ხელისუფლებაში ყოფნის 7 წლისთავი „ქართულმა ოცნებამ“ საკმაოდ მოკრძალებულად აღნიშნა. ის შემოიფარგლა მხოლოდ განცხადებით, რომლის წაკითხვა, ვფიქრობ მის ყველაზე აქტიურ მომხრეებსაც კი გააოცებდა. მთავარ მიღწევად სააკაშვილის რეჟიმზე გამარჯვება და მისი ხელისუფლებაში დაბრუნების შეუძლებლობა დასახელდა.
განცხადებაში ვკითხულობთ, „უკვე შვიდი წელია ქართველი ხალხი „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ყოველ არჩევნებზე ადასტურებს 1 ოქტომბრის ღირებულებების ერთგულებას“. განცხადებაში, ბუნებრივია, არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ სოციოლოგიური გამოკითხვებით ამ ხალხის რაოდენობა წლითი წლობით კლებულობს.
გაუგებარია რატომ აირჩია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ საზოგადოებასთან კომუნიკაციის ეს გვარიანად მოყირჭებული ენა - ილაპარაკო გამარჯვებებსა და წარმატებებზე, ისე რომ არ იფიქრო, როგორ აღიქვამს ამას შენი მოსახლეობა და ამომრჩეველი.
დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ ჩვენს მოქალაქეს არ განელებია ის განცდა, რაც 2012 წლის 1 ოქტომბერს დაეუფლა. იმ დღეს ბევრი ჩვენგანი თავისუფლების მოედანზე ზეიმობდა არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას. ჩვენ ვზეიმობდით გათავისუფლებას შიშისგან, ძალადობისგან და დამცირებისგან, დამოკლეს მახვილივით რომ ეკიდა თითოეული მოქალაქის, სხვათა შორის მაშინდელი რეჟიმის მომხრეთა თავებზეც კი. მახსოვს, მეორე დღეს სამსახურში მოსული გულწრფელი ცრემლებით მოქვითინე თანამშრომელი, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმის დამარცხება პირად ტრაგედიად აღიქვა. დიახ, ასეთებიც საკმაოდ იყვნენ და ისინი დღეს ჩვენს გვერდით ცხოვრობენ.
2012 წლის 1 ოქტომბერს, როდესაც ქართველმა საზოგადოებამ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა უნდა დასრულებულიყო, ის მზად იყო საკუთარი გადაწყვეტილების დასაცავადაც. სხვათა შორის, ეს მზადყოფნა თვალნათლივ დაინახეს მათაც, ვისაც იმ არჩევნების სხვა შედეგზე ჰქონდა გათვლა. სწორედ საქართველოს მოსახლეობის მტკიცე ნება გახდა ის მთავარი მიზეზი, რის გამოც სააკაშვილს მოუწია ხელისუფლების „მშვიდობიანად“, უფრო სწორად კი იძულებით გადაბარება. ამ ე.წ. „გადაბარებას“ კი დღემდე გვაყვედრიან „ნაცმოძრაობა“ და მათი მხარდამჭერები შინ თუ გარეთ.
არ შევუდგები იმის დეტალურად აღწერას, თუ რაოდენ დიდი მოლოდინები ჰქონდა ხალხს იმ დღიდან მოყოლებული, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოაბიჯა, „ქართული ოცნება“ დააფუძნა და შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა. შესაძლოა, თავად ბიძინა ივანიშვილმაც ვერ შეაფასა ბოლომდე რამდენად ჭარბი და გულწრფელი იყო ის ნდობა, რაც 7 წლის წინ მას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ გამოუცხადა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის არაერთხელ იტყვის, რომ მოსახლეობის ჭარბი ნდობა მაქვსო. თუმცა, „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერის მიმართ ამ ნდობის თანდათანობითი დევალვაცია 2012 წლის შემდეგ ჩატარებულ ყოველ მომდევნო არჩევნებზე ჩნდებოდა და კულმინაციას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიაღწია.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ რაც უფრო მაღალია საზოგადოების მოლოდინები და იმედები კონკრეტული ლიდერის ან პარტიის მიმართ, მით უფრო მძიმე გადასატანია ამ მოლოდინებისა და იმედების გაცრუების განცდა. ეს რომ ნამდვილად ასეა, ამას ადასტურებენ როგორც სოციოლოგიური გამოკითხვები, ისე ჩვენი ყოველდღიური დაკვირვებები. ჩვენი სოციუმი ხომ ძალიან პატარაა და შეკრული. შესაბამისად მისი განწყობები, რომ იტყვიან, ხელისგულზე დევს.
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების კონტაქტი ხალხთან შაგრენის ტყავივით იკუმშებოდა. დღეს ბევრი მათგანი სოციალური ქსელებით აქტიურად ცდილობს მოსახლეობასთან კონტაქტს. არადა, 2013 და შემდგომ წლებში მათთან კონტაქტზე გასვლა რიგითი მოქალაქისათვის ურთულეს ამოცანას წარმოადგენდა. ხალხისგან დაშორებამ წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობის ფონზე, თავის გარდუვალი შედეგები გამოიღო. ხალხში „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული მოლოდინების და იმედების თანდათანობითი ეროზია დაიწყო. ოპოზიცია კი ოპოზიცია არ იქნებოდა, რომ ამით არ ესარგებლა და ისარგებლა კიდეც.
რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესდა. სამოქალაქო სექტორმა და მედიამ, სააკაშვილის რეჟიმთან შედარებით, მიიღეს თავისუფლებების შეუდარებლად მაღალი ხარისხი. თუმცა, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ავტორიტარიზმის არტახებიდან ქვეყნის და საზოგადოების გათავისუფლება თავად „ქართულ ოცნებას“ დაუბრუნდა მოულოდნელად მძიმე ბუმერანგად. ის გახდა სამოქალაქო სექტორის და მედიის „გადამეტებული ყურადღების,“ ზოგჯერ კი ღია შეტევების ობიექტი, აქედან გამომდინარე შედეგებით. „ნაცმოძრაობასთან“ ე.წ. „კოაბიტაციის“ თავსმოხვეულმა პოლიტიკამ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შემდეგ თავადაც აიტაცა, რადგანაც მიხვდა, რომ ამ ლიმონისგან ლიმონათის გაკეთება შეეძლო, ამომრჩევლის განაწყენება და გაუცხოება გამოიწვია. სამართლიანობის აღდგენის მომლოდინე უამრავი მოქალაქე ღრმად იმედგაცრუებული და გაბრაზებული დარჩა, როდესაც მათი მწვალებლები სისტემის უმანკო მსხვერპლებად წარმოუდგინეს. „ქართული ოცნების“ ძალიან ბევრი აქტიური მხარდამჭერი, რომელთა გარეშეც ვერ შედგებოდა 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვება, რომ იტყვიან ბორტს მიღმა დარჩა - ისინი უბრალოდ მიივიწყეს. სამაგიეროდ, ამ ხალხმა იხილა წინა ხელისუფლების სისტემის არაერთი წარმომადგენლის აღზევება.
რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ვერსად გაექცევა იმ უხვ დაპირებებს ეკონომიკის წლითი წლობით გაუმჯობესებაზე რაც უზენაეს დონეზე გაიცა 2012 წელს.
გასული 7 წლის მანძილზე ქვეყანაში ამ მხრივ გარკვეული ნაბიჯები ნამდვილად გადაიდგა. წნეხისგან გათავისუფლებული ბიზნეს გარემო გაუმჯობესდა, გაიზარდა ექსპორტი, მოიმატა ხელფასებმა და პენსიებმა, გაჩნდა სოციალური დაცვის მეტი გარანტიები და ა.შ. თუმცა ეს დადებითი ტენდენციები ერთბაშად შთანთქა ლარის ეტაპობრივმა გაუფასურებამ, რომელიც აგერ უკვე მესამე წელია ქვემოთ მიექანება და რიგითი მოქალაქეებისათვის, რომელთა საფულესაც ეს დევალვაცია მტკივნეულად ურტყამს, დღემდე უცნობია გაუფასურების გამომწვევი მიზეზები. საერთაშორისო რეიტინგებში დაწინაურება, რა თქმა უნდა, კარგია და სასიამოვნო მოსასმენი, თუმცა, რიგითი მოქალაქისათვის ეს დიდი ვერაფერი შვებაა, რადგანაც მისი მდგომარეობა ამით არ უმჯობესდება და რჩება მხოლოდ იმედი, რომ გვირაბის ბოლოს ოდესღაც გამოკრთება შუქი.
გოეთე ამბობდა, „იმედი სასაფლაოს გვერდითაც ცხოვრობსო,“ ხოლო ლეონარდო და ვინჩის უთქვამს „იქ სადაც იმედი კვდება, იქ სიცარიელე წარმოიქმნებაო.“ ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვები, რამდენად ტენდენციურადაც არ უნდა მივიჩნევდეთ მათ, აჩვენებს, რომ მოსახლეობის ნაწილს ჯერ კიდევ არ დაკარგვია „ქართული ოცნების“ იმედი. ამავე დროს, იმედების გაცრუების გამო წარმოქმნილი სიცარიელე მისი ახალი ალტერნატივით შევსების სურვილს ბადებს და ეს სურვილი ციფრებში უკვე თითქმის 50% უდრის.
ამბობენ, რომ იმედი საუკეთესო მკურნალია. თუკი იმედი არ დაგიკარგავს, ეს ნიშნავს, რომ ლოდინიც შეგიძლია და თმენის და რწმენის რესურსიც გაქვს. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, თმენის და რწმენის ამ რესურსმა შვიდი წელი გასტანა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე „ქართულ ოცნებას“ უბრალოდ სხვა გზა არ დარჩენია, რომ მოქალაქეების ჯერ კიდევ შემორჩენილ თმენას და რწმენას ხორცი შეასხას.