ნატო–ს მასშტაბური სამხედრო წვრთნები „ევროპის დამცველი 2020“, 2020 წლის აპრილ–მაისში 10 ქვეყანაში, მათ შორის – გერმანიაში, პოლონეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, ესტონეთსა და საქართველოში გაიმართება. აშშ–ის ევროპულ სარდლობაში აცხადებენ, რომ სამხედრო სწავლება დაეხმარება ნატო–ს მიზნებს, აამაღლოს მზადყოფნა ალიანსის შიგნით და შეაკავოს პოტენციური მოწინააღმდეგეები.
სამხედრო სწავლებაში 20 000 ამერიკელი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას, რაც ბოლო 25 წელიწადში სამხედრო წვრთნებისთვის ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის განთავსების პირველი შემთხვევა იქნება. სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს 8 000 ევროპელი ჯარისკაცი.
მასშტაბურ სამხედრო წვრთნების მანევრების ლოგისტიკური ცენტრი, გერმანია იქნება. მანევრებში, აშშ–ისა და გერმანიის გარდა, მონაწილეობას ნატო–ს წევრი კიდევ 15 სახელმწიფო მიიღებს. ამერიკელი ჯარისკაცები და ტექნიკა გერმანიაში თებერვალში ჩავა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში წვრთნები აპრილში დაიწყება.
„სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი ზურაბ აგლაძე აცხადებს, რომ ნატო–ს მასშტაბური სამხედრო წვრთნების „ევროპის დამცველი 2020“–ის საქართველოში ჩატარებას უდიდესი დატვირთვა აქვს და კარგია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარდება ეს წვრთნები, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ტერიტორიას აქვს უდიდესი მნიშვნელობა და, რომ დასავლეთი ჩვენ გვიყურებს როგორც პარტნიორს.
„ისეთ ქვეყანაში, რომელიც არ არის მისი პარტნიორი, ნამდვილად არ ჩატარდებოდა ამ მასშტაბის სამხედრო სწავლება და ასევე, რაც მნიშვნელოვანია, ეს არის დემონსტრირება და ერთგვარი მესიჯი დასავლეთის რუსეთის მიმართ, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი პარტნიორი და ჩვენ მზად ვიქნებით ყველაფერში დავეხმაროთ ამ ქვეყანას. ამ სწავლებით კარგად წარმოჩნდება, რომ ეს არის ევროპის დაცვის სწავლება და აგრესიის შემთხვევაში გამოჩნდება, რომ ევროპის დაცვის ერთ–ერთი კომპონენტი არის საქართველო“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ზურაბ აგლაძემ.
ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ მთავარი ინტერესია ნატოს აღმოსავლეთ საზღვრების, ასევე პარტნიორი/ასპირანტი ქვეყნების უსაფრთხოების განმტკიცება. ეს კი, მისი შეფასებით, შეუძლებელია შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების გარეშე.
„ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვანია აშშ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზება, რადგან ამერიკული სამხედრო ხომალდების წვდომა შავ ზღვამდე მხოლოდ თურქეთის გავლითაა შესაძლებელი. თუ ხმელეთზე ნატო–რუსეთის დაჯგუფებები ერთმანეთის საპირწონედ შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა სამსჯელოა, შავ ზღვაზე რუსეთის ფლოტი დომინირებს. ნატოს გააქტიურება სწორედ რუსეთის გაძლიერების საპასუხოდაა და არა პირიქით, როგორც ამას რუსეთის მედია ხატავს“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას ამირან სალუქვაძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ნატო–ს სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილებები მიანიშნებს იმაზე, რომ შავი ზღვა და საქართველო არის პრიორიტეტული ამერიკასთან ურთიერთობის კუთხით და მათ შორის, ნატო–ს კონტექსტში.
„რაც შეეხება თავად ამერიკელების ინტერესს შავ ზღვაზე, დიახ, რა თქმა უნდა, ამერიკელებს აქვთ ინტერესი შავ ზღვაზე და როგორც აქამდე იყო, მომავალშიც იქნება შავი ზღვა და მთლიანად რეგიონი ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესის არეალში. ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც 2018 წელს იქნა მიღებული ბრიუსელის ნატო–ს სამიტზე, სწორედ შავი ზღვის უსაფრთხოების თემატიკას განსაზღვრავს და აქ არის კონკრეტული მიმართულებები, რომელიც მოხდა სამიტის გადაწყვეტილებებში, საქართველოსთან მიმართებაში და სწორედ შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საუბარია ისეთ კონკრეტულ თემებზე, როგორიცაა აბორდაჟის ჯგუფის ვარჯიშებში მონაწილეობა.
ბუნებრივია, როგორც აქამდე, ისე მომავალშიც შავი ზღვა იქნება მთავარი სტრატეგიული პარტნიორის სტრატეგიული ინტერესის სფეროში და ჩვენ, ყველა ამ მიმართულებით აქტიურად ვითანამშრომლებთ მათთან. ჩვენ სწორედ ფაქტებით გამყარებული უერთიერთობა გვაქვს, როგორც აშშ–თან, ისე სხვა ნატოელ პარტნიორებთან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
პოლიტოლოგის რამაზ საყვარელიძის განცხადებით, თუკი ამერიკა შავ ზღავას დათმობს, შავი ზღვის სივრცე აღმოჩნდება თურქეთის, ან რუსეთის ხელში. არც ერთი ეს ხელი ამერიკისთვის სანდო არ არის. პოლიტოლოგის განცხადებით, მოცემულ პირობებში ყველაზე მეტ ნდობას იმსახურებს საქართველო.
„ამერიკას სწორედ საქართველოში მიაჩნია, რომ არის საყრდენი მისთვის და ამიტომ აიღო ორიენტაცია საქართველოზე. ბუნებრივია, რომ ეს ჩვენთვის საყურადღებო მოვლენა არის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვართ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი. მნიშვნელოვანია კიდევ იმ თვალსაზრისით, რომ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას დაუდგა პრობლემა, რომ იმ მსოფლიოში, რომელიც ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოახერხა თავისი ადგილის პოვნა. ყველა ქვეყანას ჰქონდა თავისი სივრცე მოძებნილი, ეს ახალი ქვეყნები, რომლებიც საბჭოთა კავშირის მერე წარმოიშვნენ, რჩებოდნენ უფუნქციოდ. აი, ამ უფუნქციოდ დარჩენას საქართველო გადაარჩინა ბაქო–ჯეიჰანის იმ პროექტმა, რომლისთვისაც იბრძოდა შევარდნაძე, ახლა გაჩნდა ფუნქციის შეძენის ახალი მომენტი. სტრატეგიული მნიშვნელობა არის ის ახალი ფუნქცია, რომელიც თუ ქვეყანამ შეიძინა, ასეთ შემთხვებაში ქვეყანა მნიშვნელოვან ფუნქციებს შეიძენს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.