„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დაარეგისტრირა. თინა ბოკუჩავას იმედი აქვს, რომ ამჯერად ინიციატივა 50 დეპუტატის მხარდაჭერას მოიპოვებს. ვინ შეიძლება დაუჭიროს მხარი მმართველი პარტიიდან კომისიის შექმნის ინიციატივას, კონკრეტულ სახელებს ვერ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ შესაძლოა, ასეთი დეპუტატებიც გამოიძებნონ.
„წინა ჯერზე, როდესაც პარლამენტმა ჩააგდო საგამოძიებო კომისიის საკითხი, საფუძვლად მოიყვანა მთავარი პროკურორის განცხადება, რომ აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდებოდა და დასკვნით განცხადებას გააკეთებდნენ 6 მაისის შემდეგ, ორი თვის ვადაში. მას შემდეგ ხუთ თვეზე მეტი გავიდა.
ხედავთ, რომ ეს განცხადება ისეთივე ყალბი იყო, როგორც შალვა თადუმაძის დიპლომი, რადგან ხუთი თვის მერეც არანაირი დასკვნითი განცხადებები არ გაკეთებულა, არ დასრულებულა ეს საქმე. თემირლანის ოჯახს არ აქვს კითხვებზე პასუხები, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თავიდან მივმართოთ პარლამენტს მოთხოვნით, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. საჭიროა სულ 50 დეპუტატის ხმა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თავად მალხაზ მაჩალიკაშვილი იმედს იტოვებს, რომ მმართველ გუნდში მოიძებნება 18–20 ადამიანი იმისათვის, რომ საბოლოოდ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. სხვა შემთხვევაში როგორც მაჩალიკაშვილი აცხადებს, გააგრძელებს ხელმოწერების შეგროვებას და ამ გზით აიძულებს ხელისუფლებას, რომ დათანხმდეს კომისიის შექმნას.
„ამ ხელისუფლებაში არანაირი იმედი არ მაქვს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, იმედს დავიტოვებ ის 1–20 ადამიანი მოიძებნება მმართველ გუნდში, რომ კიდევ 20 ხმა დაგვემატოს და შეიქმნას საბოლოოდ საგამოძიებო კომისია. ამის გარდა ჩვენ 100 000 ხელმოწერას ვაგროვებთ, რომ თუ მაინც ჩააგდეს, ვაიძულოთ ამით მაინც. მმართველი გუნდიდან წინა შემთხვევაში ვინც დაგვიჭირა მხარი, მათ იმედზე ვარ. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია“, – განუცხადა ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
შალვა თადუმაძის განცხადებით, გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეზე ბოლო ინფორმაცია არ აქვს, მაგრამ ამბობს, რომ მისთვის, როგორც გენერალური პროკურორისთვის, მაჩალიკაშვილის საქმე ძალიან დიდი გამოწვევაა და ერთ–ერთი პრიორიტეტულია პროკურატურისთვის. ამასთან, როგორც თადუმაძემ აღნიშნა, საგამოძებო მოქმედებები, მით უმეტეს, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე, მხოლოდ პროკურატურის უწყებაში არ მიმდინარეობს.
„დაკითხულია თითქმის ყველა მოწმე, გადაკითხულია ის მოწმეები, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ, რომ დამატებით დაკითხვა განხორციელებულიყო მათ მიმართ. მიმართულია შესაბამისი სამსახურებისთვის შესაბამისი ექსპერტიზების ჩატარების თაობაზე, შემაჯამებელი გადაწყვეტილებისთვის გარკვეული დოკუმენტების მიღება–ამოღება იყო საჭირო. უკანასკნელი ინფორმაცია არ მაქვს ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს პირადად ჩემთვისაც შეიძლება გამოწვევა იყოს,“ – განაცხადა შალვა თადუმაძემ.
პოზიციას არ იცვლიან მმართველ გუნდში. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს.
„მეგონა, როგორც ჩვენ ვსაუბრობდით დღეს, ასევე ილაპარაკებდნენ ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც სუს–ის წარმომადგენლებთან პარლამენტში გამართულ დახურულ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. სამწუხაროდ, ჩემი ეს მოლოდინი არ გამართლდა, რომ ისინი ამაზე სპეკულაციურ კომენტარებს არ გააკეთებდნენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ვიცე–სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საკითხზე ყველა კითხვაზე პასუხი სუს–ის ხელმძღვანელის მოსმენაზე მიიღო. თუმცა ამბობს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. მისი თქმით, პარლამენტის ერთი მესამედი მიღებს თუ არ გადაწყვეტილებას, ეს რთული სათქმელია, თუმცა ადასტურებს, რომ დღის წესრიგში არის გათვალისწინებული და კენჭისყრის დროს გამოჩნდება რა მოხდება.
„ვინაიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელახლა დააყენა კომისიის შექმნა დღის წესრიგში, კანონის თანახმად გათვალისწინებულია დღის წესრიგში ჩასმა, რაც შეეხება შეიქმნება თუ არა კომისია, ეს დამოკიდებულია პარლამენტის წევრებზე, თუკი 50 დეპუტატი მხარს დაუჭერს კომისიის შექმნას, მაშინ შეიქმნება.
მე შემიძლია გითხრათ ჩემი პირადი აზრი, როდესაც ჩვენ გვქონდა სუს–ის ხელმძღვანელის მოსმენა, ეს მოსმენა იყო დახურული მედიისთვის და საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი, თუმცა პარლამენტის წევრებისათვის კარგად არის ცნობილი ყველა საკითხი, რომელზეც იყო საუბარი და მათ შორის დიდი დრო დაეთმო მაჩალიკაშვილის საქმის განხილვას. მე პირადად მივიღე ყველა პასუხი იმ კითხვებზე, რომელიც მქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მმართველი გუნდიდან წასვლის შემდეგ მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტის ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობს დეპუტატი ეკა ბესელია, რომლის შეფასებით, საგამოძიებო ორგანოებს საქმის გამოძიების ყველა გონივრული ვადა ამოეწურათ.
„მე დავუჭირე ბოლო კენჭისყრაზე მხარი და ვაპირებ, რომ თუ დადგება ეს საკითხი, კვლავ დავუჭირო, იმიტომ, რომ ამ დრომდე გამოძიებამ ვერ დაასრულა თავისი სამუშაო და ვერ დადო საბოლოო შედეგი. ყველა გონივრული ვადა, ვფიქრობ, ამოწურულია და უბრალოდ, არ დგება ამ გადაწყვეტილების მიღება. ასეთ შემთხვევაში პარლამენტის ჩართვა არის უკიდურესი აუცილებლობა. ამ ლოგიკით დავუჭირე მხარი ბოლოს ამ ინიციატივას და თუ ეს საკითხი დადგება, ისევ დავუჭერ მხარს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს სახალხო დამცველი. როგორც ნინო ლომჯარია ამბობს, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ორი წლის განმავლობაში გამოძიებამ ვერ დადო შედეგები.
„თითქმის ორი წელი გახდება ძალიან მალე, რაც მიმდინარეობს გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით და გამოძიებამ ვერ დადო შედეგები. მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად, დღეს უკვე დროული და სწორია, რომ პარლამენტმა იმსჯელოს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. მე მხარს ვუჭერ ამ გადაწყვეტილებას და ვფიქრობ, მართებული იქნება, თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ბოლო-ბოლო, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე უჭერს მხარს, ომბუდსმენი უჭერს მხარს, უმრავლესობაშიც და უმცირესობაშიც, დარწმუნებული ვარ, გამოჩნდებიან სათანადო ოდენობის მხარდამჭერები!.. მართლა და მართლა, რა ახირებაა ამ კომისიის არშექმნაზე ჩაციკლვა?! - არ გინდათ, რომ ოდესმე დამთავრდეს ეგ ამბავი?!. მით უმეტეს, როგორც ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის მიერ მოგროვილი მასალებიდან ვიცი, ძალიან საეჭვო ვითარებაში იქნა მოკლული ის ბიჭი და მერე სასწრაფოდ იქნა გამქრალი მტკიცებულებები!..
არ გამოვა ეგრე მარტივად ნაცრის შეყრა საზოგადოებისათვის! არ არის კომუნისტების დრო, შსს რასაც იტყოდა, ის რომ იყო ერთადერთი და უდავო ჭეშმარიტება! - განვითარდა ტექნოლოგიები და შეეგუეთ, რომ ხალხი ასე იოლად და უსაბუთოდ არაფერს დაგიჯერებთ!
ამ საქმეს მიებას ლაფანყურის საქმე და ორივე საქმეზე დაიდოს საბოლოო საგამოძიებო დასკვნა, ოღონდ ეს საქმეები გამოიძიონ დამუოკიდებელმა ექსპერტებმა და პარლამენტარებმა, რათქმა უნდა ნაცბოზბანდის გამოყოფილი, ოცნებაში დეპორტირებული V კოლონის, ნაცმიდრეკილი ასოების, და ჭურნალისტების გამოკლებით!