ნიდერლანდებში მალაიზიური ბოინგის საქმეში უკრაინის როლის შესწავლა სურთ

ნიდერლანდებში მალაიზიური ბოინგის საქმეში უკრაინის როლის შესწავლა სურთ

ნიდერლანდების პარლამენტის წევრის "ქრისტიან-დემოკრატებიდან" კრის ვან დამის განცხადებით, დეპუტატებმა დონეცკის ოლქში ჩამოვარდნილი მალაიზიური ბოინგის საქმეში უკრაინის როლთან დაკავშირებით დამატებით გამოძიებას მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ კრის ვან დამმა Twitter-ზე დაწერა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.


როგორც დეპუტატი ამბობს, გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს, გამოძიებამ კი უნდა დაადგინოს, რატომ არ დახურა უკრაინამ საჰაერო სივრცე, იმის გათვალისწინებით, რომ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა.


მალაიზიური ბოინგის ავიაკატასტროფის საქმეში უკრაინასთან დაკავშირებით დამატებითი გამოძიების ჩატარების შესახებ ცნობილი 2 ოქტომბერს გახდა, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა,  სტეფ ბლოკმა განაცხადა, რომ ამ მხრივ არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რუსეთის მხრიდან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი იქნება. ოქტომბრის დასაწყისში ნიდერლანდებმა რუსეთის პროკურატურას ბოინგის ჩამოვარდნის საქმეზე მოწმის, ვლადიმირ ცემახის მოძებნაში დახმარება სთხოვა.


ცემახი, რომელიც დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საჰაერო თავდაცვის ბრიგადების ყოფილი ხელმძღვანელია, უკრაინის სააპელაციო სასამართლომ სექტემბრის დასაწყისში პატიმრობიდან გაათავისუფლა. ის რუსეთ-უკრაინას შორის გასაცვლელი პატიმრების სიაში იყო.


პატიმრობიდან გათავისუფლებამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ცემახი უკრაინის ტერიტორიაზე უკვე დაკითხეს.


2019 წლის ივლისში მალაიზიური ბოინგის საქმეზე ბრალი წარედგინათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს გენერალ-მაიორს სერგეი დუბინსკის, სეპარატისტების ერთ-ერთ ლიდერს იგორ გირკინს, პოლკოვნიკ ოლეგ პულატოვს და უკრაინის მოქალაქეს ლეონიდ ხარჩენკოს.


საერთაშორისო საგამოძიებო გუნდმა, 24 მაისს "მალაიზიის ავიახაზების" ანგარიში წარადგინა. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ "ბუკი", რომლიდანაც MH17 ჩამოაგდეს, კურსკთან არსებულ 53-ე საზენიტო ბრიგადიდან წაიღეს. რუსეთი მალაიზიური "ბოინგის" ჩამოგდებას კატეგორიულად უარყოფს.


ამერიკის შეერთებული შტატები სრულებით ენდობა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფს, რომლის დასკვნითაც, მალაიზიური „ბოინგი“ რუსული „ბუკით“ ჩამოაგდეს.


2014 წელს თვითმფრინავი, რომელიც ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის მიმართულებით ასრულებდა რეისსს, 2014 წლის 17 ივლისს დონეცკის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდა. დაიღუპა 283 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი.