სან-ფრანცისკოს ხელოვნების გალერეადან სალვადორ დალის ცნობილი ნახატი „ჟირაფი ცეცხლში“ 32 წამში მოიპარეს. ტელეარხმა ABC7-მა შემთხვევის ამსახველი კადრები გამოაქვეყნა, რომელიც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.
კადრებში ჩანს კაცი, რომელიც Dennis Rae Fine Art-ში შედის, საიდანაც ნახატი ქუჩაში გამოაქვს და გზას აგრძელებს. გალარეა სალვადორ დალის ნამუშევრებს მასპინძლობს, ეს ნახატი კი ყურადღების მისაქცევად ვიტრინაში იყო გამოფენილი.
გალერეის დირექტორის თქმით, მძარცველს თანამზრახველი ჰყავდა, რომელმაც თანამშრომელს ყურადღება გადაატანინა, სანამ ბოროტმოქმედი 20 000 დოლარის ღირებულების ნახატს მოიპარავდა.
სალვადორ დალიმ „ჟირაფი ცეცხლში“ 1966-1967 წლებში პაბლო პიკასოს შემოქმედების გავლენით დახატა.