გიორგი ცუცქირიძე მამუკა ხაზარაძეზე:  სასამართლო პროცესის პოლიტიზირებულად წარმოჩინება  ფულის გათეთრების საქმის ანაკლიის პორტით გადაფარვას ემსახურება

გიორგი ცუცქირიძე მამუკა ხაზარაძეზე:  სასამართლო პროცესის პოლიტიზირებულად წარმოჩინება ფულის გათეთრების საქმის ანაკლიის პორტით გადაფარვას ემსახურება

სასამართლო პროცესის პოლიტიზირებულად წარმოჩინება  ფულის გათეთრების საქმის ანაკლიის პორტით გადაფარვას ემსახურება - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე.

ისედაც ცხადი იყო თუ რატომ გადაწყვიტა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ბატონმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება და ფორსირებულ რეჟიმში "თორმეტეულთა" წარდგენის კამპანია სექტემბერ-ოქტომბერში.

ბუნებრივია, მან კარგად იცოდა, რომ ოქტომბერში სასამართლო პროცები ელოდა, და თადარიგიც წინასწარ დაიჭირა ანუ საზოგადო მოღვაწის მანტია მოისხა პოლიტიკური ინდულგენციისათვის. გუშინ საკუთარ ფეისბუკზე და დღეს უკვე სასამართლო პროცესზე გაკეთებული სკანდალური და მყვირალა განცხადებები სხვა არაფერია თუ არა ამ პროცესის პოლიტიკურ დევნად წარმოსახვა, საზოგადოების და დიპკორპუსის თვალში, სხვა საქმეა ვის რამდენად ჯერავს ეს!

სწორედ ამ პოლიტიკური მოცემულობის შესაქმნელად დაჭირდა მთელი ამ პრეისტორიის განმავლობაში ამ მიმართებით ანაკლიის თემის აქტუალიზაცია მაშინ როდესაც პროკურატურა ფულის გათეთრების საქმეზე ედავება?!

ოქტომბერი კი იმ თვალსაზრისითაც არის საყურადღებო, რომ სწორედ 15 ოქტომბრამდე აქვს კონსორციუმს ბოლო ვადა მიცემული ინვესტორებთან ხელშეკრულების წარმოსადგენად, რომლის თარიღმაც უკვე მერამდენჯერ გადაიწია და ისიც მთავრობის კეთილი ნებიდან გამომდინარე, შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, რამდენიმე მილიონის ჯარიმის ჩამოწერაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

სასამართლო პროცესის ამგვარად წარმოჩინება კი ფულის გათეთრების საქმის ანაკლიის პორტით გადაფარვას ემსახურება, თორემ ვინ დაუშალა სამი წლის მანძილზე, სატენდერო პირობებით აღებული ვალდებულებების შესრულება- შეევსო თუნდაც კონსორციუმის საწესდებო კაპიტალი, 400 მილიონიან საინვესტიციო ნაწილს თავი რომ დავანებოთ?

მისი აშკარად რეალობას აცდენილი და ისტერიული განცხადებები კი მიმართული ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომ ის თითქოსდა ფარდას ახდის იმ ჭაობს რომელიც ყველას და ყველაფერს წალეკვით ემუქრება, სხვა რამეზე უფრო მიუთითებს. ამ განცხადებებში ის წარმოჩინდება არა უსამართლობასთან და ქვეყანაში შექმნილ "დაჭაობებულ" სიტუაციასთან მებრძოლ რაინდად, არამედ უფრო ჩანს ის დიდი შიში, რაც მისთვის ბრალეულობის სავარაუდო დამტკიცების პერსპექტივიდან მომდინარეობს.

ისე რჩევის სახით, სანამ ამ ტიპის აბსურდულ განცხადებებს გააკეთებს, მას საქართველოზე ბოლოდროინდელი საერთაშორისო კვლევების და გამოხმაურობების გაცნობასაც ვურჩევდი, რომლებიც დიამეტრალურად განსხვავდება არსებული სიტუაციის მისეული შეფასებებისგან.