“ასეთ ბოღმის ბუკეტებს, რომლებიც საკუთარი ეგოს ფხანაზე ფიქრობენ, არაფერი უნდა ესაქმებოდეთ ქართულ პოლიტიკაში

“ასეთ ბოღმის ბუკეტებს, რომლებიც საკუთარი ეგოს ფხანაზე ფიქრობენ, არაფერი უნდა ესაქმებოდეთ ქართულ პოლიტიკაში"

“ნაციონალური მოძრაობის”  წევრი სალომე სამადაშვილი “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერიას, განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ხელისუფლების ცვლილებას ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ უნდა მოჰყვეს.

როგორც სამადაშვილმა “მთავარ არხთან” საუბრისას აღნიშნა, ის ვერ გამოუცხადებს ამნისტიას მაგალითად, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რომელმაც “საკუთარ მოქალაქეებს თვალები დათხარა”.

“დაანონსება იმის, რომ ამნისტია იქნება, არავინ პასუხისმგებელი არ იქნება არაფერზე, ჩემი აზრით, ეს არაფრისმომცემი არ არის და არც ბატონი ბოკერიას გადასაწყვეტი არაა, ვინ წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე,” – განაცხადა სამადაშვილმა.

13 ოქტომბერს მთავარი არხის ეთერში გადაცემაში “მთავარი აქცენტები” “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, განაცხადა, რომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილებას ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ მოჰყვეს.

გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პოლიტიკური დანაშაულისთვის არავის არ გაასამართლებენ, მათ შორის არც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს.

“მე არ ვარ მომხრე იმ ნათქვამის, რომ ივანიშვილი ციხეში, მისი გადასაწყვეტი იქნება მისი ბედი. არ დაიწყება წინა მთავრობის სისხლისსამართლებრივი დევნა გარდა იმ შემთხვევებისა, სადაც არის მკვლელობა. წინა ხელისუფლების გასამართლება აბსოლუტურად არანორმალურ პოლიტიკურ ციკლში ამყოფებს მთელ ქვეყანას. ჩვენ არ გვყავს პროკურატურა და რაც მთავარია, სასამართლო არ გვყავს ისეთი, რომ პოლიტიკური ფიგურების დევნის დროს მოგვცემდა განცდას, რომ არიან მიუკერძოებლები. მართლმსაჯულების მთელი მუღამი ხო იმაშია, რომ ჩვენ რასაც ვთვლით, ისე კი არ უნდა იყოს, პროცესი უნდა იყოს სწორი“, – განაცხდა გიგა ბოკერიამ.

აღნიშნულ თემასა და სალომე სამადაშვილის განცხადებაზე, “ტაბულას” დამფუძნებელმა, “ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას მეუღლემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

“სწორედ რომ ხელისუფლებაში ვინცაა იმის გადასაწყვეტია ეროვნული თანხმობის მიღწევის გზით წავა, თუ პოლიტიკური ოპონენტების დევნის გზით და ისევ მოჯადოებულ წრეზე ტრიალით.

რაც შეეხება სალომეს, ასეთ ბოღმის ბუკეტებს (წულუკიანისებრს), რომლებიც არა ქვეყანაზე, არამედ საკუთარი ეგოს ფხანაზე ფიქრობენ, არაფერი უნდა ესაქმებოდეთ ქართულ პოლიტიკაში და სასურველია ეს ყველაფერი 2020-ში გაირკვეს”, – წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.