კომაროვის სკოლაში, თემაზე – “მე მიყვარს ჩემი პოლიცია“ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს, ჯილდოდ 800 ლარს დაპირდნენ. პრესა.გე კომაროვის სკოლის ორ მოსწავლეს, მშობლების თანდასწრებით შეხვდა და ესაუბრა. ბავშვებისა და მშობლების თხოვნით, მათ ვინაობას გასაგები მიზეზების გამო არ ვასახელებთ, რისთვისაც ჩვენს მკითხველს ბოდიშს ვუხდით.
ბავშვებს გამოუცხადეს, რომ კონკურსი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დავალებით ტარდებოდა. პრესა.გე ამავე უწყების პრესსამსახურის უფროსს, ნინო პოტრბჟებსკაიას ტელეფონით დაუკავშირდა და ამ ინფორმაციის გადამოწმება სცადა. ქალბატონმა ნინომ ყურადღებით მოისმინა ჩვენი კითხვა – მართლა თქვენი სამინისტროს განკარგულებით ტარდება კონკურსი თემაზე – “მე მიყვარს ჩემი პოლიცია“? რის შემდეგაც მოკლედ მოგვიჭრა – “კითხვა გამოგვიგზავნეთ მეილით. დიდი მადლობა“ და ტელეფონი გათიშა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს მეილზე ორი კითხვა გავუგზავნეთ. ჩვენს მკითხველს პასუხს მოსვლისთანავე ვაცნობებთ, მაგრამ მანამდე კომაროვის სკოლის მოსწავლეების ნაამბობს გთავაზობთ, რის შემდეგაც წაიკითხვათ აკადემიკოს შოთა ნადირაშვილის შეფასებას, ამ კონკრეტულ შემთხვევაზე.
აი, რა გვიამბო კომაროვის სკოლის მოსწავლემ (სტილი დაცულია):
“სადღაც ხუთი დღის წინ გაკვეთილზე მეთორმეტე კლასელი გოგო შემოვიდა და გვითხრა: “დირექციამ გამომიშვა, ყოველგვარი კომენტარებისგან თავი შეიკავეთ, არავითარი ხმა არ გავიგო; განათლების სამინისტროსგან არის ასეთი თემა მოცემული, კონკურსივით – “მე მიყვარს ჩემი პოლიცია“. უნდა დაწეროთ რამე პროზაული, ან რაიმე ისეთი, პოემა, მხატვრული ნაწარმოები, ან დახატოთ სურათები და პირველ ადგილზე გასული მიიღებს 800 ლარს; მეორე და მესამე ადგილზე გასულებიც პრიზებს მიიღებენო“. მაგრამ ჩვენს კლასში მსურველი არ იყო, არავინ.
თან რაღაც ფურცელი ჰქონდა მოტანილი და იმაზე ეტყობა გვარები ეწერა, მაგრამ
ჩვენს კლასში მსურველი არ ყოფილა. ჩვენ დავიწყეთ სიცილი, რა პატრულიო?! პარალელურ კლასებში ვიცნობ ბავშვებს და იმათმა თქვეს, რა სისულელეაო. ყველა ასე ამბობდა, ვისაც ვკითხე“.
კომაროვის სკოლის კიდევ ერთი მოსწავლის ნაამბობი (რომლის კლასში ასევე შევიდა მეთორმეტე კლასის მოსწავლე და თქვა, რომ დირექციის დავალებას ასრულებდა):
“პატარა გოგო იყო, მეთორმეტე კლასელი. გვითხრა რომ პლაკატზე უნდა დაგვეხატა, შეგვეძლო სურათი მიგვეძღვნა, მოთხრობა დაგვეწერა პოლიციელებზე, რომ “ჩვენ გვიყვარს პოლიცია“. ფულადი პრიზები იქნებაო, – თქვა, მაგრამ თანხა არ უთქვამს, რამდენი. ჩვენთან 30–ნი ვართ და არ ყოფილა მსურველი. მე რატომ არ მივიღე მონაწილეობა?! – რა ვიცი, მე მეზარებოდა, არ მიყვარს“.
ფსიქოლოგს, აკადემიკოს შოთა ნადირაშვილს ვთხოვეთ ამგვარი კონკურსის მოწყობის შეფასება, რაზეც ასეთი პასუხი მივიღეთ:
“ეს ძალიან მიუღებელია. ეს ისეთი ასაკია, როდესაც მათი მე-ს ჩამოყალიბება ხდება. ისინი ცდილობენ თვითონ მოახდინონ გავლენა სხვებზე – მშობლებზე, მასწავლებლებზე და ჩამოაყალიბონ თავისი მე, რომ არის დამოუკიდებელი ერთეული. ამ ასაკში პიროვნებების აღქმის წინა საფეხური იწყება. ასეთ დროს ძალადობით ზემოქმედება მის მიერ განიცდება, როგორც მისი პიროვნების განვითარებაში, მისი მე-ს დათრგუნვის ცდა. ამ დროს ისინი ცდილობენ იყვნენ აქტიურები, თავის თანატოლებმა დააფასონ...
ისინი ცდილობენ, პოლიციის ზეგავლენა აიცილონ. ასეთი ზეგავლენა მათ ძალიან უარყოფით მოვლენად მიაჩნიათ. ასეც არის, სანამ არ ჩამოყალიბდებიან და ზრდასრულ ასაკს არ მიაღწევენ, გარედან ამგვარი ფორმით ჩარევა მათთვის უარყოფითი, მიუღებელია და მათში დადებითს არაფერს იწვევს. ასე რომ ეს ძალიან ცუდი ფორმაა და ფსიქოლოგიურად, მათი პიროვნების ჩამოყალიბების გზაზე დამთრგუნველი ტენდენციის შეტანაა“.
შოთა ნადირაშვილის განმარტებით, ამგვარი კონკურსის ჩატარების იდეის ავტორები ფსიქოლოგიის დიდი მცოდნეები არ არიან; მათი მიზანია ადამიანებზე პოლიციის ზემოქმედება გააძლიერონ და ხელისუფლების იმ პოლიტიკის მორჩილი გახადონ, რასაც პოლიცია ატარებს:
“მათ უნდათ დამორჩილებული საზოგადოება, რაც კარგია სამართავად. რაც შეეხება ფულად პრიზს, ეს კიდევ უარესია. ბავშვები ამასაც განიცდიან ზემოქმედების ძალიან ცუდ, მკაცრ ფორმად. ესეც არ არის კეთილშობილი საქციელი. ეს ხომ არ არის მწერლობაში, მხატვრობაში რაიმე წარმატების გამო დაწესებული ჯილდო?! ესაა პიროვნების ჩამოყალიბებისას ცუდი, მიუღებელი, ხელისშემშლელი წაქეზება, რაც ნახევრად ცნობიერად და ნახევრად არაცნობიერად განიცდება. ეს არის ცუდი საქმე“.