ლაგოდეხში “ბატონები” ბობოქრობს, დანარჩენ მოსახლეობას კი ლეიშმანიოზი და “ღორის გრიპი” ემუქრება. ზამთარი ჯერ არ დაწყებულა და მდგომარეობა უკვე არასახარბიელოა.
ლაგოდეხის რაიონში, საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ჩუტყვავილა გავრცელდა. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაგოდეხის სამსახურის უფროსმა ნუნუ ნოზაძემ განუცხადა, ულიანოვკისა და შრომის საჯარო სკოლებში დაავადება 14 მოსწავლეს აღმოაჩნდა.
ნუნუ ნოზაძის განცხადებით, აღნიშნულ სკოლებში უკვე იმყოფებოდნენ ეპიდემიოლოგები და შესაბამისი ღონისძიებები გაატარეს. “ჩუტყვავილა მეტად რომ არ გავრცელდეს, მოსწავლეები სრულ განკურნებამდე სახლში იქნებიან”, - განაცხადა ნოზაძემ.
ეპიდემიოლოგები დაკვირვებას სხვა სკოლებშიც ახორციელებენ, თუმცა ვითარება არ შეუსწავლიათ საბავშვო ბაღებში, სადაც კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ბავშვების ჩუტყვავილით დაავადების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ქალაქის პირველ საბავშვო ბაღში. საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსის ირმა სიყმაშვილის თქმით, საბავშვო ბაღებში მდგომარეობა დღეს გადამოწმდება.
ჩუტყვავილა ბავშვთა ასაკის მწვავე ვირუსული დაავადებაა. ავადმყოფი ადამიანი ვირუსს გამოყოფს ხველის, ცემინების დროს და დაავადების დაწყებიდან 9-10 დღის განმავლობაში ინფექციის წყაროს წარმოადგენს. ვირუსი გარემოში უმალვე იღუპება, ამიტომ ავადმყოფის ნივთებით და მესამე პირით ინფექცია არ ვრცელდება. ჩუტყვავილას გადატანის შემდეგ ყალიბდება მყარი იმუნიტეტი და განმეორებითი დაავადების შემთხვევები არ გვხვდება.
ჩუტყვავილა, ძირითადად, მსუბუქად მიმდინარეობს და 10-12 დღეში სრული განკურნებით მთავრდება. იშვიათად შეიძლება ჩუტყვავილამ მძიმე მიმდინარეობა მიიღოს. ჩუტყვავილას მსუბუქი ფორმა წამლებით მკურნალობას არ მოითხოვს, მაგრამ საჭიროა წოლითი რეჟიმი, კანის, ხელებისა და ფრჩხილების სისუფთავე, პირის ღრუს
გამოვლება სოდიანი წყლით. გართულებული, მძიმე ფორმები საჭიროებს მკურნალობას საავადმყოფოს პირობებში.
ავადმყოფი ბინის პირობებში გამოცალკევებული უნდა იყოს 9 დღის განმავლობაში. კონტაქტში მყოფი ბავშვები, რომელთაც წინათ არ მოუხდიათ ჩუტყვავილა, ინფეციის შესაძლო წყაროს წარმოადგენენ. ამიტომ ისინი 21 დღის განმავლობაში არ უნდა დავუშვათ დაწესებულებებში.
სანამ ლაგოდეხში “ბატონებს” ებრვიან, მანამდე “ღორის გრიპი” იკრეფს ძალას. საქართველოში H1N1 ვირუსით ინფიცირების კიდევ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა პაატა იმნაძემ განაცხადა, შემთხვევები კიდევ ფიქსირდება, ინფიცირებულთა ზუსტი რაოდენობა ცენტრისთვის ჯერჯერობით უცნობია და თვის ბოლოს დადგინდება. იმნაძე მოსახლეობას ურჩევს, რაც შეიძლება, ხშირად დაიბანონ ხელები და ხალხმრავალ ადგილებში სიარულს მოერიდონ.
ჯანდაცვის სამინისტრო H1N1 ვირუსის გარცელების პიკს დეკემბრის ბოლოსთვის ელის. ამასთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით ექიმებს სპეციალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ. კლინიკებში მომზადებულია სპეციალური პალატები, სადაც ვირუსის გართულების შემთხვევაში დაავადებულებს მოათავსებენ.
ჩუტყვავილას და “ღორის გრიპს” ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში ლეიშმანიოზიც დაემატება. დაავადების შეთხვევების მატებას ელოდებიან სწორედ ამ პერიოდში ელოდებიან.
როგორც პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის ექიმმა მანანა მახარაძემ განაცხადა, ამჟამად კლინიკაში ლეიშმანიოზით დაავადებული ერთი პაციენტი მკურნალობს, თუმცა თვის ბოლოდან შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი.
მისი თქმით, ლეიშმანიოზით ადამიანი ზაფხულში ავადდება. დაავადებას კონსერვაციის პერიოდი ახასიათებს, რომელიც რამდენიმე თვეს გრძელდება და სიმპტომები მხოლოდ შემოდგომაზე იწყებს გამოვლენას.
ლეიშმანიოზი მწერებს გადააქვთ. დაავადების მატარებლები მაწანწალა ძაღლები არიან, ადამიანი კი იმ შემთხვევაში ინფიცირდება, თუ მწერი ჯერ ასეთ ძაღლს კბენს, შემდეგ კი - ადამიანს.
დაავადების სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, რომელიც ანტიბიოტიკების მიღების შემთხვევაშიც კი არ ეცემა.