წინასაარჩევნო უხვი დაპირებების მიუხედავად, ხელისუფლებამ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობაც გააძვირა. მთავრობას თბილისის მოსახლეობის წინააღმდეგ სოციალურ რეპრესიებში ადანაშაულებენ. ოპოზიცია თბილისის საკრებულოს „სამარცხვინო გადაწყვეტილებაზე“ და ზოგადად „ხელისუფლების სატარიფო ძალადობაზე“ საუბრობს.
მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური 6 დეკემბრიდან 50 თეთრი გახდება. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე 30 ხმით 9-ის წინააღმდეგ მიიღეს.
საკითხი სხდომაზე თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა აკაკი ჯოხაძემ წარადგინა. მგზავრობის საფასურის 10 თეთრით გაძვირების საკითხს საკრებულოს სხდომაზე ცხარე დისკუსია და კამათი მოჰყვა.
საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელისგან ითხოვდნენ ეღიარებინა, რომ მგზავრობის საფასური მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის ძვირდება და ეს სოციალურ ფონზე მძიმედ აისახება.
სხდომაზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა ლევან კოპლატაძემ ციფრებში წარმოადგინა მონაცემები იმის შესახებ, მოსახლეობის რომელი კატეგორია მგზავრობისთვის რა ტარიფს იხდის. მისი თქმით, დედაქალაქში 580 ათას ადამიანს - სოციალურად დაუცველ პირს მგზავრობის საფასური არ გაუძვირდება, თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ეს საკითხიც ეჭქვეშ დააყენეს.
მგზავრობის საფასურის გაზრდას საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ქალაქის მთავრობამ მგზავრობის თანხის გაძვირება საწვავზე ფასების მომატებით ახსნა.
6 დეკემბრიდან საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის საფასური 50 თეთრი იქნება. ელექტრონული ბარათებით სარგებლობის შემთხვევაში, იმავე დღეს ბარათის მეორედ გამოყენების დროს მგზავრობის საფასური 30 თეთრი იქნება, ყველა მომდევნო მგზავრობა კი 20-20 თეთრი.
„ტარიფებთან დაკავშირებით საკრებულომ თავისი ფუნქციები მერიას გადააბარა“ - ამის შესახებ საკრებულოს წევრმა თინა ხიდაშელმა საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მუნიციპალურ ტრანსპორტზე ტარიფის 10 თეთრით გაძვირებას თინა ხიდაშელმა მხარი არ დაუჭირა.
„ტრანსპორტის ღირებულის გაზრდა ერთი თვის წინ დაიწყო, როდესაც მერიამ ავტობუსები შეამცირა. დღეს ეს პროცესი გაგრძელდა და დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს მგზავრობის მეორე და მესამე ღირებულებაც გაძვირდება. მთავრობა დანაპირებს რომ არ ასრულებს, რეალურად ჩანს. საკრებულომ თავისი ფუნქციები დაკარგა და ეს ფუნქციები მერიას გადააბარა“, - განაცხადა ხიდაშელმა.
„ქრისტიან-დემოკრატები“ ტრანსპორტზე ფასის გაზრდას მხარს არ დაუჭერენ“, – ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ ინგა გრიგოლიამ საკრებულოს სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხის სხდომაზე დამტკიცება საკუთარი მოსახლეობის წინაშე ჩადენილი დანაშაული იქნება. ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარემ მოუწოდა საკრებულოს უმრავლესობას, არ დაუჭიროს მხარი ქალაქის მთავრობის მიერ შემოთავაზებულ გადაწყვეტილებას და საკითხი საკრებულოს სხდომაზე ჩააგდონ.
უკვე ახალი ტარიფის დაკანონების შემდეგ ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ თბილისის საკრებულომ სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო: „საკრებულომ სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო. ხელისუფლება ცდილობს, მოსახლეობას ფასი ყველაფერზე გაუზარდოს. მუნიციპალურ ტრანსპორტზე ტარიფის აწევა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაიწყო, როდესაც მერიამ ავტობუსები შეამცირა. რეალურად, მგზავრობის საფასური 90 %-ით გაიზარდა. ტარიფი გაძვირდა წყალზე და ბევრ რამეზე. თბილისის საკრებულომ კი დღეს სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო მეტროსა და ავტობუსზე ფასის გაძვირებასთან დაკავშირებით“.
უმუშევრობის მაღალი კოეფიციენტის გათვალისწინებით კი, ქვეყანა სოციალური კატასტროფის ახალ, უფრო მძიმე ნიშნულს უახლოვდება, რომლის ყველაზე მკაცრი გამოხატულება იქნება მთავარ სასიცოცხლო პროდუქტებსა და მომსახურებაზე – სითბოზე, წყალზე, გადაადგილებაზე ხელმიუწვდომლობა.
„ჩვენ ვერ შევეგუებით ხელისუფლების სატარიფო ძალადობას ხალხზე. ვერ შევეგუებით მხოლოდ მონოპოლისტი კომპანიების ინტერესების გატარებას ჩვენი მოსახლეობის სასიცოცხლო მოთხოვნილებების იგნორირების ხარჯზე“, - განაცხადა გიორგი თარგამაძემ და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ პარტიის მთავარი კომიტეტის გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულოს ფრაქცია - „ქრისტიან-დემოკრატებმა“ მხარი არ დაუჭირეს „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას მუნიციპალურ ტრანსპორტზე ფასების გაზრდის შესახებ.
დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასურისა და წყლის ტარიფის გაზრდას „ქართული პარტიაც“ აპროტესტებს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის ხელმძღვანელობის მიერ გადადგმული ნაბიჯები მოქალაქეების ისედაც გაუსაძლის სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ არსებული ხელისუფლება გეგმავს ელექტროენერგის, წყლის და დასუფთავების გადასახადის ერთი „ქოლგის“ ქვეშ მოქცევას, რაც, პარტიის შეფასებით, უსამართლობის დაკანონებაა.
„ქართული პარტია“ ხელისუფლებას თბილისის მოსახლეობის წინააღმდეგ სოციალურ რეპრესიებში ადანაშაულებს და მოითხოვს, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ ხელი აიღოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასურისა და წყლის ტარიფის გაზრდაზე.
გარდა ამისა, პარტიის აზრით, უნდა გაუქმდეს გადაწყვეტილება, რომელიც კომუნალური გადასახადების ერთად სავალდებულო გადახდას ითვალისწინებს. „ქართული პარტია“ მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს თბილისის მოსახლეობის ძარცვა და ამის ნაცვლად, თანამოქალაქეების სოციალურ კეთილდღეობაზე იზრუნოს.
„ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯები ნამდვილად არ შედიოდა ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირებებში, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ მმართველი პარტია უხვად გასცემდა. მეტიც, 31 მაისის არჩევნების წინ თბილისის მერი გიგი უგულავა დედაქალაქის მოსახლეობას ლამის ოქროს მთებს ჰპირდებოდა. ამის ნაცვლად, თბილისელები კიდევ ერთხელ გაწბილდნენ და ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ვინაიდან მმართველმა გუნდმა მათ წინააღმდეგ სოციალური ტერორი გააჩაღა“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
„ქართული პარტია“ ასევე აღნიშნავს, რომ ყველა ზომას მიიღებენ, რათა თბილისის მოსახლეობის სოციალური დისკრიმინაციის შეწყვეტას სამართლებრივი გზით მიაღწიოს.