ეს ადამიანი მოსამართლე არ არის. ეს ადამიანი არის ის ადამიანი, რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას ბრალდებულმა ნიკა მელიამ მოსამართლე გიორგი კერატიშვილი მას შემდეგ რაც ის მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, მოსამართლემ მხედველობაში არ მიიღო ადვოკატის შუამდგომლობა, რომ მისი აღკვეთის ღონისძიებაზე შესაბამის დროში ემსჯელა, რომელიც "სამაჯურის მოხსნა-არ მოხსნას" ეხებოდა. როგორც მელია განმარტავს, მან არ იცის მოსამართლემ რა ჩათვალა შეურაცხმყოფელად იმ სიტყვებიდან, რითიც მოსამართლე გიორგი კერატიშვილს მიმართა.
„დარბაზიდან გამოსვლისას მე მას ვუთხარი, რომ ხალხო, ერთმანეთს სიმართლე ვუთხრათ, სანამ ჩვენ სიმართლეზე საუბარს არ შევეჩვევით, ერთმანეთისთვის სიმართლის თქმას, არაფერი გვეშველება. ეს ბატონი არანაირი მოსამართლე არ გახლავთ. ეს არის ადამიანი, რომელსაც მოსამართლის მანტია აქვს შემოცმული. სინამდვილეში, შიგნით აცვია "ქართული ოცნების" მაისური. აბსოლუტური უმრავლესობა ასეთია, როგორც საქალაქო სასამართლოში, ისე სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში. რასაც მე ახლა ვსაუბრობ, ამის ნათელი დადასტურერებაა მთელი ის პროცესი, რაც უკანასკნელ დღეებში მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში, როდესაც მოდიან „ზონდერ მოსამართლეები" და ბიძინა ივანიშვილი უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშვნას უპირებს. ერთ-ერთი ასეთი ბატონი ეს ადამიანი გახლავთ. არ გაითვალისწინა შუამდგომლობა, რომ სამაჯურის მოხსნა- არმოხსნის საკითხი დროზე განეხილა", - განაცხადა მელიამ და დასძინა, რომ ამ ადამიანს მოსამართლედ ვერ აღიქვამს.
მას შემდეგ რაც მოსამართლემ ბრალდებული ნიკა მელია სხდომის დარბაზიდან გააძევა, პროცესი გაგრძელდა. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.