ცნობილმა ამერიკელმა კინორეჟისორმა ფრენსის ფორდ კოპოლამ ლიონის კინოფესტივალზე ყოფნისას კოლეგას და მეგობარს მარტინ სკორსეზეს „მარველის“ შესახებ გამოთქმული მოსაზრებების შემდეგ მხარი დაუჭირა და კიდევ უფრო მკაცრად განაცხადა, რომ „მარველის“ სტუდია უბრალოდ „საზიზღრობაა“.
„როცა მარტინ სკორსეზე ამბობს, რომ მარველის ფილმები კინო არაა, ის მართალია, რადგან ჩვენ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ კინოსგან რამეს ვისწავლით, შევიძენთ, გონება გაგვინათდება, გარკვეულ შთაგონებას მიიღებ. არ მგონია, რომ ვინმე რამეს იღებდეს ამ ფილმების განმეორებით ყურებით. მარტინი კეთილშობილურად მოიქცა, როდესაც თქვა, რომ „მარველის“ ფილმები კინო არაა. მან არ თქვა, რომ ისინი საზიზღრობაა, თუმცა ამას მე ვამბობ“, - აღნიშნა რეჟისორმა.
რეჟისორმა მარტინ სკორსეზემ რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ „მარველის“ ფილმებს არ უყურებს და ეს არაა კინო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ემოციურ, ფსიქოლოგიურ გამოცდილებებს გადასცემენ.
ფრენსის ფორდ კოპოლა კი ლუმიერების სახელობის პრემიის მფლობელი გახდა. მსოფლიო კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაწესებული ჯილდო ლეგენდარულ რეჟისორს ლიონის კინოფესტივალზე გადასცეს.