ხვალიდან სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება

ხვალიდან სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან აბსოლუტურად ღია საუბარი შედგა მიმდინარე პრობლემებზე.

„ჩვენ გვერდს ვერ ავუვლიდით ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. ყველას მოგვეხსენება, რომ სამწუხაროდ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის საზღვრის მონაკვეთები, რომლებიც არ არის დადგენილი, ეს არის ჩვენი პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა და 25 წელია ეს პრობლემა ვერ მოგვარდა. პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს. რა თქმა უნდა, მე სრულად შემიძლია ამას დავეთანხმო, რამეთუ მეგობრებს და პარტნიორებს ისტორია და გეოგრაფია კი არ ყოფს, არამედ, აკავშირებს.

სწორედ ამ საფუძველზე ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ღია საუბარი მიმდინარე პრობლემებზე და როგორც შედეგი შემიძლია გითხრათ, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება და შესაბამისად, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად ამ მიმართულებით უნდა გვქონდეს სერიოზული პროგრესი. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესების გათვალისწინებით, ისტორული მემკვიდრეობის და ისტორიის გათვალისწინებით. ეს არის ჩვენი მიდგომის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.