ჰოლივუდის ყველაზე გავლენიანი ადამიანები დასახელდნენ

ჰოლივუდის ყველაზე გავლენიანი ადამიანები დასახელდნენ

გამოცემა The Hollywood Reporter-ის ჟურნალისტებმა ჰოლივუდის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი შეადგინეს.

ყველაზე წარმატებული ტოპმენეჯერების, კრეატიული დირექტორებისა და კინოვარსკვლავების სიის სათავეში სტუდია Disney-ის გენერალური დირექტორი რობერტ აიგერი აღმოჩნდა, რომლის ფილმებმაც 2019 წელს 8 მილიარდი დოლარის შემოსავალი დააფიქსირეს.

მეორე ადგილზე Netflix-ის აღმასრულებელი დირექტორი რიდ ჰასტინგსი და კონტენტ-ოფიცერი ტედ სარანდოსი მოხვდნენ, მესამე ადგილი კი ტელეკომუნიკაციური გიგანტის Comcast Corp-ის აღმასრულებელ დირექტორს ბრაიან რობერტს და ​NBCUniversal-ის აღმასრულებელ დირექტორს სტივ ბურკს ერგოთ.

რეიტინგში პირველად მოხვდნენ აშშ-ის ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი მეუღლე მიშელი, რომლებმაც აგვისტოში ოჰაიოს შტატში მრეწველობის შესახებ დოკუმენტური ფილმი წარადგინეს. ობამების წყვილმა რეიტინგში 50-ე ადგილი დაიკავა.

ჰოლივუდის მსახიობებიდან სიაში რის უიზერსპუნი (37-ე ადგილი), ლეონარდო დიკაპრიო (47), ბრედ პიტი (54), სკარლეტ იოჰანსონი (65), უილ სმიტი (81), ჯენიფერ ლოპესი (92) და მარგო რობი (99) მოხვდნენ.