„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას მოსაზრებით, 2020 წელს, პროპორციული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც ბუნებრივი ბარიერის პირობებში გაიმართება, კოალიციური მთავრობის შექმნა მარტივი არ იქნება, თუმცა, საქართველო მზად არის ეს ეტაპი გაიაროს.
„არ არის მარტივი კოალიციების შექმნა და ამაზე მეტყველებს არაერთი ევროპული ქვეყანა, სადაც ძალიან ხანგრძლივი მოლაპარაკებებიც არის ხოლმე კოალიციური მთავრობების შესაქმნელად, თუმცა ჩემი აზრით საქართველო მზად არის იმისთვის, რომ ეს ეტაპიც გაიაროს. ჩვენ ვნახეთ ერთ პარტიულმა მმართველობამ სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა. ჩემი აზრით, ახლა ნამდვილად დადგა იმის დრო, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა გვერდზე გადადონ ვიწროპარტიული განსხვავებები და თუ სტრატეგიული მიზნები აერთიანებთ, და ეს არის ჩვენი ქვეყნის დასავლური ორიენტაცია, შეძლონ ერთმანეთთან თანამშრომლობა, შექმნან კოალიციური მთავრობა, სადაც ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დაცვა იქნება უფრო მარტივი, სადაც სხვადასხვა შტოებს შორის ბალანსი , ერთმანეთზე ზედამხედველობის ფუნქციის განხორციელება იქნება უფრო მარტივი“, - აცხადებს თინა ბოკუჩავა სააგენტოსთან საუბრისას.
ცნობისთვის, კონსტიტუციაში შედის ცვლილება, რომლის თანახმადაც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, ბუნებრივი ბარიერის პირობებში გაიმართება. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი პროექტის თანახმად უქმდება საარჩევნო ბლოკები. ოპოზიცია ხელისუფლებას საკუთარ ვერსიას სთავაზობს, რომ დაშვებული იყოს ბლოკები, თუმცა მასზე 3%-იანი ბარიერი იყოს დადგენილი. თუმცა, ოპოზიციის ამ შეთავაზებას „ქართული ოცნება“ არ თანხმდება.