ზაზა თავაძე:  შეწყალებასთან დაკავშირებით მორატორიუმი არ უნდა გამოცხადდეს

ზაზა თავაძე: შეწყალებასთან დაკავშირებით მორატორიუმი არ უნდა გამოცხადდეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ზაზა თავაძე მიიჩნევს, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით მორატორიუმი არ უნდა გამოცხადდეს.

მას ამ კითხვით იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მიმართა

„რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ შეწყალებასთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადება?“, - მიმართა კითხვით მამუკა მდინარაძემ ზაზა თავაძეს.

„ის უფლებამოსილებები, რაც პრეზიდენტს გააჩნია და რაც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, მასზე უარის თქმა გამართლებული ვერ იქნებოდა. მე ამას ახლა ცოტა შელამაზებულად ვამბობ. ხვალ-ზეგ ეს საკითხი შეიძლება რაღაც დოზით სადაო გახდეს იგივე ჩემ სასამართლოში და პირდაპირი შეფასებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ როგორც იურისტი გეტყვით, რომ არანაირი მორატორიუმი აქ გამოცხადებული არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს პირდაპირ კონსტიტუციური უფლება და ვალდებულებაა. პრეზიდენტი არ გახლავთ მართლმსაჯულების ორგანოს წარმომადგენელი, ის არის პირი, რომელსაც ექსკლუზიურად აქვს მინიჭებული ეს უფლებამოსილება, რასაც შეწყალება ჰქვია. ეს არის გათვალისიწინებული ზუსტად იმ კონკრეტული შემთხვევებისათვის, როდესაც თვითონ შეწყალება, რასაც ნიშნავს გინდა ფილოსოფიურად, გინდა მორალურად, გინდა ჰუმანურად, ეს აქტი განახორციელოს“, - განაცხადა ზაზა თავაძემ.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ზაზა თავაძეს უსმენენ. ზაზა თავაძე ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს.