამერიკული სამხედრო გემები, რომელიც ჩვენ პორტებს სტუმრობენ. ეს არის შეკავების პოლიტიკა. თუ ამის გაგრძელება იქნება ამერიკული სამხედრო დანაყოფების საქართველოში ყოფნა, ჩვენთან შეთანხმების ფარგლებში, ეს კიდევ უფრო მეტად გაზრდის ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებს. ამიტომ ამგვარი თემები თუ წამოიჭრება ოფიციალურად, ჩვენმა მთავრობამ აუცილებლად უნდა განიხილოს ეს თემა და გადაწყვიტოს სწორედ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ ასეთი შემოთავაზებების განხილვა უცხოელი ექსპერტების მხრიდან, რომლებიც არ წარმოადგენენ აშშ–ის ოფიციალურ ხელისუფლებას, აზიანებს საქართველოს საგარეო ვექტორს. როგორც სალუქვაძე აცხადებს, არ იცის რამდენად დამოუკიდებელი არის კოფის განცხადება, რომელსაც საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვს აქ გარკვეულ პოლიტიკურ წრეებთან და საექსპერტო საზოგადოებასთან. ბრიგადის გენერალი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ეს არის ერთობლივი მათი ნააზრევი, რომელსაც ლუკ კოფი აჟღერებს.

„ეჭვი მეპარება, რომ ამერიკის ხელისუფლების სხვადსხვა შტოებში, იდეის დონეზეც განიხილებოდეს ეს საკითხი. თუ ეს საკითხი იქნება განხილული სამთავრობო დონეზე, მაშინ შეიძლება, რომ ამ თემაზე რაიმე კომენტარები გავაკეთოთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ მიმაჩნია მიზანშეწონილად და ყველა იდეას, რომელსაც ლუკ კოფი გააჟღერებს ხოლმე, ამხელა აჟიოტაჟის წამოწყება ჩემი აზრით, საქართველოსთვის მომგებიანი არ არის“, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.

როგორც სალუქვაძე აცხადებს, კოფის ინიციატივაში არაფერი იქნებოდა საპრობლემო დისლოკაციის ადგილი რომ არ მიეთითებინა.

„ნუღარ ამოგვიყვანს ყელში საკუთარ „მზრუნველობას“ მის აქაურ პარტნიორებთან ერთად. იქნებ, ჯერ დაფიქრდნენ-ხოლმე და მერე გააჟღერონ ღამის ნაფიქრალები. ვერც ამერიკული ბაზის საქართველოში განლაგების იდეის ავტორად გამოდგება, რადგან უამრავ ადამიანს უსაუბრია ამ თემაზე, მეც დამიწერია, ნატოში გაწევრიანების გაწელილი პროცესის ფონზე, რომ უნდა ვიფიქროთ აშშ–სთან ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

ასე რომ, სიახლე მხოლოდ „ინიციატივის“ პროვოკაციულობაშია, რაც რუსეთის ჰიბრიდული ომის ინტერესებს უფრო ემსახურება, ვიდრე ჩვენსას. მსგავსი მოლაპარაკებები მთავრობებს შორის იმართება და საინფორმაციო აშლილობა საჭირო არაა. ეს მხოლოდ ზრდის ჩრდილოეთიდან მომავალ საფრთხეებს“, – აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.

tngh ვინ არის ეს ლუკ კოფი, რომ თავს უფლებას აძლევს საქართველოს ტერიტორია უცხო ქვეყნის ჯარებისთვის გამოიყენოს??? აშშ-ს პრეზიდენტია თუ საქართველოსი???
5 წლის უკან
Katana "ოთარ კახიძეს კი, ხელისუფლებისგან არ მაქვს მოლოდინი, რომ გაბედულ ნაბიჯებს გადადგამენ ამ მიმართულებით."
?!
ურმის თვალგადავლილი ნაცები რომ "გაბედულ ნაბიჯებს" ტუტუცური ნაბიჯებისაგან ვერ არჩევენ, იმის შედეგებს იმკის საქართველო 2008 წლიდან!
5 წლის უკან
Maverick Katana, მეგობარო, "ურმის თვალგადავლილი ნაცების"-ს ნაცვლად ხომ არ აჯობებდა გვეხმარა ურმის თვალგა(და)ნავალი ნაცები, ისედაც განავალია ორივე მხარე და აქოთებული... რუსეთთან "მებრძოლის" ხიშტი ისე აქვთ ტრ..ში გარჭობილი ყელამდე ამოუვიდათ, როგორც კი პირს დააღებენ უკვე წვერიც კარგად ჩანს.
5 წლის უკან