ალიევმა აღნიშნა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს – დიახ, გვაკავშირებს, იმიტომ რომ მეგობრებს და პარტნიორებს გეოგრაფია კი არ ჰყოფს, არამედ აკავშირებს

ალიევმა აღნიშნა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს – დიახ, გვაკავშირებს, იმიტომ რომ მეგობრებს და პარტნიორებს გეოგრაფია კი არ ჰყოფს, არამედ აკავშირებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე აზერბაიჯანში ვიზიტი შეაჯამა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შემთხვევითი არ იყო პრემიერ-მინისტრის რანგში მისი პირველი ვიზიტი სწორედ აზერბაიჯანში. პრემიერის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გასცდა ორმხრივ და რეგიონულ განზომილებას და მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონტექსტი შეიძინა.

„გუშინ გვქონდა ვიზიტი ბაქოში. არ იყო შემთხვევითი, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, პირველი ვიზიტი ჩაგვეტარებინა სწორედ აზერბაიჯანში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გასცდა არა მხოლოდ ორმხრივ განზომილებას, არამედ რეგიონულსაც და მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონტექსტი შეიძინა. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს თანამშრომლობა უნდა იყოს ეფექტური, შედეგიანი და გამომდინარეობდეს ჩვენი ქვეყნების ინტერესებიდან. განსაკუთრებით დღეს, იმ მოვლენების ფონზე, რომელიც რეგიონში ხდება, უაღრესად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ეფექტური თანამშრომლობა სიმშვიდის, სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტირების მიზნით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო ერთმანეთის ნდობით აღჭურვილი, ძლიერი ეკონომიკური პარტნიორები არიან და ენერგომატარებლების და ტრანსპორტის მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობაც საერთაშორისო მნიშვნელობას იძენს.

„გარდა ამისა, ჩვენ განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის ისეთი მნიშვნელოვანი სფეროები, როგორიც არის ვაჭრობა, ტრანსპორტი, ურთიერთ ინვესტიციები. ასევე, დავგეგმეთ კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისკენ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა ბოლო ათი წლის განმავლობაში არ შემდგარა და პირველი ნაბიჯი იქნება ნოემბრის მეორე ნახევარში – კომისია შედგება, რაც უნდა გახდეს ფუნდამენტი და ეფექტური ინსტრუმენტი ჩვენი ურთიერთობების დახვეწის და ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.