დღეს მოხვედით ნამეცადინები? - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს და მოქმედ გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს.
დეპუტატმა მას იუსტიციის საბჭოში გასაუბრების დროს ნათქვამი მისივე ფრაზა გაახსენა - „თქვენ ხომ არ გგონიათ რომ აქ ნამეცადინები მოვდივარ?“.
„გავიგეთ, რომ არ გაგიმართლათ და ასეთ საოცარ უნივერსიტეტში სწავლობდით, რომელიც თვითონვე აყალბებდა თავისივე დოკუმენტებს, თქვენ კი არა ის,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მან ასევე სამი კურსელის დასახელება სთხოვა შალვა თადუმაძეს, მოგვიანებით კი - 3 ლექტორის. ორივე შემთხვევაში შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ 10 სახელის და გვარის დასახელება შეუძლია, თუმცა, მათგან ამის ნებართვა არ აუღია და ვერ დაასახელებს.
„შალვა თადუმაძის კურსელობა გამამტყუნებელი განაჩენია? კურსელების დასახელება ყოფილა მათი შეურაცხყოფა, ამხელა საზოგადოებრივი ინტერესია და გსურთ, კითხვები მოიხსნას და სამ კურსელს ვერ პოულობთ, რომ საზოგადოებას უთხრათ, გამოვიდოდნენ და იტყოდნენ, რომ ერთად სწავლობდით,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.