საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე დიპლომის ნამდვილობას კვლავ ვერ ადასტურებს. მთავარი მბრალდებელის დიპლომის ავთენტურობასთან დაკავშირებით კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც მასში გარკვეული უზუსტობები აღმოჩნდა.
კერძოდ, შალვა თადუმაძის დიპლომში მითითებულია, რომ მან “თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში“ 1993 წელს ჩააბარა, ეს მაშინ, როცა თავად სასწავლებელი 1994 წელს არის დაფუძნებული. შეუსაბამობა იკვეთება ასევე, ინსტიტუტის დამთავრების თარიღთან დაკავშირებითაც. კერძოდ, დიპლომში 1998 წელია მითითებული, შალვა თადუმაძეს ბიოგრაფიაში კი 1999 წელი აქვს აღნიშნული.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, იურისტი ლია მუხაშავრია “2020NEWS”-თან აცხადებს, რომ მთავარ პროკურორს დიპლომი გაყალბებული აქვს.მისი თქმით, სხვა შემთხვევაში, შალვა თადუმაძე დიპლომის ნამდვილობას აუცილებლად დაადასტურებდა.
“90 -იან წლებში უმაღლესი სასწავლებლები იხსნებოდა ყველა სადარბაზოში, სადაც კი შეიძლებოდა. არ გამოვრიცხავ, რომ იმ პერიოდში შალვა თადუმაძე მართლაც სწავლობდა, მაგრამ შესაბამისი დიპლომი არა აქვს და ამიტომ იძულებულია, უხერხულ სიტუაციაში ჩაიყენოს თავი.სირცხვილია, ადამიანი დაინიშნა გენერალურ პროკურორად, ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე აქვს პრეტენზია და დიპლომის ნამდვილობას ვერ ადასტურებს. დიპლომში ეს შეუსაბამობა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ შენიშნა?! ამისთვის საკმარისზე მეტი დრო არსებობდა. მგონია, რომ თადუმაძის დიპლომი ნამდვილი არ არის და ყალბია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ხელს რა უშლის, რომ ასეთი ელემენტარული საკითხი დააზუსტოს?! მისთვის ამ საკითხში თავის გამართლება სავალდებულოა“,- განაცხადა ლია მუხაშავრიამ.
დღეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს გენერალურ პროკურორს დიპლომთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების გაცემისკენ და შესაბამის უწყებებს დოკუმენტის შესწავლისკენ მოუწოდებს.
“იმ ფონზე, როდესაც შალვა თადუმაძე იკავებს ქვეყანაში ერთ-ერთ უმაღლეს თანამდებობას და პარალელურად, მონაწილეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში, კითხვები მის განათლებასთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს. მითუმეტეს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება უზენაეს სასამართლოში მისი უვადოდ გამწესება და შემდგომ თავმჯდომარედ არჩევა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ შეისწავლონ შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის საკითხი და დასაბუთებული პასუხი გასცენ ლეგიტიმურ კითხვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიპლომის ნამდვილობა არსებული მდგომარეობით ეჭვქვეშ დარჩება, რაც მნიშვნელოვან რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტებს“,- აღნიშნულია განცახდებაში.
დიპლომში არსებული დარღვევების ფონზე, საქართველოს გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს. საკანონმდებლო ორგანოში მისი გასაუბრება ხვალ გაიმართება. როგორც მთავრ პროკურატურაში “2020NEWS“ -ს განუცხადეს, შალვა თადუმაძე დიპლომთან დაკავშირებულ კითხვებს სწორედ ხვალ პარლამენტში უპასუხებს.